მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამრეწველო ემისიების შესახებ" კანონი - რა მოთხოვნების შესრულება მოუწევს 200-მდე საწარმოს?

644a6b5ccbefa
ელენე გოგბერაშვილი
28.04.23 01:00
823
პარლამენტში „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ. საკანონმდებლო პაკეტის მიზანია, ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად, სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალში და მიწაში ემისიების პრევენცია ან შემცირება ასევე, ნარჩენების წარმოქმნის პრევენცია.

ცვლილებების მიღების შემდეგ კერძო სექტორისთვის, ამოქმედდება ახალი ვალდებულებები მსხვილი საწარმოების გადაიარაღების და ტექნოლოგიური პროცესის გაუმჯობესების ნაწილში, დაინერგება ახალი ინტეგრირებული სანებართვო სისტემა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი გადაცემა რედაქტ2-ში აცხადებს, კანონის მოთხოვნების დაკმაყოფილება 2026 წლიდან ეტაპობრივად 200-მდე სამრეწველო საწარმოს მოუწევს.

„სამრეწველო ემისიების კანონზე 3 წლის განმავლობაში ვმუშაობდით, გქონდა არაერთი განხილვა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. კანონი ეხება დაახლოებით 200-მდე ქვეყანაში უკვე არსებულ, მოქმედ მსხვილ საწარმოს. მათ თავიანთი ტექნოლოგიური პროცესი იმგვარად უნდა გააუმჯობესონ და დანერგონ ისეთი თანამედროვე ახალი ტექნოლოგიები, დანადგარები და არამხოლოდ ტექნოლოგიური მიდგომები, რომ თავიანთი საწარმო საქმიანობა და მისი საქმიანობის შედეგად გარემოს შედარებით ნაკლები ზიანი მიადგეს.

ეს არის მთავარი პრინციპი, რასაც ითვალისწინებს „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონი. მარტივი მაგალითი რომ გითხრათ, ჩვენ დავუწესეთ სამრეწველო ობიექტებს ჰაერში გაფრქვევებისთვის გარკვეული სტანდარტები, დავავალეთ მათ ფილტრაციის სისტემების ქონა და ასევე დავავალეთ უწყვეტი მონიტორინგის სისტემების ქონის ვალდებულება, ეს გახლავთ ერთ-ერთი კომპონენტი, მათ შორის „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტის, რაც გულისხმობს იმას, რომ საწარმოებმა ისეთი ტექნოლოგიები უნდა დანერგონ, რაც გარემოს დაბინძურების რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს“,-განმარტავს ნინო თანდილაშვილი.

კითხვაზე, რამდენად იქნება აღნიშნული რეგულაცია აღსრულებადი და რამდენად მზადაა სამრეწველო ბიზნესები ტექნოლოგიური გადაიარაღებისთვის, თანდილაშვილი განმარტავს:

„ბევრი რეგულაცია დაემთხვა და ამას ეფექტიანი აღსრულება სჭირდება სახელმწიფოს მხრიდანაც, ამიტომ ავიღეთ ამოქმედების ვადად ახალი საწარმოებისთვის 2026 წელი. აღნიშნული პერიოდიდან მათ ახალი სტანდარტების შესაბამისი ნებართვების აღება დაევალებათ. მათ მოუწევთ ინტეგრირებული ნებართვის აღება, სადაც წინსწრებით ეცოდინებათ, რა მოთხოვნები უნდა შეასრულონ მშენებლობის პროცესში, რომ მათი საწარმოები იყოს მოდერნიზებული და თანამედროვე, ხოლო არსებულ საწარმოებს, რომლებიც დღეს უკვე ფუნქციონირებენ და გვესმის, რომ ისინი ფუნქციონირებას ვერ შეწყვეტენ, სექტორების მიხედვით დავუწესეთ სხვადასხვა გონივრული ვადები, არსებული საწარმოებისთვის კანონის ამოქმედება იწყება 2029 წლიდან. იგივე პროცესი გაიარა ევროპამ“.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები