მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინვესტორთა საბჭო პრაქტიკულად დახურულია... მძინარე სტატუსით არსებული ფორმალობაა" - ზვიად ჭუმბურიძე

ინვესტორთა საბჭო

ინვესტორთა საბჭო პრაქტიკულად დახურულია - ამის შესახებ საბჭოს წევრმა, EUGBC- გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ განაცხადა.

BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში წამყვანის კითხვაზე - ევროკომისიის გამოქვეყნებული გაფართოების ანგარიშის საქართველოს შესახებ დასკვნების გაანალიზების შემდეგ, ხომ არ იგეგმება ინვესტორთა საბჭოს ფორმატში შეხვედრა და წევრების მხრიდან მთავრობისთვის ან ევროკომისიისთვის მიმართვა, რათა ინვესტორების და ბიზნესის პოზიცია გაჟღერდეს, როგორც ეს ინვესტორთა საბჭომ 2022 წელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობის დროს გააკეთა, ზვიად ჭუმბურიძემ უპასუხა: „შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს [ბიზნესის] ხმა არავის აინტერესებს“. რაც შეეხება ინვესტორთა საბჭოს ფუნქციონირებას, მისი წევრი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ამასთან, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის კარგი მმართველობის ფონდისა (GGF) და EBRD-ის დაფინანსებით 2015 წელს დაარსებული ინვესტორთა საბჭო დღეს გაჩერებულია.

„ინვესტორთა საბჭო პრაქტიკულად დახურულია. ჩვენ რამდენი თვეა აღარ შევკრებილვართ. შეიძლება ამას მძინარე სტატუსით არსებული ფორმალობა დავარქვათ, რაც ძალიან გულსატკენია. ინვესტორთა საბჭო EBRD-ის მიერ იყო ინიციირებული და ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან იყო მხარდაჭერილი, ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა“, - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვას - გავიდა თუ არა EBRD ინიციატივიდან - მან ასე უპასუხა: ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა - ეს ვითარება ჩვენ თვითონ შევქმენით. ახლა ინვესტორთა საბჭო აბსოლუტურად ფორმალური ფუნქციით არის“.

ცნობისთვის, ბოლოს ინვესტორთა საბჭოს 22-ე სხდომა 2024 წლის 22 მარტს გაიმართა და მასზე საქართველოში ეკონომიკისა და ფინანსური სექტორის განვითარება, შუა დერეფნის მნიშვნელობა, კომერციული არბიტრაჟის გაძლიერება, მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის საკითხები განიხილეს.

2015 წლიდან, ინვესტორთა საბჭო საჯარო-კერძო დიალოგის დამოუკიდებელ პლატფორმას წარმოადგენს, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავმჯდომარეობს. მისი წევრები არიან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, სახელმწიფო უწყებები (სამინისტროები), ბიზნესომბუდსმენი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), საქართველოში არსებული უმსხვილესი ბიზნესასოციაციები და მსოფლიო ბანკი როგორც დამკვირვებელი წევრი.

ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის ხელშეწყობის მიზნით, ინვესტორთა საბჭო უზრუნველყოფს დიალოგის წარმოებას ბიზნესსაზოგადოებას, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის.

2022 წლიდან, ინვესტორთა საბჭოს დღის წესრიგი მწვანე ეკონომიკასაც მოიცავს. მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა, როგორც კლიმატის ცვლილების შერბილებისა და რესურსებზე დამოკიდებულების შემცირების ერთ-ერთი საშუალება, ინვესტორთა საბჭოს 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მომდევნო წლებში აქტიურად გაგრძელდება მუშაობა როგორც მწვანე ეკონომიკის, ისე გენდერული თანასწორობის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, ინოვაციებისა და განათლების მიმართულებით, რაც მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას ემსახურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები