სოციალურ საწარმოთა ალიანსისა (SEA) და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, დღეს სოციალური მეწარმეობის მე-13 ფორუმი გაიმართება.
სოციალური მეწარმეობის ფორუმი 2012 წლიდან ტარდება და მისი მიზანი სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და საქართველოში განვითარებისათვის ხელშემწყობი ეკოსისტემის ფორმირებაა.
ფორუმი სოციალურ მეწარმეებსა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შორის საქმიანი კავშირების დამყარებისა და გაძლიერების საშუალებას იძლევა. ღონისძიებაში მონაწილეობენ სოციალური საწარმოები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და კერძო ინსტიტუციები, რომლებიც მხარს სოციალური მეწარმეობის განვითარებას უჭერენ.
წლევანდელი ღონისძიება სოციალური მეწარმეობის სექტორისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა: ორწლიანი პაუზის შემდეგ, პარტნიორი ბიზნეს ორგანიზაციების მხარდაჭერით, ფორუმი კვლავ ჩატარდება.
ღონისძიების ფარგლებში, მოწვეული სტუმრები შეაფასებენ სექტორის განვითარების 15-წლიან დინამიკას, გაეცნობიან სამომავლო შესაძლებლობებს და აღნიშნავენ სოციალურ საწარმოთა ალიანსის დაარსების 10 წლის იუბილეს. მდგრადი განვითარების გზაზე, სოციალური საწარმოებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრებენ ღონისძიების ოქროს სპონსორი კომპანიები.
ღონისძიება, ტრადიციულად, სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო დღეს ტარდება და წელს უერთდება ამ დღის ფარგლებში დაგეგმილ საერთაშორისო კამპანიას - „არაჩვეულებრივი ბიზნესი“ (Business Unusual). კამპანიის მთავარი გზავნილია, რომ დადებითი სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის შექმნა ბიზნესის დამატებითი ინიციატივა კი არა, თავად მისი ბიზნესმოდელი შეიძლება იყოს. სწორედ ეს არის ბიზნესის შექმნის არაჩვეულებრივი გზა.
კამპანია მიზნად ისახავს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნოს ამგვარი ბიზნესის არსებობა, გააერთიანოს სოციალური საწარმოები და მათ მხარდამჭერი ორგანიზაციები საერთო პლატფორმის ქვეშ და უფრო მარტივი გახადოს საზოგადოებისთვის იმ ბიზნესების აღმოჩენა, რომლებიც დადებით ცვლილებებს ქმნიან.
ქართული სოციალური საწარმოებისთვის კამპანიაში ჩართვა არის შესაძლებლობა, გააზიარონ საკუთარი საწარმოს ისტორია, მოუყვნენ საზოგადოებას მათი საქმიანობის შედეგების შესახებ და გახდნენ საერთაშორისო მოძრაობის ნაწილი, რომელიც ბიზნესის შექმნის არაჩვეულებრივ გზას წარმოაჩენს.
ამ დღის კულმინაციური მომენტი წლის სოციალური საწარმოს გამოვლენაა. 5-წევრიანი ჟიურის გადაწყვეტილებით ფინალისტი სოციალური საწარმოები: ბებიას, მეგობარი და პოტერია - გახდნენ. გამარჯვებული მიიღებს „წლის სოციალური საწარმოს“ სტატუსს და ფულად ჯილდოს საწარმოს განვითარებისთვის.
სოციალური საწარმო „ბებიას“
სოციალური საწარმო „ბებიას“ ქმნის ნატურალური და ორგანული მასალის ქუდებს, წინდებს, ხელთათმანებს და შარფებს. ნივთებს ქსოვენ თბილისში და თბილისთან ახლომდებარედ მცხოვრები ბებიები. „ბებიას“ სოციალური მისიაა ხანდაზმული ადამიანების და განსაკუთრებით ქალბატონების გაძლიერება მათი ღირსეული სიბერის უზრუნველსაყოფად. თითოეული ნახელავი უნიკალურია და სიმბოლოა სიყვარულის, ზრუნვისა და მდგრადობის. „ბებიას“, ერთი მხრივ, სახლში მყოფ ბებიებს საშუალებას აძლევს, გამოიმუშაონ შემოსავალი საყვარელი საქმით, ხოლო მეორე მხრივ, ქმნის მაღალი ხარისხის თბილ და ეკომეგობრულ პროდუქტს.
სოციალური სივრცე „მეგობარი“
სოციალური სივრცე „მეგობარი“ წარმოადგენს საერთო სამუშაო სივრცესა და კაფე-ბარს ზუგდიდში, რომელიც 2017 წელს შეიქმნა. „მეგობარი“ აერთიანებს უსასყიდლო სამუშაო სივრცეს ახალგაზრდებისთვის და კაფე-ბარს, საიდან მიღებული შემოსავლითაც ახალგაზრდების იდეებს უჭერს მხარს. „მეგობარის“ სოციალური მისიაა სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საერთო სამუშაო სივრცის შექმნა, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ, შეკრების, იდეების გაცვლის, ღონისძიებების დაგეგმვისა ან/და გამართვის. 2023 წლიდან „მეგობარი“ ადგილობრივ მუსიკის მოყვარულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას უქმნის, შეისწავლონ ელექტრონული მუსიკა და პროდიუსინგი. ამასთან ფუნქციონირებს 24 საათიანი ონლაინ რადიო, სადაც ყოველ ორშაბათს მეგრულენოვანი პოდკასტი გადის სოციალურ თემატიკაზე.
სოციალური საწარმო „პოტერია“
სოციალური საწარმო „პოტერია“ წარმოადგენს თიხისა და კერამიკის ხელნაკეთ ნივთების სახელოსნოს, რომელიც 2018 წელს პროფესიონალთა გუნდმა შექმნა ქართული ტრადიციული რეწვის დარგის - თიხისა და კერამიკის დამუშავების ტექნიკის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციისთვის. „პოტერიას“ სოციალური მისიაა სხვადასხვა საჭიროების მქონე ქალების, მათ შორის ძალადობის მსხვერპლი და კანონთან კონფლიქტში მყოფი ქალების, საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა ახალი პროფესიის ათვისებითა და შემოქმედებით სახელოსნოში დასაქმების მეშვეობით. სოციალური სახელოსნოს საქმიანობა ორმაგად მნიშვნელოვანია ვინაიდან მიზნობრივი ჯგუფის პროფესიულ გადამზადება - დასაქმებასთან ერთად, მოიცავს ასევე ერთგვარ არტ თერაპიას, რომელიც მათ რეინტეგრაციას უწყობს ხელს.
























