08.ივლისი .2021 15:46

EU-ს 3.9 მლრდ ევროს დახმარება ზუსტად შეესაბამება 10-წლიანი სტრატეგიის პრიორიტეტებს - თურნავა

EU-ს 3.9 მლრდ ევროს დახმარება ზუსტად შეესაბამება 10-წლიანი სტრატეგიის პრიორიტეტებს - თურნავა
views 475
უკან

"ევროკავშირმა საქართველოს დახმარების თაობაზე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - 3.9 მლრდ ევროს ოდენობის დახმარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია იმ მთლიანი პაკეტის, რაც აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის ქვეყნებისთვის არის გამოყოფილი" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ოლივერ ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის ქვეყნებისთვის დახმარების პაკეტზე კომენტირებისას განაცხადა.

ცნობისთვის: საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში ოლივიე ვარჰეიმ 7 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირი მუშაობს ახალ 5-წლიან ინიციატივაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვის პოტენციურად 17 მილიარდ ევრომდე დაფინანსების გამოყოფას მოიცავს. მისი თქმით, ამ ფინანსური რესურსიდან საქართველოს “მინიმუმ 3.9 მილიარდი ევროს მოზიდვა შეეძლება.” 

„ეს არის ძალიან დიდი ინვესტიცია, რომელიც მოხმარდება სწორედ ყველაზე მეტად სტრატეგიულ დარგებს, რაც გაერთიანებულია დაკავშირებადობის მიმართულებით, რაც ნიშნავს საქართველოს და ევროპას შორის ფიზიკური კაშირ-ურთიერთობების გამყარებას, ეს ეხება ციფრულ სერვისებს და ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს, რომელიც გაივლის შავ ზღავზე, ეს ეხება ელექტროგადამცემ ქსელებს და ელექტროგადამცემ მაღალი ძაბვის კაბელს, რომელიც შავ ზღვაზე გაივლის და სადაც ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ეტაპზე ვართ გადასულები, ეს ეხება საბორნე-საფიდერო მიმოსვლის გააქტიურებას ჩვენს პორტებსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პორტებს შორის, რაც უფრო მეტად გაზრდის ჩვენს ლოგისტიკურ პოტენციალს და განამტკიცებს ჩვენს როლს დერეფანში. რაც მთავარია ეს არის მცირე ბიზნესის მიმართ დახმარება იმისთვის, რომ განვამტკიცოთ ჩვენი ბიზნესის კონკურენტუნარიანობა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ადგილობრივი მცირე ბიზნესი მზარდად არის წარმოდგენილი ევროპულ ბაზრებზე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხარისხის შესაბამისი სტანდარტები იყოს მიღებული, როგორც სოფლის მეურნეობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი წარმოების კუთხით, ასევე სხვა არასასურსათო წარმოების კუთხით.

„ამ მიმართულებითაც არის ძალიან სერიოზული დახმარება და ზუსტად შეესაბამება ჩვენი 10-წლიანი სტრატეგიის მთავარ პრიორიტეტებს - კრიტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, რაც ჩვენი ეკონომიკის ქვაკუთხედია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა