მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შარშან ბებიების მოქსოვილი რეკორდული რაოდენობის ქუდები გაიყიდა - როგორ ვითარდება სოციალური საწარმო "ბებიას"?

ბებიას

ხანდაზმული ქალბატონების დასაქმებაზე ორიენტირებული ქართული სოციალური საწარმო "ბებიას", 2025 წლის რეკორდული გაყიდვების შემდეგ, მიმდინარე სეზონზე გაყიდვების კიდევ უფრო ზრდას გეგმავს.

საწარმო, რომელიც 100%-ით ნატურალური მასალისგან დამზადებულ აქსესუარებს აწარმოებს, სამომავლოდ წარმოების დივერსიფიკაციას, სამკერვალო ხაზის დამატებასა და საერთაშორისო პლატფორმებზე (მათ შორის, Amazon-ზე) გასვლას განიხილავს.

ბიზნესმოდელის, საოპერაციო პროცესების, ნედლეულის იმპორტისა და ფინანსური გამოწვევების შესახებ BMG-ის საწარმოს თანადამფუძნებელი გიორგი ნოზაძე ესაუბრა.

როგორც ის აღნიშნავს, საწარმოს შექმნის იდეა ბაზარზე არსებულ ორ ძირითად ფაქტორს დაეფუძნა: თავად დამფუძნებლის ემოციურ კავშირს ბებიასთან და ხანდაზმული ქალბატონების წინაშე არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ ბარიერებს.

როგორც გიორგი ნოზაძე იხსენებს, ბავშვობაში ბებიას მოქსოვილი საყვარელი ქუდი დაკარგა, რომლის ხელახლა მოქსოვაც ბებიამ გარდაცვალებამდე ვეღარ მოასწრო.

"მივხვდი, რომ ამ ქუდში ძალიან ბევრი სითბო და სიყვარული იყო ჩადებული, რომელიც აღარ მქონდა. მივხვდი, რამდენად დიდი დადებითი ენერგეტიკის მატარებელი შეიძლება იყოს ნივთები, რომლებიც საყვარელი ადამიანების მიერ არის შექმნილი.

მეორე მხრივ, საქართველოში ბევრი ბებიაა, რომელმაც იცის ქსოვა და დამატებითი შემოსავალი სჭირდება. ჩვენი ამოცანაა, ერთის მხრივ, ამ ადამიანებს შემოსავალი და თვითრეალიზაციის საშუალება გავუჩინოთ, ხოლო მეორეს მხრივ - ბაზარს 100%-ით ნატურალური და მაღალი ხარისხის პროდუქტი მივაწოდოთ. ბევრისთვის ეს მხოლოდ ფინანსური სარგებელი არ არის; საქმეში ჩართულობა მათ სოციალურ აქტუალობასა და დაფასების შეგრძნებას უბრუნებს", - აცხადებს დამფუძნებელი.

ამ ეტაპზე საწარმოში 7 ბებიაა დასაქმებული. მათი შრომის მოდელი დისტანციური და მოქნილია: საწარმო თავად უზრუნველყოფს ბებიებისთვის ნედლეულის, დიზაინებისა და ვიდეოინქსტურქციების მიწოდებას, მქსოველები კი საკუთარი სახლებში მუშაობენ.

საწარმოს სეზონური წარმადობა ბებიების ინდივიდუალურ გრაფიკზეა დამოკიდებული. მაგალითად, მათმა ნაწილმა შესაძლოა თვეში 100 ერთეული ქუდი აწარმოოს, ნაწილი კი შედარებით მცირე პარტიებს ქსოვს.

"ბებიას" წარმოებაში 100%-ით ბუნებრივ მასალას იყენებს, თუმცა ბოლო პერიოდში კომპანიამ ადგილობრივი ნედლეულის იმპორტულით ჩანაცვლება გადაწყვიტა. დღეს ნედლეული სრულად თურქეთიდან შემოდის. ცვლილების მიზეზებად გიორგი ნოზაძე რამდენიმე ფაქტორს ასახელებს.

"ბოლო წლებში სრულად თურქეთიდან იმპორტირებულ ნედლეულზე გადავედით. ამას ორი მიზეზი აქვს: პირველი ის, რომ როდესაც ბამბის ხაზი დავნერგეთ, მომხმარებელში გაცილებით მოთხოვნადი აღმოჩნდა - დღეს გაყიდვების 80% სწორედ ბამბაზე მოდის, მისი წარმოება კი საქართველოში არ არსებობს. გარდა ამისა, ადგილობრივი კლიმატის გათვალისწინებით, ბამბა კანისთვისაც უფრო კომფორტულია.

რაც შეეხება შალს, ქართული ნედლეულის ჩანაცვლებაც მოგვიწია, რადგან ადგილობრივი მომწოდებელი ხარისხისა და ფერის სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფდა. თურქეთიდან შემოტანილი ძაფიც 100%-ით ნატურალურია, გაცილებით რბილი და ერთგვაროვანი. მართალია, იმპორტი პროდუქციას გარკვეულწილად აძვირებს, მაგრამ ხარისხის სტანდარტის შესანარჩუნებლად სხვა გამოსავალი არ გვქონდა”, - ამბობს გიორგი ნოზაძე.

დამფუძნებლის განმარტებით, თურქეთიდან იმპორტირებული რბილი და სტანდარტული ნედლეული გარკვეულწილად აძვირებს პროდუქციის თვითღირებულებას, თუმცა ხარისხის სტაბილურობის გარანტიას ქმნის.

კომპანიის ასორტიმენტი ამჟამად ქუდებს, წინდებს, ხელთათმანებსა და შარფებს აერთიანებს. გაყიდვები ძირითადად ციფრული არხებით, მათ შორის ვებგვერდიდან ხორციელდება.

"ბებიას" გაყიდვების დინამიკა წლიდან წლამდე მზარდია. თუ საწყის ეტაპზე, რუსთაველის გამზირზე გამართულ გარე გამოფენა-გაყიდვაზე საწარმომ სულ 60–70 ქუდი გაყიდა, გასულ წელს ონლაინ არხების მეშვეობით რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 700-მდე ერთეული რეალიზდა. მიმდინარე სეზონზე კი კომპანია გაყიდვების კიდევ უფრო გაფართოებას და მინიმუმ 1 000 – 1 200 ქუდის რეალიზებას გეგმავს.

საერთო გაყიდვებში მნიშვნელოვანი წილი კორპორაციულ სექტორზე მოდის - ეს მიმართულება რეალიზებული პროდუქციის დაახლოებით 30%-ს შეადგენს. საწარმო ბიზნესს პარტნიორობას, ბრენდირებულ საახალწლო სასაჩუქრე შეფუთვებსა და პერსონალიზებულ აქსესუარებს სთავაზობს. ამ მიმართულებით მოთხოვნა წელსაც აქტიურია და კომპანიას უკვე მიღებული აქვს ერთ-ერთი პირველი მსხვილი კორპორაციული შეკვეთა 60 ერთეულ ქუდზე.

საგარეო ბაზრებზე გასვლის კუთხით, კომპანიას პლატფორმა Etsy-ზე გაყიდვების გამოცდილება (აშშ-ის შუალედური საწყობით) ჰქონდა, თუმცა პირდაპირი გადაზიდვების ვადების გამო პროცესი დროებით შეჩერებულია. ნედლეულის სტანდარტიზაციის შემდეგ "ბებიას" Amazon-ზე შესვლას გეგმავს, თუმცა წელს ნედლეულის მოწოდების შეფერხების გამო, არსებული მარაგი სრულად ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება.

მიუხედავად ტრადიციული წარმოებისა, "ბებიას" საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაციისთვის ტექნოლოგიებს აქტიურად იყენებს. ონლაინ გაყიდვების მნიშვნელოვანი ნაწილი კომპანიის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტის - "ემას" მეშვეობით ხორციელდება.

"ემა" Facebook-სა და Instagram-ზე ავტომატურად იღებს მომხმარებლის შეკვეთებს, ამოწმებს ტრანზაქციებს და უკავშირდება საკურიერო სერვისებს. გარდა ამისა, ტესტირების ეტაპზეა ვირტუალური მორგების მოდული, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი ფოტოს ატვირთვისას ქუდის საკუთარ თავზე მორგებას შეძლებს.

გრძელვადიან პერსპექტივაში საწარმოს მიზანი "ბებიების აკადემიის" დაფუძნებაა - სასწავლო ცენტრის, სადაც ხანდაზმული ქალბატონები ქსოვისა და კერვის უნარებს შეიძენენ, რის შემდეგაც საწარმოში დასაქმდებიან. კომპანიის სტრატეგიული სამიზნე ასობით და ათასობით ბენეფიციარის ეკონომიკური გაძლიერებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები