მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს კანონპროექტი აუცილებელია“ - თურნავა ელ.კომუნიკაციების კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე

5f0d8fc7c8348
ინგა მურუსიძე
14.07.20 15:05
1001
"დარწმუნებული ვარ, მოიძებნება სწორი ბალანსი ბიზნეს ინტერესებსა და სახელმწიფო ინტერესებს შორის“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა, რომელსაც სატელეკომუნიკაციო კომპანიები ეწინააღმდეგებიან.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ მოიძებნება სწორი ბალანსი ბიზნეს ინტერესებსა და სახელმწიფო ინტერესებს შორის. ეს კანონპროექტი აუცილებელია, რათა ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის განკარგვა დავინახოთ და იყოს გამჭვირვალე ეს საკითხი, რათა შევძლოთ ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის მართვა. 

დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ დიალოგი იმართება, რომ სწორი ბალანსი მოინახოს. სახელმწიფომ უნდა შეძლოს და თავისი კრიტიკული ინფრასტრუქტურა გააკონტროლოს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის: ბოლო დღეებია პარლამენტში მხარეებს შორის შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროეექტზე”, რომელიც კომუნიკაციების კომისიას კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნისა და მისთვის საკმაოდ დიდი უფლებამოსილების გადაცემას ითვალისწინებს. პარლამენტი კანონპროექტის განხილვას დღეს გააგრძელებს.

უკვე ცნობილია, რომ კომუნიკაციის კომისიის მიერ კომპანიაში დანიშნულ სპეციალურ მმართველს აქციებისა და წილების გახსვისება აღარ შეეძლება; სპეციალური მმართველი ორგანიზაციაში დარჩება არა 2 წლის ვადით, არამედ იქამდე, სანამ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას არ აღასრულებს - სწორედ ეს არის ის ცვლილებები, რომლებიც დიდი ალბათობით "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონოპროექტში შევა. კანონპროექტი კი საკმაოდ რეზონანსულია. გასულ კვირას პარლამენტში გამართული ხმაურიანი განხილვის შემდეგ მხარეებს შორის დისკუსია დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა და პარლამენტი და კომუნიკაციების კომისია, ჯერჯერობით, ამ რედაქციაზეა ჩამოყალიბებული. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ რესურსი კონსესუსითვის კიდევ არსებობს.