მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროპის ქვეყნებში სოციალურ საწარმოებს შეღავათები აქვთ, საქართველოში არა" - რა გამოწვევების წინაშეა "ბებიას"?

ბებიას

სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის არარსებობა, საგადასახადო შეღავათების დეფიციტი, ნედლეულის იმპორტი და სეზონურობა - "ბებიას" დამფუძნებლის, გიორგი ნოზაძის შეფასებით, ეს ის მთავარი ფაქტორებია, რომლებიც ქვეყანაში სოციალური საწარმოს განვითარებასა და გაფართოებას აფერხებს. ამის შესახებ გიორგი ნოზაძემ BMG-სთან ისაუბრა.

ბრენდი ხანდაზმული ქალბატონების დასაქმებასა და მათთვის შემოსავლის გაჩენას ისახავს მიზნად. თუმცა, როგორც გიორგი ნოზაძე განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ონლაინ არხებით რეკორდული რაოდენობის, 700-მდე ქუდი გაიყიდა, აღნიშნული გამოწვევების გამო საწარმო სრულფასოვან, თვითკმარ ბიზნესად გარდაქმნას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

სოციალური საწარმოს დამფუძნებლისთვის ნომერ პირველ გამოწვევას სახელმწიფოს მხრიდან შეღავათებისა და მხარდაჭერის არარსებობა წარმოადგენს. მისი თქმით, საქართველოში კანონმდებლობა სოციალურ საწარმოს არ ცნობს და მათ ჩვეულებრივ მოგებაზე ორიენტირებულ შპს-ებთან ათანაბრებს.

"ჩვენს მიმართულებას, რაც არის სოციალური მეწარმეობა, სახელმწიფოს მხრიდან არანაირი დახმარება არ აქვს. განვიხილებით, როგორც ჩვეულებრივი შპს: ვიხდით გადასახადებს, ვიბეგრებით და საშემოსავლო გადასახადს ვიხდით ყველა მქსოველი ბებიისთვის, რომელიც ანაზღაურებას იღებს.

წარმოიდგინეთ, ხანდაზმული ადამიანები შემოდიან საქმეში და მათ ნაცვლად ჩვენ სახელმწიფოს უდიდეს გადასახადს ვუხდით. ევროპის ქვეყნებში სოციალური საწარმოები ამ ტვირთისგან გათავისუფლებულები არიან. შესაბამისად, ეს არის უდიდესი პრობლემა - სოციალური საწარმოსთვის უნდა არსებობდეს გარკვეული პრეფერენციები, შეღავათები და ხელშეწყობა, რაც ჩვენთან საერთოდ არ არის", - აცხადებს გიორგი ნოზაძე.

საგადასახადო წნეხის გარდა, პრობლემურია საგრანტო რესურსებზე წვდომაც. დამფუძნებლის თქმით, დონორებისა და სახელმწიფო სააგენტოების პროგრამები ძირითადად ინოვაციურ ტექსტარტაპებზეა მორგებული.

"ჩემი შეხედულებით, საქართველოში ხანდაზმულების ან მოწყვლადი ჯგუფების დასაქმება თავისთავად უდიდესი სოციალური ინოვაციაა, მაგრამ ჩვენ ტექნოლოგიურ პროდუქტს ვერ შევქმნით. ამიტომ დაფინანსების მოზიდვა ძალიან გვიჭირს. ერთადერთი, რამაც კოვიდის დროს გადაგვარჩინა, იყო ორგანიზაცია CSRDG-ის (საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი) მიერ გაცემული გრანტი. მას შემდეგ ფინანსურ მხარდაჭერაზე ხელი პრაქტიკულად აღარ მიგვიწვდება", - ამბობს “ბებიას” თანადამფუძნებელი.

მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა ნედლეულის ბაზარია. "ბებიას" კონცეფცია მხოლოდ ნატურალურ მასალებს ეფუძნება. თავდაპირველად საწარმო ადგილობრივ ქართულ შალს იყენებდა, თუმცა დროთა განმავლობაში იძულებული გახდა, ნედლეული სრულად თურქეთიდან შემოეტანა.

"საქართველოში შალის ძაფის ერთადერთი საწარმო არსებობს და სამწუხაროდ, ისინი ყოველთვის ერთი და იგივე ხარისხისა და ფერის ძაფს ვერ გვაწვდიდნენ. ძაფი ხელით იღებებოდა და მუდმივად ინდეტური ფერის დასმა ძნელია. გარდა ამისა, იყო მოწოდების ვადების დარღვევა და ხარისხის დეფექტები: ერთ ნაწილში ძაფი თხელი იყო, მეორეში - სქელი, რაც მქსოველებს ერთგვაროვანი პროდუქტის გამოყვანას ურთულებდა", - განმარტავს ნოზაძე.

პარალელურად, მომხმარებელთა მოთხოვნამ აჩვენა, რომ თბილისის ზამთრის პირობებში ბამბა გაცილებით პოპულარულია, ვიდრე შალი, რადგან არ იწვევს კანის გაღიზიანებას. შედეგად, დღეს გაყიდვების 80% ბამბაზე მოდის. "ვინაიდან ბამბის წარმოება საქართველოში საერთოდ არ არსებობს, ყველა ვარიანტში იმპორტირება გვიწევს. თურქეთიდან შემოტანილი ძაფიც 100%-ით ნატურალურია, გაცილებით რბილი და რაც მთავარია, სტანდარტული. რა თქმა უნდა, იმპორტი პროდუქციის თვითღირებულებას ზრდის, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვქონდა”.

საწარმოს მიზანი ქართველი ბებიების მიერ მოქსოვილი ქუდების ექსპორტზე გატანაა, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირება წარმოების მოცულობასა და ლოგისტიკურ სირთულეებს უკავშირდება, რადგან საქართველოდან ამანათის აშშ-ში გაგზავნას 3 კვირა სჭირდებოდა, რაც საერთაშორისო მყიდველისთვის მიმზიდველი არ არის.

რაც შეეხება Amazon-ს - გლობალურ პლატფორმასთან ინტეგრაციას პროდუქციის მკაცრი სტანდარტიზაცია სჭირდება, რისი საშუალებაც ბრენდს აქამდე ჰქონდა.

"ვიდრე ქართულ შალზე ვმუშაობდით, ხელნაკეთი ნივთების სტანდარტიზაცია შეუძლებელი იყო - ყველა ნივთი განსხვავებული გამოდიოდა. თურქულ ბამბაზე გადასვლამ, რომელსაც დიდი ქარხანა აწარმოებს, მოგვცა საშუალება, პროდუქტი დავასტანდარტოთ და Amazon-ზე გავიდეთ. მაღაზია უკვე შექმნილი გვაქვს და წელსაც ვაპირებდით გატანას, მაგრამ ნედლეულის შემოტანა დაგვიგვიანდა, წარმოება გვიან დაიწყო და მთელი მარაგი საქართველოს ბაზარს მოვახმარეთ. ამერიკაში გასაგზავნად პროდუქცია ფიზიკურად აღარ დაგვრჩა", - ამბობს გიორგი ნოზაძე.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემას თან ერთვის მკვეთრად გამოხატული სეზონურობა. საწარმოს აქტიური გაყიდვების ფანჯარა წელიწადში მხოლოდ შემოდგომა-ზამთარში გრძელდება.

"გაყიდვების ორი თვე გვაქვს, სადაც პიკია. სხვა დროს დღეში ბევრი ქუდი არ იყიდება. ამიტომ მაღაზიის გახსნა, საწყობის ქირაობა თუ მენეჯმენტის ანაზღაურება შეუძლებელია. დღეს მე, როგორც დამფუძნებელი, და ჩემი 3-4 კაციანი გუნდი მენეჯმენტს, ლოგისტიკას, საწყობსა და ბუღალტერიას სრულიად უსასყიდლოდ ვასრულებთ. საწყობიც ჩემს სახლშია. სხვას რომ ხელფასი გადავუხადოთ და საწყობი ვიქირაოთ, ბრენდი ვერ იარსებებდა. მოგების 100%-იან რეინვესტირებას ვახდენთ მასალების წინასწარ შესყიდვაში, ბებიებისთვის თანხის გადახდასა და მარკეტინგში”, - აღნიშნავს გიორგი ნოზაძე.

დამფუძნებლის შეფასებით, იმისთვის, რომ საწარმო მხოლოდ ქუდებით გახდეს სრულად თვითკმარი, წელიწადში 3 000-დან 5 000-მდე ერთეულის რეალიზებაა საჭირო

სეზონურობის რისკების დასაზღვევად "ბებიას" წარმოების დივერსიფიკაციას და ბებიების სამკერვალოს შექმნას გეგმავს. პროექტი საგაზაფხულო და საზაფხულო ნაწარმის გამოშვებას ითვალისწინებს, რაც ფულად ნაკადებს 12 თვეზე გადაანაწილებს.

"სამკერვალო პროდუქტის დასანერგად ინვესტიცია გვჭირდება. ჩვენს ბებიებს თანხას წინასწარ ვუხდით, მასალებსაც წინასწარ ვყიდულობთ. ამას დაახლოებით 100 000 ლარის ინვესტიცია დასჭირდება, და შევძლებდით, ძალიან სწრაფად გაგვეკეთებინა ის, რასაც საკუთარი ძალებით შეიძლება 3-4 წელი დასჭირდეს", - აღნიშნავს ნოზაძე.

გარდა ამისა, დამფუძნებლის თქმით, საწარმოს მთავარი მიზანი "ბებიების აკადემიის" გახსნაა - ცენტრის, სადაც ხანდაზმულ ქალბატონებს ქსოვასა და კერვას შეასწავლიან, რათა შემდგომ ისინი საწარმოში დასაქმდნენ.

“ჩვენი მიზანია, გავხდეთ მსხვილი ორგანიზაცია, რომელიც ასობით და ათასობით ბებიას დაასაქმებს. საკმარისი გაყიდვებისა და ბრუნვის მიღწევისთანავე ვგეგმავთ შევქმნათ ერთგვარი სასწავლო ცენტრი - „ბებიების აკადემია“.

ჩვენი მთავარი მოტივაცია სწორედ მათი დასაქმებაა - ამ საქმეს გაცილებით დიდი მასშტაბით ვუყურებთ, ვიდრე უბრალოდ ქუდების წარმოებას. გეგმები დიდია და იმედი გვაქვს, რომ ამ მიზანს მივაღწევთ“, - ამბობს გიორგი ნოზაძე.

სოციალური საწარმო “ბებიას” 2019 წელს, 20 000 ლარიანი პირადი ინვესტიციით შეიქმნა. კომპანია ამჟამად 7 ბებიას ასაქმებს, მათი მოქსოვილი ნივთები კი სხვადასხვა ონლაინ არხით რეალიზდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები