მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს უნდა იყოს პრემიერის საზრუნავი“ - პაპაშვილის რჩევა ღარიბაშვილს

61db3753ee87e
თელარა გელანტია
10.01.22 10:30
2412
„თუ მომავალი წლის პირველ კვარტალში ბიზნესის ჭკუაზე ვერ დავქოქეთ რაღაცეები, სწრაფი ეკონომიკური ზრდა გაჭირდება და ისევ ვიჩანჩალებთ“, - ამბობს ლაშა პაპაშვილი bm.ge-სთან ინტერვიუში, რომლის გასული წლის ბოლოს ჩავწერეთ.

ბიზნესმენის აზრით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პროცესების გამო, მთავრობის მთავრობის ეკონომიკური გუნდი ბიზნესთან კომუნიკაციას საკმარის დროს ვერ უთმობს, ამიტომ ლაშა პაპაშვილის რჩევაა, ყველა ჩინოვნიკი მაქსიმალურად „ბიზნეს ფრენდლი“ იყოს. 

- თვითმმართველობის არჩევნების მერე არ მისაუბრია... ალბათ ახალი წლის შემდეგ ცოტა მაინც დაწყნარდება სიტუაცია და შევხედავთ. 2022 წლის პირველ კვარტალში ცოტა რაღაცეები თუ ვერ დავქოქეთ ჩვენს ჭკუაზე ანუ ბიზნესის გემოზე, გაჭირდება სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ისევ ვიჩანჩალებთ.

- მთავარი საკითხები რა იქნება, რასაც პრემიერთან უახლოეს შეხვედრაზე დააყენებთ?

- მთავარი ნაბიჯი უნდა იყოს იმის დეკლარირება, რომ ნებისმიერი ჩინოვნიკი „ბიზნეს ფრენდლია“ და ეს ტელევიზორში უნდა გამოაცხადოს პრემიერმა. რიგითი პოლიციელით დაწყებული და ჩინოვნიკით დამთავრებული, უნდა იყოს „ბიზნეს ფრენდლი“ ანუ ყოველდღე თავი უნდა გაწიროს ბიზნესის და ეკონომიკის აყვავებისთვის.

- სიტყვიერად პრემიერიც კი ამბობს, რომ პრობიზნესური მთავრობა ვართო, მაგრამ მაგალითები ხშირად ამ სიტყვებს ვერ ამყარებს... როგორი მოლოდინები გაქვთ 2022 წლისთვის?

- მოლოდინები პოზიტიურია... ერთადერთი და ბრწყინვალე მონაპოვარია, რომ სწორი ლარის კურსია და ეს მაინც შეინარჩუნონ...

- და მთავრობა გახდეს უფრო „ბიზნეს-ფრენდლი“?

- დიახ, ეს უნდა იყოს პრემიერის საზრუნავი, რომ რამე არ გაიჭედოს, რამე არ გაჩერდეს, ინვესტორები არ დარჩეს უპასუხოდ, რომელიმე საპრივატიზაციო ობიექტი არ გაიჭედოს... რომელიღაც კანონი ასე ამბობს და უნდა დაგაჯარიმოთო - ბიზნესს რომ ეუბნებიან, ასე არ უნდა მოხდეს; არცერთი ჯარიმა არ უნდა დაიწეროს ჩინოვნიკის მიერ, რომელიც სულელურია და არ შეუსწავლია; ყველა ნებართვა უნდა გაიცეს, რაზეც არავინ იცის, რატომ არ გაიცა... ფრთების დაქნევა უნდა შევძლოთ.

- ადგილობრივი არჩევნები ორი თვის წინ დასრულდა, მაგრამ ფაქტია, ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისებს დასასრული არ აქვს... ამ სიტუაციაში პრემიერი და მთავრობის ეკონომიკური გუნდი საკმარის დროს უთმობს ბიზნესთან კომუნიკაციას და ეკონომიკის აღდგენისთვის საჭირო თემებს?

- სამწუხაროდ, მე მგონია, რომ ვერ უთმობს. ამ პოლიტიკური ბატალიების ბრალი კი არის... ოპოზიციამაც ამოსუნთქვის საშუალება უნდა მისცეს მთავრობას...