მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთჯერადი პლასტმასის პროდუქტების გამოყენება საქართველოში 5%-ით უნდა შემცირდეს - გეგმა

6197809e67a51
სალომე მეცხვარიშვილი
19.11.21 18:53
1388
2025 წლისთვის საქართველოში ერთჯერადი მოხმარების პლასტმასის პროდუქტების გამოყენება 5%-ით უნდა შემცირდეს, 2030 წლისთვის კი - 10%-ით. ამის შესახებ საუბარია პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნულ პროგრამაში, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.

დოკუმენტში განხილულია, საქართველოში პლასტიკის ნარჩენებთან დაკავშირებული სიტუაცია, მათი რაოდენობა და გაანალიზებულია, როგორ შეიძლება პლასტიკის ნარჩენების შემცირება; განსაზღვრულია კონკრეტული სამიზნე მაჩვენებლები, რომელსაც საქართველომ მომდევნო წლებში უნდა მიაღწიოს.

ერთჯერადი პლასტიკის პროდუქტების (ჭიქები, თეფშები, ცელოფნები და ა.შ.) გამოყენების შემცირებასთან ერთად, ბაზარზე უნდა გამოჩნდეს მათი ალტერნატივები. პროგრამის მიხედვით, 2025 წლისთვის ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ალტერნატივების წილი 5%-ით უნდა გაიზარდოს, 2030 წლისთვის კი - 10%-ით.

პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნულ პროგრამაში აღნიშნულია, რომ 2023 წლისთვის მდინარეების ნაპირებთან და ზღვის სანაპიროზე პლასტიკის ნარჩენების შეგროვების 100%-იან მაჩვენებელს უნდა მივაღწიოთ.

საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 1.1 მილიონი ტონა მყარი მუნიციპალური ნარჩენი წარმოიქმნება და ეს ტენდენცია მზარდია. ნარჩენების შემადგენლობის კვლევის მონაცემების თანახმად, პლასტიკის ნარჩენები საქართველოში შეგროვებული და ნაგავსაყრელზე განთავსებული მყარი მუნიციპალური ნარჩენების დაახლოებით 12-16 %-ს შეადგენს. შესაბამისად, ნაგავსაყრელებზე განთავსებული პლასტიკის ნარჩენების წლიური რაოდენობა 132 000 – 176 000 ტ ფარგლებში მერყეობს.

პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და CENN-ის მიერ, ნორვეგიის საელჩოს მხარდაჭერით, შემუშავდა.