მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამრეწველო საწარმოებისთვის ფინანსური დაზღვევის მექანიზმის ამოქმედება სავარაუდოდ, გადავადდება

644a6b0113a7d
ელენე გოგბერაშვილი
28.04.23 10:00
662
მაღალი რისკის შემცველი მსხვილი სამრეწველო საწარმოებისთვის გარემოს დაბინძურების რისკის წინსწრებით დაზღვევის ფინანსური მექანიზმის ამოქმედება შესაძლოა, დროში გადავადდეს.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის შესახებ“ 2021 წელს მიღებული კანონის მიხედვით, სამრეწველო საწარმოებისთვის ფინანსური დაზღვევის მექანიზმის ამოქმედება მიმდინარე წლის 1 ივლისიდან არის გათვალისწინებული, თუმცა როგორც ირკვევა არცერთი მხარე, ვინც ამ პროცესში მოიაზრება, ახალი რეგულაციების დასაკმაყოფილებლად მზად არ არის.

როგორც გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი გადაცემა რედაქტ2-ში აცხადებს, სამინისტრო მსჯელობს, რომ რეგულაციის ამოქმედება რამდენიმე წლით გადაავადოს. ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ მას შემდეგ, რაც ფინანსური დაზღვევის მექანიზმი განიხილეს როგორც ბიზნესთან, ისე საბანკო და სადაზღვევო სექტორთან.

რეგულაციის მიხედვით, იმისთვის, რომ საწარმოება გარემოსთვის ზიანის მიყენების შესაძლო რისკი წინსწრებით დააზღვიონ, შესაბამისი ფინანსური რესურსი ან საბანკო გარანტიის ან სადაზღვევო პოლისის სახით უნდა წარადგინონ. საჭირო ფინანსური რესურსის მოცულობა კი საწარმოს ზომასა და საქმიანობაზე იქნება დამოკიდებული.

როგორც ნინო თანდილაშვილი განმარტავს, ფინანსური დაზღვევის მექანიზმი შეეხება განსაკუთრებით მაღალი რისკის საწარმოებს, ისეთებს, რომლებზეც ასევე სამრეწველო ემისიების კანონის მოქმედება გავრცელდება.

„ფინანსური დაზღვევის მექანიზმი სავალდებულოა, განსაკუთრებით მაღალი რისკის საქმიანობებისთვის, რომლებიც სახელმწიფოსგან იღებენ გარემოსდაცვით ნებართვებს და კონკრეტული საქმიანობის განხორციელებას იწყებენ. მათთვის შემოდის ვალდებულება, რომ დააზღვიონ მაქსიმალურად გარემოსდაცვითი რისკები, თუ მათი საქმიანობის შედეგად, პირობითად ერთ დღეს შეიძლება გარემო დაზიანდეს ან დაბინძურდეს წყალი და ბიომრავალფეროვნება, ამ საწარმოს ჰქონდეს, წინსწრებით რესურსი მობილიზებული, რომ გამოასწოროს დაბინძურებული გარემოს მდგომარეობა.

ეს არის ფინანსური დაზღვევის მექანიზმი, რომელსაც „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონი, რომელიც 2021 წელს მივიღეთ, უკვე ითვალისწინებდა, თუმცა ამოქმედების ვადად განვსაზღვრეთ 2023 წელი, თუმცა მას შემდეგ რაც ინტენსიურად ვიმუშავეთ ბიზნესთან, საბანკო და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებთან ბიზნეს ასოციაციის განხილვების ფორმატში, დავინახეთ, რომ მოცემული დროისთვის, 2023 წლის ივნისიდან ბიზნესისთვის, ისევე როგორც სხვა სექტორებისთვის, ამ ვალდებულების შესრულება დროში მოსწრებად ვერ იქნება, ამიტომ ვმსჯელობთ იმაზე, რომ გარკვეული გონივრული ვადით ფინანსური დაზღვევის მექანიზმი გადავავადოთ და მსხვილს საწარმოო ობიექტებს მეტი დრო მივცეთ იმისთვის, რომ ორგანიზებულად თავიანთ საწარმოში დანერგონ ფინანსური დაზღვევის მექანიზმები ეტაპობრივად და ეს შეათანხმონ ასევე სახელმწიფოსთან“,- აცხადებს ნინო თანდილაშვილი.

კითხვაზე, რა არის ის გონივრული ვადა, რომელიც ბიზნესს კანონის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მიეცემა, თანდილაშვილი ასე პასუხობს:

„ჩვენ ვადაზე ჯერ კიდევ ვმსჯელობთ ბიზნესთან ერთად იმისათვის, რომ მაქსიმალურად გონივრული იყოს ეს ვადა და შემდგომში არ ვისაუბროთ ისევ რეგულაციის გადავადებაზე. ამ ეტაპზე რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ 1-2 წლიან პერსპექტივაზე ვსაუბრობთ გადავადების ნაწილში იმისათვის, რომ მეტი მომზადების საშუალება ჰქონდეს ბიზნესს. გვესმის სახელმწიფოს, რომ გარემოს დაცვის მიმართულებით ფინანსური დაზღვევის მექანიზმი არის მნიშვნელოვანი, არის პრევენციული საშუალება, გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევების გამორიცხვისთვის, მაგრამ მეორე მხრივ გვესმის, რომ ეს არის ხარჯიანი ვალდებულება ბიზნესისათვის“, - განმარტავს მინისტრის მოადგილე.

რაც შეეხება იმ საწარმოებს, რომლებსაც ადრე თუ გვიან ამ რეგულაციებზე მორგება მოუწევს, ნინო თანდილაშვილის თქმით, ჯამში ასეთი ქვეყანაში 200-მდე მაღალი რისკის შემცველი საწარმოა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები