მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა 2022 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეცვალა

62ea2eb684f18
შოთა ტყეშელაშვილი
03.08.22 12:14
1453
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის შესახებ მორიგი გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ი მას უცვლელად, 11%-ზე შეინარჩუნებს. დღესვე ეროვნულმა ბანკმა განაახლა ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი ეკონომიკური პროგნოზი და ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელი დონე 4%-დან 9%-მდე გაზარდა. 

ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ ამჟამად ქვეყანაში მზარდი ერთობლივი მოთხოვნა შეიმჩნევა, რასაც თან ერთვის ფულადი გზავნილების, საბანკო დაკრედიტებისა და ტურიზმის აღდგენის ტემპი, რაც მთლიანობაში ქმნის საფუძველს 9%-იანი ეკონომიკური ზრდისთვის. 

"ეკონომიკური აქტივობა სწრაფი ტემპით ზრდას განაგრძობს, რისი მნიშვნელოვანი ხელშემწყობიც ბოლო თვეებში ფულადი გადმორიცხვების რეკორდული დონე, აღდგენილი ტურიზმი და მაღალი დაკრედიტებაა. წინასწარი მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა. ინფლაციურ რისკებს ასევე ის ფაქტიც აძლიერებს, რომ, ერთმანეთის მიმყოლი შოკების ფონზე, ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივად არის გადახრილი.

მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად, საკრედიტო აქტივობა წლის განმავლობაში კვლავ მაღალია, რაც, ერთი მხრივ, სამომხმარებლო, ხოლო, მეორე მხრივ, უცხოური ვალუტით დაკრედიტების ჭარბი ზრდის შედეგია. შესაბამისად, სამომხმარებლო დაკრედიტების შესანელებლად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პარალელურად, მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებითი მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების გამოყენებას.

ამასთან, მოსალოდნელია, რომ აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების განხორციელებულ და დაანონსებულ ზრდას საქართველოში უცხოური ვალუტით დაკრედიტებაზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მსგავსი ეფექტი ექნება. მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი 2022 წლის ეკონომიკურ ზრდას 9 პროცენტზე პროგნოზირებს," - წერს ეროვნული ბანკი.