მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს წინადადება ისევ ძალაშია“ - ყარალაშვილი ხელისუფლებას ბიზნესომბუდსმენის არჩევას კვლავ სთავაზობს

63bf07e376524
ალა ისპირიანი
11.01.23 23:00
563
„ბოლო პერიოდში არ მახსენდება აზრიანი შეხვედრა, რაც ბიზნესომბუდსმენის აპარატს შეიძლებოდა მოეწყო, - ამის შესახებ "თბილისი ცენტრალის" დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა გადაცემა „ საქმიან დილაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ორმხრივი კომუნიკაციის პრობლემა, როგორც ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის, ისე ბიზნესსა და ომბუდსმენს შორის გამოწვევად რჩება, რაც საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება.

„კომუნიკაციის დეფიციტია. იმედი გვაქვს, რომ რამე შეიცვლება, მაგრამ ამისკენ გადმოდგმულ ნაბიჯებს ჯერ ვერ ვხედავთ. გიორგი გახარიას პერიოდში უფრო მეტი აქტიურობა და კომუნიკაცია იყო, დღეს ეს ბევრად ნაკლებია. ბიზნესს მეტი პროგნოზირებადი გარემო სჭირდება და ამისთვის მეტი კომუნიკაციაა საჭირო“, - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

მისივე თქმით, დღესდღეობით ბიზნესს, როგორც სახელმწიფოსთან ისე ბიზნესომბუდსმენის აპარატთან კომუნიკაციის საჭიროება უდგას, რადგან თამამი გადაწყვეტილებები მიიღონ.

„ნებისმიერი ახალი პროექტი რაც დაიწყება, განსაკუთრებით უცხოური კაპიტალის მონაწილეობით, ისეთი პატარა ქვეყნის რეალობაში, როგორიც საქართველოა,  მეტ და მჭიდრო კავშირს საჭიროებს. კომუნიკაციისას ბიზნესს უჩნდება განცდა, რომ ჩართულობა მეტია და უფრო თამამად შეიძლება ამა თუ იმ სექტორში კონკრეტული პროექტის დაწყების გადაწყვეტილება მიიღოს“, - განაცხადა მან.

ლევან ყარალაშვილმა ასევე ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ბიზნესომბუდსმენად ოთარ დანელია ჯერ კიდევ დანიშნული არ იყო. მან თქვა, რომ მაშინ ბიზნესასოციაციებმა ხელისუფლებას შესთავაზეს ბიზნესომბუდსმენი ბიზნეს სექტორიდან არჩეული ყოფილიყო თუმცა ეს გათვალისწინებული არ იქნა.

იგი ამბობს, რომ აღნიშნული წინადადება მათი მხრიდან ახლაც ძალაშია.

„12-მა ბიზნესასოციაციამ შესთავაზა ხელისუფლებას, რომ ბიზნესომბუდსმენი არჩევითი ყოფილიყო და ბიზნეს სექტორიდან ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ ეს გათვალისწინებული არ იქნა. ვფიქრობ, ბიზნესიდან წამოსულ ადამიანს უფრო კარგად ესმის ის გამოწვევები, რაც ყოველდღიურად კომპანიას ან სექტორს შეიძლება ჰქონდეს. ეს კარგი იქნებოდა, მაგრამ როდესაც კონკრეტულ პოზიციას რაღაც პოლიტიკური პოზიციის ელფერი დასდევს უკვე ამ პროცესს აფერხებს.

ჩვენი მხრიდან ეს წინადადება ისევ ძალაშია და ახლა თუ არა მომავალში თუ მაინც გათვალისწინებული იქნება, ეს როგორც ბიზნესს ისე სახელმწიფო სექტორსაც წაადგება“, - ამბობს "თბილისი ცენტრალის" დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესომბუდსმენად ოთარ დანელია გასულ წელს დანიშნა და დღემდე აღნიშნულ პოსტს იკავებს.