მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა აწუხებს ბიზნესს? - საკითხები, რომლითაც ბიზნესომბუდსმენს მიმართავდნენ

ოთარ დანელია

2023 წელს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა ჯამში 200-მდე შეხვედრა ჩაატარა, რომელმაც სხვადასხვა სექტორების წარმომადგენლები გააერთიანა. ბიზნესომბუდსმენი ამბობს, რომ შეხვედრები მედიისთვის ხშირად ღია არ არის, იმიტომ რომ ადგილზე კონფიდენციალურ საკითხებზე მსჯელობენ, რომლის გასაჯაროებაც თავად ბიზნესს არ სურს.

რა იყო ის ძირითადი პრობლემური საკითხები, რითაც 2023 წელს კერძო სექტორის წარმომადგენლები ბიზნესომბუდსმენს მიმართავდნენ? - ამ კითხვის საპასუხოდ ოთარ დანელია 3 ძირითად საკითხს გამოყოფს, რომელიც ბიზნესისთვის 2023 წელს განსაკუთრებით პრობლემური იყო. მათ შორის არის მუშახელის დეფიციტი, სასამართლო პროცესების ვადები და იმპორტისა და ექსპორტისას არსებული კონტროლის პროცედურები.

“ერთ-ერთი საკითხი იყო პროფესიული მუშახელი, თუმცა ამ მიმართულებით განათლების სამინისტრომ უკვე 9-ჯერ გაზარდა პროფესიული განათლების დაფინანსება, რაც ძალიან კარგია და მათ შორის ტექნიკური განათლება არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ, რომ გვაქვს პარადოქსული მდგომარეობა, რომ როდესაც ერთი მხრივ ვიღაცა სამსახურს ეძებს და მეორე მხრივ 120 000-მდე ვაკანტური ადგილია - ეს არ არის ნორმალური.

მეორე, ეს არის სასამართლო პროცესებში ხანგრძლივი პროცედურები, რაც ვიცით კომუნიკაციის შედეგად რომ არის გაუმჯობესებული. ეს ხდება შეზღუდული ადამიანური რესურსიდან გამომდინარე, რასაც ვერაფერი ასე სწრაფად ვერ მოუხერხდა.

ასევე არის იმპორტი ექსპორტის ნაწილში კონტროლის მექანიზმების საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, იმიჯისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობით ნაკისრი ვალდებულებებით, რომ საფრთხეები იყოს გაკონტროლებული. ძირითადად ეს სამი მიმართულებაა. ადრე მაგალითად იყო ფინანსური დავები, რომელიც დღეს განსაკუთრებულად გამარტივებულია”, -ამბობს ოთარ დანელია.

ცნობისთვის, ბიზნესომბუდსმენის აპარატს საქმიანობის 2023 წლის ანგარიში ჯერ არ წარუდგენია. 2022 წლის ანგარიშის თანახმად აპარატის მხრიდან ჯამში 298 პირდაპირი შეხვედრა და 194 კორესპონდენცია განხორციელდა. ყველაზე აქტიურად 2022 წელს ბიზნესომბუდსმენს საბითუმო და საცალო ვაჭრობის წარმომადგენლები მიმართავდნენ. გასულ წელს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ დაიწყო ბიზნესგარემოზე მოქმედი რეგულაციების და მეწარმეების მიერ დასმული პრობლემების შესწავლა და მათ ნაწილზე შესაბამისი უწყებების მისამართით გაიცა რეკომენდაციები. საკითხები შეეხებოდა თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის ამოქმედების ვადის გადავადებას, ვირტუალური ზონის პირების მოგების გადასახადით დაბეგვრას და მიწისქვეშა მტკნარი წყლის ჩამოსხმის მიზნით ლიცენზიის მოპოვებას.

ბიზნესომბუდსმენის აპარატში ამბობენ, რომ 2023 წლის ანგარიში 2024 წლის მარტში გასაჯაროვდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები