მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, თუთუნზე აქციზის შემცირების კანონპროექტის განხილვაში ჩართული არაა

ბიზნესომბუდსმენი
26.03.24 14:07
240

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის, ოთარ დანელიას განმარტებით, თუთუნზე აქციზის შემცირებასთან დაკავშირებით პარლამენტში შესულ კანონპროექტთან დაკავშირებით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი განხილვებში ჩართული არაა. დანელიას განმარტებით ამ საკითხთან დაკავშირებით მათთვის შესაბამისი განცხადებით მიმართა არ მომხდარა.

“თუთუნზე აქციზის შემცირების საკითხში ჩვენ არ ვართ ჩართული, ჩვენთან ამ თემაზე არ ყოფილა მომართვა,”- განაცხადა ოთარ დანელიამ.

მარტის დასაწყისში პარლამენტში თუთუნზე აქციზის განახევრების კანონპროექტი დარეგისტრირდა. მისი მიხედვით, კგ თუთუნზე სააქციზო მოსაკრებელი 60 ლარის ნაცვლად 30 ლარით განისაზღვრება. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, მისი მიღების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალი აქციზიდან დაახლოებით 25 მილიონი ლარით შემცირდება. კანონპროექტის ავტორია პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, რომლის განმარტებითაც ინიციატივა ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ცვლილების თანაავტორის, ბეჟან წაქაძის თქმით კი, საკანონმდებლო ინიციატივის მიზანს მომხმარებლებისთვის პროდუქციის გაიაფება წარმოადგენს.

თუთუნზე აქციზის განახევრებას ეწინააღმდეგება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. WHO-ს არაგადამდებ დაავადებათა პროგრამების კოორდინატორის, კახა ღვინიანიძის განცხადებით, პარლამენტში წარმოდგენილი ინიციატივა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოში გაეროს წარმომადგენლობამაც, რომელიც ინიციატივას შემაშფოთებელს უწოდებს და პარლამენტს მოუწოდებს, რომ აღნიშნული ცვლილებების მიღება არ მოხდეს.

გაეროს განცხადების თანახმად, აღნიშნულმა ცვლილებები მიღების შემთხვევაში მთელ იმ მრავალწლიან სამუშაოსთან მიმართებით უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, რასაც საქართველომ დიდი ძალისხმევის შედეგად მიაღწია თამბაქოს კონტროლის მიმართულებით.

“შემოთავაზებული ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს პოლიტიკას თამბაქოს მოხმარების შემცირების შესახებ: აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვან განსხვავებას გააჩენს თამბაქოს სხვადასხვა ნაწარმის ფასებს შორის, რაც ბაზარზე იაფი თამბაქოს დაბრუნებას შეუწყობს ხელს, ეს კი თავისი მხრივ მოხმარებას გაზრდის.

შემოთავაზებული ცვლილებებით, საქართველო დაშორდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს და ისეთ საერთაშორისო ვალდებულებებს, როგორიცაა „თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო კონვენცია“, რომელსაც საქართველო შეუერთდა, რაც შეაფერხებს ქვეყნის მისწრაფებებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე,- ნათქვამია გაეროს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები