მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ეპიდემია, ღამურები და ადამიანები: პანდემიის აფეთქების რისკების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება მისი პრევენციაა“

5fc66de5aec25
BM.GE
01.12.20 20:35
1112
საქართველოში ისრაელის ელჩის რან გიდორის მოსაზრება

საქართველო, სამწუხაროდ, მსოფლიოს სხვა ბევრი ქვეყნის მსგავსად, ამჟამად კორონა ვირუსის „მეორე ტალღას“ განიცდის, რომელიც, როგორც ჩანს, ბევრად აღემატება პირველს. ისრაელი ახლახანს გამოვიდა უკვე მეორე მკაცრი იზოლაციის/კარანტინის რეჟიმიდან, რაც ქვეყანაში დაინფიცირებულთა რიცხვის შემაშფოთებელ ზრდას მოჰყვა. ჩვენი პლანეტის მილიარდობით ადამიანი იმედოვნებს, რომ სწრაფად მიაკვლევენ ვირუსის შედეგიან მკურნალობას, ვაქცინას ან წამალს და 2021 წელი უკეთესი იქნება.

თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ, დიდი ალბათობით, „ასეთი პანდემიები მომავალში იქნება უფრო ხშირი, გავრცელდება უფრო სწრაფად, უფრო მეტ ზიანს მიაყენებს მსოფლიოს ეკონომიკას და უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს ვიდრე კოვიდ 19, თუ საფუძვლიანად არ შეიცვლება ინფექციურ დაავადებებთან გამკლავების მიდგომა“. ეს გახლავთ მკაცრი გაფრთხილება, რომელსაც ვკითხულობთ ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემის მომსახურების შესახებ სამთავრობათაშორისო სამეცნიერო-პოლიტიკური პლატფორმის (IPBES) მიერ ბიომრავალფეროვნებასა და პანდემიებზე მომზადებულ ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი ადამიანის ხელით და მის მიერ ბუნებრივი სასიცოცხლო-საარსებო გარემოს მუდმივ განადგურებასა და ეპიდემიების აფეთქებებს შორის. ასევე, ნათქვამია, რომ, სავარაუდოდ, ძუძუმწოვრებსა და ფრინველებში ბუდობს დაახლოებით 850,000-მდე ვირუსი, რომლებიც შესაძლოა გავრცელდეს ადამიანებშიც და, შესაბამისად, მოუწოდებს ყველას არა მხოლოდ ეპიდემიის გავრცელების შეკავებისკენ ვაქცინების, მკურნალობისა და წამლების საშუალებით, არამედ მისი პრევენციისკენაც.

კორონავირუსის პანდემიამ გვაიძულა კიდევ უფრო მეტად გავამახვილოთ ყურადღება იმ მზარდ კავშირზე, რომელიც არსებობს ბუნებრივი საარსებო გარემოს განადგურებასა და ისეთ ზოონოზიურ (წარმოშობის ბუნებრივი წყაროს მქონე) დაავადებებს შორის, როგორებიცაა სარსი, შიდსი და ებოლა, რომლებიც გადაეცემა ცხოველებიდან ადამიანებს. ფაქტობრივად, დაავადებების 72% ცხოველური წარმოშობისაა. კორონავირუსიც, რომელიც ახლა უკვე მთელ მსოფლიოს მოედო, სწორედ ცოცხალი ცხოველების ბაზრიდან (ადგილი, სადაც ცოცხალი ცხოველები იყიდება საკვებ პროდუქტად) გავრცელდა.

სწორედ ამიტომ, მომავალში ეპიდემიების აფეთქების შესაძლებლობის შემცირების მიზნით, როგორც ზემოაღნიშნული, ასე გაეროს და საერთაშორისო ექსპერტების სხვა ანგარიშები მოგვიწოდებენ, მივიღოთ ეპიდემიების გავრცელების თავიდან აცილების ისეთი მიდგომა, რომელშიც შედის ადამიანის ცხოველებთან კონტაქტის შემცირება, რაც მიღწეული უნდა იყოს ადამიანის სურვილის მინიმიზაციით, გააფართოოს საქმიანობა ტყეებში, სავანებსა და დატბორილ ადგილებში. ადამიანების ასეთი მოტივაცია გამოწვეულია მათი სურვილით, გააფრთოვონ სასოფლო-სამუერნეო მიწები, ძირითადად, სასაქონლო მეურნეობის წარმოებისთვის.

თუმცა, დავფიქრდეთ იმაზე თუ როგორ ვაწარმოოთ მეტი საკვები ნაკლები მიწის გამოყენებით? იქნებ, ნაცვლად სასოფლო-სამეურნეო მიწების გაფართოებისა, მოვახერხოთ და გავზარდოთ წარმოების ეფექტიანობა? გამოვიყენოთ ნაკლები წყალი მეტი ხილისა და ბოსტნეულის მოსაყვანად? ვაწარმოოთ ხორცი ლაბორატორიებში და არ მოვიპოვოთ ის მუდმივად კლებად ტროპიკულ ტყეებში? უფრო მეტიც, შესაძლებელია თუ არა, შევამციროთ სასოფლო-სამეურნეო მიწები და მივცეთ აღდგენის საშუალება ისე, რომ არ უგულებელვყოთ ადამიანის მოთხოვნა საკვებსა და სასოფლო-სამეურნეო მარცვლეულზე? შესაძლებელია თუ არა, რომ არა მხოლოდ შევინარჩუნოთ არამედ გავაუმჯობესოთ კიდეც საკვების უსაფრთხოება (რაოდენობა) ისე, რომ შევამციროთ პანდემიების რისკები მომავალში?

ისრაელში არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩვენ გვჯერა, რომ დღეს ეს ყველაფერი შესაძლებელია უამრავი ახალი ტექნოლოგიების წყალობით, რომელთაგან ბევრი უფრო იაფი და მარტივიც კი არის ვიდრე ის, რაც დღეს გლობალურ ბაზარზე არსებობს. მაგალითად, წვეთოვან სარწყავ სისტემას შეუძლია ჩაანაცვლოს დატბორვითი მორწყვა. ეს უკანასკნელი ნაკლებად რენტაბელურია და იყენებს ბუნებრივი რესურსების უზარმაზრ რაოდენობას. გაწმენდილი საკანალიზაციო წყლის გამოყენებას სასოფლო-სამეურნეო და სარწყავი მიზნებისთვის შეუძლია დაზოგოს ბევრი მდინარე და დაიცვას ისინი დაბინძურებისგან. საკვები პროდუქტის სათბურებში ინტენსიურ მოყვანას შეუძლია ჩაანაცვლოს მარცვლეულით დაკავებული უზარმაზარი ტერიტორიები, დაზოგოს ფული და შეამციროს გარემოს დაბინძურება ნაკლები პესტიციდებისა და ქიმიური სასუქის გამოყენების შედეგად.

საქართველო, ისრაელისგან განსხვავებით, დალოცვილია წვიმის დიდი რაოდენობით და სასმელი წყლის რესურსით. მიუხედავად ამისა, საქართველოს ბევრი მდინარე და ტბა დაბინძურებულია ან ზედმეტ ექსპლუატაციას განიცდის და ქვეყნის ბევრ, შორეულ სოფლებს სასმელი წყალი არ მიეწოდება. MASHAV (ისრაელის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო) ბოლო პერიოდში აქტიურად არის ჩართული ისრაელში წარმოებული იაფი და მარტივად გამოსაყენებელი წყლის გამწმენდი დანადგარების მიწოდებაში გურიის სხვადასხვა სკოლებისთვის. გარდა ამისა, ისრაელის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო უზიარებს ჩვენს ქართველ პარტნიორებსა და მეგობრებს ინფორმაციას წყლის მარაგის მართვის, გაწმენდის, მარილებისგან დაწმენდისა და გაფილტვრის შესახებ.

ლაბორატორიებში ხორცის გამოყვანასა და მაღალი ხარისხის, ნაკლებად ძვირი და ხელმისაწვდომი მცენარეული პროტეინების წარმოებას შეუძლია გააუმჯობესოს მილიარდობით ადამიანის ხელმისაწვდომობა პროტეინზე და შეამციროს მათი საჭიროება, გაანადგურონ ბუნებრივი გარემო საქონლის, ცხვრის, ფრინველებისა და თევზის წარმოების მიზნით, რომლებსაც ადამიანები დიდი ოდენობით მოიხმარენ საკვებად. ზემოაღნიშნულს შეუძლია დიდი დახმარება გაუწიოს ადამიანებსა და ბუნებას შორის კონტაქტის შემცირებაში, ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებაში და, შესაბამისად, მომავალი ეპიდემიის აფეთქების შესაძლებლობის შემცირებაში.

ისრაელს, როგორც ლიდერ სახელმწიფოს სოფლის მეურნეობაში, წყლის რესურსების გამოყენებაში, ცხოველური პროტეინის კვლევასა და შექმნაში, ნახევრად გამოფიტულ ადგილებში ტყეების აღდგენასა და განახლებადი ენერგიის გამოყენებაში, ნამდვილად ბევრის შეთავაზება შეუძლია. ისრაელის კომპანიები და დამწყები მეწარმეები აღქმულნი არიან,როგორც ამ სფეროების ინოვატორები და პიონერები და შეუძლიათ ემსახურონ მნიშვნელოვან მიზანს, რაც მდგომარეობს ადამიანსა და თვითმყოფად ბუნებას შორის კონტაქტის შემცირებასა და ბუნებრივი ეკოსისტემის მოვლასა და დაცვაში. MASHAV უკვე 3 ათწლეულია აქტიურად მუშაობს საქართველოში და ტრენინგი ჩაუტარა 1 500-ზე მეტ ქალსა და მამაკაცს სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიების, საკვების უსაფრთხოების, თანამედროვე სარწყავი სისტემების, მარცვლეულის მოსავლის აღების შემდგომ პერიოდში დანაკარგების მინიმაზაციისა და „მწვანე ენერგიის“ მრავალფეროვან საკითხებზე. ისრაელის მოქალაქეებს უყვართ და პატივს სცემენ ქართულ სამზარეულოს, საჭმელსა და ღვინოს. ჩვენ ვერანაირ რჩევას ვერ მივცემდით ჩვენს ქართველ მეგობრებს იმაზე თუ როგორ გახადონ ცნობილი ხაჭაპური, ხინკალი და ჩურჩხელა უფრო გემრიელი, მაგრამ ნამდვილად გვსურს, დავეხმაროთ მათ, რომ მარცვლეულის კულტივირება და საკვების წარმოება გახდეს გარემოზე უფრო მეტად მორგებული და მისი ნაკლებად დამაზიანებელი.