ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, შესაძლებელია, რომ მომავალში სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული საგადასახადო შეღავათები გადაიხედოს და ის საბიუჯეტო პროგრამებით ჩაანაცვლონ, ვინაიდან ამ დარგში პროგრამების ეფექტურობა საგადასახადო დანახარჯებზე მაღალია.
მისივე თქმით, განათლებისა და ჯანდაცვის სექტორებში მოქმედი შეღავათების გაუქმება ან შეცვლა ამ ეტაპზე არ იგეგმება.
bm.ge-ს კითხვის საპასუხოდ, რომელიც 2025 წლის საგადასახადო დანახარჯების დოკუმენტს ეხებოდა სადაც აღნიშნულია, რომ საგადასახადო დანახარჯები დაახლოებით 6.8 მილიარდ ლარს მიაღწევს და ძირითადი წილი ისევ დღგ-ის შეღავათებზე (განათლება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა) მოდის კაკაურიძემ განმარტა, თუ რა ეტაპზეა არაეფექტური შეღავათების გაუქმების რეფორმა.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, შევაფასეთ ორივე მიმართულება. განათლებაზე და ჯანდაცვაზე გადახედვა ამ ეტაპზე არ იგეგმება. განათლება ყველგან გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ამიტომ ამ ნაწილში არანაირი ცვლილება არც მომავალში არ იგეგმება.
ჯანდაცვის შემთხვევაში არის ქვეყნები, სადაც შედარებით დაბალი განაკვეთით იბეგრება ჯანდაცვის სექტორი, თუმცა ჩვენს შემთხვევაში არ ვფიქრობთ, რომ ამასაც უახლოეს მომავალში რაიმე ცვლილება ექნება.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, დღეის მდგომარეობით უკვე სოფლის მეურნეობაში პროგრამების ეფექტურობა უფრო მაღალია, ვიდრე საგადასახადო დანახარჯების. ამიტომ შესაძლებელია, რომ მომავალში ეს გადაიხედოს, თუმცა ჯერ, მოგეხსენებათ, რომ პროგრამები სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახლად ჩამოყალიბდა. შესაბამისად, შეიძლება დაემატოს კიდევ გარკვეული პროგრამები და როდესაც უკვე სრული სახით იქნება პროგრამები, მერე ვიმსჯელებთ საგადასახადო დანახარჯების ჩანაცვლებაზე აღნიშნული პროგრამების მეშვეობით", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
























