მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ENKA Renewables-ი ნამახვანჰესის პროექტზე მოსახლეობის პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელებს

5fb266b5a2a29
BM.GE
16.11.20 15:51
931
24-ე დღეა, რაც რიონის ხეობის მაცხოვრებელთა ნაწილი ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობას აპროტესტებს, რის გამოც მათ პროექტის განმახორციელებლის, ENKA Renewables-ის კუთვნილი კერძო ტერიტორიაც დაიკავეს, სადაც კარვები გაშალეს. ამის შედეგად კი კომპანიას საინჟინრო სამუშაოების გაგრძელებაში შეუშალეს ხელი. საპროტესტო აქცია გაიმართა შაბათსაც, როდესაც დემონსტრანტებმა ქუთაისიდან ლეჩხუმისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილის ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა აქცია დაშალეს. 

დღეს ENKA Renewables-მა გაავრცელა ანონსი, რომ კომპანია უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადების გავრცელებას გეგმავს.

“ჩვენ ვითვალისწინებთ საზოგადოების მაღალ ინტერესს პროექტის მიმართ და განსაკუთრევულ პატივს ვცემთ მედიასაშუალებებს, რომლებიც საზოგადოების ინფორმირებას ემსახურებიან. უახლოეს მომავალში ჩვენ შემოგთავაზებთ კომპანიის განცხადებას, რათა კიდევ ერთხელ გაეცეს ამომწურავი პასუხები არსებულ კითხვებს პროექტთან დაკავშირებით", - ნათქვამია ENKA Renewables-ის პრესსამსახურის განცხადებაში.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ დემონსტრანტები პროექტის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქციის გამართვას აანონსებენ.

დემონსტრანტებმა კარვების დადგმამდე 29 ოქტომბერს საპროტესტო აქციაც გამართეს და მშენებლობის ადგილას ჯვარიც აღმართეს. კონკრეტულ ტერიტორიამდე ჯვარის ატანის პროცესში მათ წინააღმდეგობა გაუწია პოლიციამ, თუმცა საბოლოოდ მოსახლეობამ ჯვრის აღმართვა მაინც მოახერხა. აღნიშნული ტერიტორიიდან კომპანია ENKA-მ ტექნიკა მეორე დღეს, 30 ოქტომბერს გაიყვანა.

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. 430-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვთ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია. ამჟამად პროექტის ფარგლებში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

ENKA სტამბოლის ბირჟაზე კვოტირებული ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა: მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $5 მილიარდ დოლარს შეადგენს, 2019 წელს კი ბრუნვა $1.9 მილიარდი დოლარი იყო.

ENKA-ს ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პორტფელში ევროპაში, აზიაში, ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში განხორციელებული მსხვილი პროექტები შედის. მათ შორისაა 790-მეგავატიანი თბოსადგური ნიდერლანდებში, 4000 მგვტ ჯამური დადგუმილი სიმძლავრის მქონე სამი ელექტროსადგური თურქეთში, რომლებსაც თავად ENKA ფლობს და ოპერირებს, ასევე სხვა რიგი ენერგოობიექტები თურქეთში, რუსეთში, ერაყსა და ლიბიაში. ამ პროექტების ჯამური დადგმული სიმძლავრე 21,000 მეგავატს აღემატება.