მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსპორტის გაფართოება და წარმოების გაზრდა - Waime Spices-ის გეგმები

5ecbd78ee35dc
ვიქტორია მღებრიშვილი
26.05.20 09:00
1474
Waime Spices-ი უახლოეს მომავალში საექსპორტო ბაზრების გაფართოებას და წარმოების გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი გოგიამ განუცხადა.

გამოწვევების მიუხედავად Waime Spices-მა მათი დაძლევა და წარმოების ახალი გეგმებით და ახალი მიღწევებით განახლება შეძლო. 2-თვიანი გაჩერების შემდეგ საწარმომ ექსპორტზე პირველად, მათი ოპერირების განმავლობაში, ერთი მიმართულებით 645 კგ სუნელი გაიტანა. როგორც თავად კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, ზრდის ტენდენცია შემდგომ პერიოდშიც შენარჩუნდება.

გიორგი გოგიას საექსპორტო ბაზრების გაფართოებასთან ერთად წარმოების გაზრდაც აქვს დაგეგმილი.

„ამ ეტაპზე ვიკვლევთ ბალტიის ქვეყნებს და პოლონეთს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ბაზარზე სუნელები საკმაოდ მარტივად იყიდება, არ გვინდა ვიყოთ რუსეთზე დამოკიდებული, რადგან ქვეყნებს შორის ურთიერთობა არ გვაძლევს სტაბილურობის გარანტიას, ამიტომ ვცდილობთ საექსპორტი ქვეყნების დივერსიფიცირებას. ევროპაში აქამდე მცირე მოცულობის პარტიები ჩეხეთში და ლიტვაში გაგვქონდა. წელს პირველად საფრანგეთში, დაახლოებით, 200 კგ მოცულობის სუნელი გავიტანეთ“, - ამბობს Waime Spices-ის დამფუძნებელი.

2017 წლის შემდეგ, Waime Spices 2 ადამიანის დასაქმებით, თვეში 1.5 ტონა სუნელის წარმოებას ახერხებს, რომლის 70% ექსპორტისთვის არის განკუთვნილი, ხოლო 30% - ადგილობრივი ბაზრისთვის. როგორც გიორგი გოგია ამბობს, იმისთვის, რომ ექსპორტის გაზრდა და ბაზრების დივერსიფიცირება შეძლონ, წარმოება უნდა განვითარდეს და გაიზარდოს, სწორედ ამიტომ კომპანიის გეგმებში სამეგრელოში უფრო დიდი წარმოების ამოქმედებაა.

„გვინდა, სამეგრელოში პატარა საწარმოს ამოქმედება, რომელშიც, დაახლოებით, 10-11 ადამიანი დასაქმდება. ეს გაზრდის წარმოებას და ახლა თუ თვეში 1.5 ტონა სუნელს ვაწარმოებთ, ჩვენი წარმადობა 3-4 ტონამდე გაიზრდება და შესაძლებლობას მოგვცემს, მივიღოთ საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატი, რაც უცხოურ ბაზრებზე შესვლას და პოზიციონირებას გაგვიადვილებს. ამის განხორციელებას 2021 წლისთვის ვგეგმავთ“, - აცხადებს გიორგი გოგია.

მისი თქმით, წარმოების გაფართოებით ისინი ბაზარზე არსებული ნედლეულის სიმცირის პრობლემასაც გადაჭრიდნენ.

„ადგილობრივ ბაზარზე სუნელების წარმოებისთვის არასაკმარისი მოცულობის ნედლეულია, რაც ხშირად პრობლემებს გვიქმნის. წარმოების გაფართოებით კი, შევძლებთ ჩვენი ნედლეულის მოყვანას იქ არსებულ მიწის ნაკვეთზე და სუნელების წარმოებას; ასევე, ვითანამშრომლებთ სამეგრელოში ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათგანაც ჩავიბარებთ ნედლეულს“, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.