25.ნოემბერი .2021 21:40

EUGBC-მ ინვესტორთა საბჭოზე 2 საკითხი დააყენა - "FDI-ის მოზიდვისთვის ნოვატორული მიდგომები გვჭირდება"

EUGBC-მ ინვესტორთა საბჭოზე 2 საკითხი დააყენა - "FDI-ის მოზიდვისთვის ნოვატორული მიდგომები გვჭირდება"
views 317
უკან

განახლებადი ენერგიის მიმართულებით FDI-ის მოზიდვა, სოფლის მეურნეობაში ინვესტირების პერსპექტივები, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის ახალი ფინანსური ინსტრუმენტების შექმნა, სამშენებლო სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა და ფარმაცევტულ ინდუსტრიასთან დაკავშირებული საკითხები - საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ საკითხებზე იმსჯელეს დღეს საქართველოს მთავრობაში გამართულ ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა.

BM.GE დაინტერესდა, რა საკითხები დააყენა და რა მიმართულებით გააკეთა აქცენტები ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭომ, რომელიც ინვესტორთა საბჭოს წევრია. bm.ge-მ კითხვებით მის გენერალურ მდივანს ზვიად ჭუმბურიძეს მიმართა.

EUGBC-ის გენერალური მდივნის თქმით, დღეს მათ 2 მნიშვნელოვან საკითხზე შეაჩერეს ყურადღება და ეს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული საწარმოების პრივატიზებასა და კრიზისულ პერიოდში ინვესტიციების მოზიდვის საკითხებს შეეხებოდა.

„სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული საწარმოები, სამწუხაროდ, წამგებიანია და ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მათი ზარალი წელიწადში დაახლოებით მილიარდ ლარამდეა. ანუ ეს არის საწარმოები, რომლებიც არამომგებიანია ცუდი მენეჯმენტის პირობებში და კარგი მენეჯმენტის შემთხვევაში შეიძლება, მომგებიანი ყოფილიყო. ამ საკითხზე სამუშაოდ შექმნილია რეფორმების საბჭო, რომელსაც, ჩვენი აზრით, ინვესტორთა საბჭოს ჩართულობაც სჭირდება. საუბარი არ შეეხება სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ სტარტეგიულ ორგანიზაციებს, მაგალითად რკინიგზას, ეს ეხება არასტრატეგიულ კომპანიებს, რომელიც ისეთი ფორმით უნდა მომზადდეს, რომ ინვესტორებისთვის მიმზიდველი გახდეს.

მეორე საკითხი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა იყო. მთავრობას ინვესტორებისთვის ახალი პაკეტის შემუშავება შევთავაზეთ. „აწარმოე საქართველოს“ აქვს კარგი პროგრამები, მაგრამ გარანტირებული პაკეტი მთავრობის მხრიდან აუცილებლად უნდა მომზადდეს და მერე ესეც ინვესტორთა საბჭოს ფარგლებში უნდა განიხილოს. ქვეყანაში ბევრი გამოწვევაა, მათ შორის პოლიტიკურად არასტაბილური ვითარება და პანდემიის გავლენა ეკონომიკაზე, შესაბამისად, ინვესტორი რომ დაინტერესდეს, მნიშვნელოვანი პაკეტი უნდა შესთავაზონ, რომელშიც ჩართული უნდა იყოს სამთავრობო გარანტიები და სახელმწიფომ ისეთი პირობები და ვადები უნდა შესთავაზოს ინვესტორს, რომ მან ინვესტირებაზე ფიქრი დაიწყოს“, - უთხრა BM.GE-ის ზვიად ჭუმბურიძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ ინიციატივებსა თუ რეკომენდაციებზე ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მუშაობა უკვე დაწყებული აქვს და შავი სამუშაო ვარიანტი უკვე არსებობს. ზვიად ჭუმბურიძე აღნიშნავს, აღნიშნულ საკითხებზე სამუშაოდ საბჭოს შიგნით კომუნიკაცია მომდევნო კვირაში შედგება, ხოლო ინვესტორთა საბჭოს მომდევნო სხდომა დაახლოებით 2022 წლის იანვარში ჩაინიშნება.

EUGBC-ის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ინვესტიციების მოზიდვისას შეთავაზებები ნოვატორული, რეფორმატორული და კომპლექსური უნდა იყოს.

„მთავარია ინვესტორებს რეფორმატორული შეთავაზება გავუკეთოთ, ეს ერთადერთი გზაა, რომ ამ პირობებში რაღაცას მივაღწიოთ. ეს მხოლოდ ერთი რეფორმის ჩატარების შემთხვევაში ვერ შესრულდება, კომპლექსური თემაა, რომელიც სოფლის მეურნეობას, წარმოებას და სხვა მიმართულებებს აერთიანებს. ყველა შემთხვევაში ნოვატორული მიდგომები გვჭირდება. მსხვილ ინვესტორებს, თუ კი ასეთები მოიძებნებიან და სურვილი აქვთ ინვესტირების, სტაბილური გარემო სჭირდებათ, შესაბამისად საკითხი კომპლექსურად უნდა განვიხილოთ“, - განმარტა ჭუმბურიძემ.