მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცირე ფეროშენადნობების საწარმოებმა მუშაობა ელექტროენერგიის გაძვირების გამო გააჩერეს - AMB Alloys

ილია გოგსაძე

ფეროშენადნობების საწარმოების ნაწილში აცხადებენ, რომ დარგში მომუშავე კომპანიების ოპერირების შეჩერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მიმდინარე წლის 1 აპრილიდან ელექტროენერგიის გაძვირებაა.

როგორც კომპანია AMB Alloys-ის აღმასრულებელი დირექტორი BMG-სთან აცხადებს, „ენერგო პრო ჯორჯიას“ განაწილების ტარიფის ზრდამ საბოლოო გავლენა მსხვილი საწარმოების მიერ შესასყიდი ელექტროენერგიის ღირებულებაზეც მოახდინა და საწარმოებს ერთი კილოვატი ელექტროენერგია დაახლოებით 3 თეთრით გაუძვირდათ. მისი თქმით, უშუალოდ AMB Alloys-მა წარმოება მაისში გააჩერა, კიდევ რამდენიმე მცირე საწარმომ კი ზაფხულის განმავლობაში შეწყვიტა ოპერირება.

ილია გოგსაძე ასევე აღნიშნავს, რომ ზაფხულის პერიოდში, როდესაც ქვეყანას ჭარბი ენერგია ჰქონდა და ამ მიზეზით გენერაციის შეზღუდვაც გახდა საჭირო, საწარმოებმა ეკონომიკის სამინისტროს და შესაბამის სტრუქტურებს თხოვნით მიმართეს, რომ დარგში მოქმედ კომპანიებს შედარებით იაფ ელექტროენერგიაზე ჰქონოდათ წვდომა, თუმცა უწყებისგან შესაბამისი პასუხი ვერ მიიღეს.

„ის რესურსი და შესაძლებლობა, რომელიც სეზონურად გვქონდა, მხედველობაში მაქვს გაზაფხული-ზაფხულის პერიოდი, ჭარბი ნალექების პირობებში შედარებით იაფი ჰიდრორესურსების ელექტროენერგია, რომლის ათვისებაც შესაძლებელი იყო ჩვენი მეშვეობით. ერთი მხრივ, ეს მოგვცემდა შესაძლებლობას, რომ ელექტროენერგიის ეფექტური ათვისება მომხდარიყო, არ მომხდარიყო [წყლის] დაღვრა, რაც მოხდა სამწუხაროდ და ამავდროულად, ეს გარკვეულ სტიმულს მისცემდა კომპანიებს, განსაკუთრებით მათ, რომლებიც წლების განმავლობაში გაჩერებულები იყვნენ, განეახლებინათ საწარმოო პროცესები და იმ კომპანიებს, რომლებიც ოპერირებდნენ, შეენარჩუნებინათ საწარმოო სიმძლავრეები. ეს სამწუხაროდ ვერ განხორციელდა და მივიღეთ ის მოცემულობა, რომ 2026 წლის ზაფხულში ის მცირე საწარმოები, რომლებიც ფუნქციონირებდნენ, ოპერირება შეაჩერეს და დღეის მდგომარეობით ეს მოცემულობა გრძელდება.

ის ერთ-ერთი ნეგატიური ფაქტორი, რამაც კონკრეტულად ჩვენი კომპანიის და არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის გაჩერება გამოიწვია, არის ის, რომ 1 აპრილიდან გაიზარდა განაწილების ტარიფი, რამაც ყოველ დახარჯულ ერთ მეგავატ ელექტროენერგიაზე დამატებითი ფინანსური ვალდებულება გააჩინა 35-40 ლარის ფარგლებში. თუ ავიღებთ იმას, რომ საშუალოდ ერთი ტონა სილიკომანგანუმის წარმოებისათვის 5.5 მეგავატი ელექტროენერგიაა საჭირო, ვნახავთ რა მოცულობით გაიზარდა აღნიშნული ტარიფის ცვლილების პირობებში კომპანიის ფინანსური ვალდებულებები“, - განაცხადა ილია გოგსაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები