2023 წელს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა ჯამში 200-მდე შეხვედრა ჩაატარა, რომელმაც სხვადასხვა სექტორების წარმომადგენლები გააერთიანა. ბიზნესომბუდსმენი ამბობს, რომ შეხვედრები მედიისთვის ხშირად ღია არ არის, იმიტომ, რომ ადგილზე კონფიდენციალური საკითხებზე მსჯელობენ, რომლის გასაჯაროებაც თავად ბიზნესს არ სურს.
ოთარ დანელიას თქმით, იყო საკითხები, სადაც შეხვედრების შემდეგ მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა მოხდა. დანელია აცხადებს, რომ 2023 წელს მნიშვნელოვნად დაჩქარდა საგადასახადო შეთანხმების პროცედურები და რეკორდულად მაღალი მოცულობის დღგ-ს დაბრუნება მოხდა.
ბიზნესომბუდსმენს 2024 წელთან მიმართებით დადებითი მოლოდინები აქვს და ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაზრდაში დაეხმარება.
“ჩვენ ინდივიდუალურად აბსოლუტურად ყველას იქნება ეს ბიზნესს გაერთიანება, ასოციაციები თუ ინდივიდუალური ბიზნესს ოპერატორი ყველასთან გვაქვს შეხვედრა და მათ შორის მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვნად დაჩქარდა საგადასახადო შეთანხმების პროცედურები, დღგ-ს დაბრუნების ნაწილში რეკორდული წელი გვქონდა, რაც ცალსახად ნიშნავს რომ რეინვესტირება მოხდება. ასევე საკმაოდ წარმატებული პრაქტიკა გვქონდა უკვე სასამართლო მეგობრის, რაც ფაქტია, რომ ამართლებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მეტ ახალ პრაქტიკას დავნერგავთ ამ მიმართულებით და პროაქტიურები ვიქნებით განსაკუთრებით სტატუსის მინიჭების შემდეგ, იმიტომ რომ გვაქვს მოლოდინი, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზრდება”, - ამბობს ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია.