მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პოზიცია აქვს ბიზნესომბუდსმენს შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით?

ბიზნესომბუდსმენი

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია არ ამბობს, რა რეკომენდაცია ჰქონდა ბიზნესომბუდსმენის აპარატს საქართველოს მთავრობის მიერ შაქრის იმპორტზე გადასახადის შემოღებასთან დაკავშირებით. „დიდი მადლობა“ - ამ რეპლიკით აარიდა თავი ოთარ დანელიამ BMG-ის ჟურნალისტის შესაბამის კითხვას.

საქმე ის არის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს მთავრობის დადგენილებას, რომლის თანახმად, 20 ნოემბრიდან 2024 წლის 1 ივლისამდე შაქრის იმპორტზე გადასახადი ამოქმედდება. შედეგად, იმპორტიორებს ყოველი 1 ტონა შაქრის იმპორტზე 400 ლარის გადახდა მოუწევთ, რაც სავარაუდოდ, შაქრის გაძვირებას გამოიწვევს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ხუთი დღეა ვერ განმარტავენ, რატომ დააწესეს შაქრის იმპორტზე გადასახადი.

- ამ საკითხებთან დაკავშირებით ყოველთვის არის კომუნიკაცია და ყოველთვის გარკვეული არგუმენტაციის შემდეგ ხდება ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღება; ეს არ არის პირველი და უკანასკნელი. ზოგადად, ყოველთვის მნიშვნელოვანია ბაზარი იყოს დაცული, მომხმარებელი იყოს დაცული და საფასო პოლიტიკა შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს, თუმცა, რა თქმა უნდა, სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს იქ, სადაც ამის აუცილებლობა არ დგას.

- საქართველოში შაქრის ერთადერთი მწარმოებელი გვყავს და მისი ხელშეწყობისთვის გაკეთდა ეს?

- ჩვენ ნუ გამოვრიცხავთ, რომ ზოგადად, ასეთი ღონისძიებების გატარების მიზანი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა იყოს.

- შაქარზე იმპორტის გადასახადის შემოღება არ გამოიწვევს პროდუქტის გაძვირებას?

- სწორედ ამას ვგულისხმობ, რომ აუცილებელია, საფასო პოლიტიკის ბალანსის შენარჩუნება.

- ვინ <რომელმა უწყებამ> დააყენა შაქარზე იმპორტის დროებითი გადასახადის შემოღების საკითხი?

- ზოგადად, მთავრობის ეკონომიკური გუნდი მსჯელობს ასეთი საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით. ჩვენ <ბიზნესომბუდსმენის აპარატი> ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, რეკომენდაციებით შემოვიფარგლებით.

- რა იყო ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაცია?

- დიდი მადლობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები