მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა - რაზე იმსჯელეს?

მთავრობა

საქართველოში ეკონომიკისა და ფინანსური სექტორის განვითარება, შუა დერეფნის მნიშვნელობა, კომერციული არბიტრაჟის გაძლიერება, მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა იყო დღის წესრიგის ძირითადი თემები ინვესტორთა საბჭოს 22-ე სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართა.

„ინვესტორთა საბჭოში შემავალი ბიზნეს ასოციაციებისა და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს საკითხები, რომლებიც დღეს აქტუალურია ბიზნესისთვის. რა თქმა უნდა, საკითხი შეეხებოდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და იმ რეფორმების ნაწილს, რომელიც უახლოეს პერიოდში გვაქვს დასანერგი. ბიზნესმა კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოთქვა აღნიშნული პროცესის მიმართ და აქტიურად იქნებიან ჩართულები. ასევე საკითხები შეეხებოდა მესამე პირების პასუხისმგებლობის დაზღვევის საკითხს, ფინანსური სექტორის განვითარების თემებს, კომერციულ არბიტრაჟებში ახალი გადაწყვეტილებების მიმართულებებს და შუა დერეფნის განვითარების საკითხს“,- განაცხადა ინვესტორთა საბჭოს მდივანმა, გიორგი ჩერქეზიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ.

საბჭოს სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა. მთავრობის მეთაურმა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციებზე ისაუბრა. პრემიერმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი გაძლიერების პროცესში ინვესტორებისა და ბიზნესის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინვესტორთა საბჭოში შემავალი წევრი ბიზნესასოციაციაციების და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბიზნესისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას და მასთან დაკავშირებულ რეფორმებს.

საბჭოს წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში ალკის ვრენიოს დრაკინოსმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები