მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფასების რეგულირებაზე ბიზნესომბუდსმენის პოზიციის მოსმენა საინტერესო იქნებოდა - დეპუტატი

63f5d68e904f4
თელარა გელანტია
22.02.23 15:45
919
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, დეპუტატ ბექა ლილუაშვილის განცხადებით, სურსათის ფასების შესაძლო რეგულირებაზე ბიზნესომბუდსმენის პოზიციის მოსმენა საინტერესო იქნებდა.

ასე უპასუხა დეპუტატმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის რეპლიკას - „სად არის ბიზნესომბუდსმენი დღეს და რატომ არ ისმის მისი ხმა“.

„კარგი კითხვაა... არ ვიცი, რამდენად ჩართულია <ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია> პროცესში. კარგა ხანია ბიზნესომბუდსმენის აქაურობაზე არაფერი გამიგია, მაგრამ ალბათ საინტერესო იქნებოდა, მისი პარლამენტში მოყვანა და პოზიციის მოსმენა; როდესაც პარლამენტში საცალო ვაჭრობის შესახებ მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში შემოვა, ამ საკითხს <ბიზნესომბუდსმენის მოწვევის> აუცილებლად დავაინიცირებ“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის: საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, სურსათის ფასების რეგულირების მიზნით ეკონომიკის სამინისტრო სამართლიანი ვაჭრობის შესახებ ევროდირექტივის შესაბამისად კანონპროექტს მოამზადებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნული განცხადება 20 თებერვლის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. პრემიერის თქმით, იმპორტიორებს ექნებათ განსაზღვრული მარჟები, ფასნამატები და ასევე რიტეილს ექნება თავისი განსაზღვრული წესები.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფასები შემცირდეს, არაგონივრული, მაღალი მარჟებით არ იყიდებოდეს ძირითადი პროდუქტები. ეს ჩვენს მოსახლეობაზე, ჩვენს ხალხზე აისახება. ინფლაციაზე როცა ვსაუბრობთ, ინფლაციის გასული თვის მაჩვენებელი იყო 9,4%. აქედან 6,1% არის სურსათის ფასები. ასე, რომ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ როგორც კი დარეგულირდება ეს საკითხები და ეს შეიძლება ძალიან მალე მოხდეს, ინფლაციაც ჩამოვა იმ ნიშნულზე, რომელიც ჩვენ გვაქვს განსაზღვრული - 5% დაახლოებით, ამ წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ეს სიკეთე აისახება ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის ჯიბეზე და მათ შემოსავლებზე. ამიტომ, ამ საკითხზე ასეთი გამოსავალი გამოვნახეთ, მთავრობა მალე გაუგზავნის ამ კანონპროექტს პარლამენტს და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე მივიღებთ შესაბამის რეგულაციებს", - განაცხადა პრემიერმა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები