ლევილის მამული იქცა მრავალპროფილიან კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრად ევროპის გულში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლევილის მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ორი ქვეყნის ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული მასშტაბური პროექტი დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა. პრემიერმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ მამულის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდა, თუმცა აგვისტოში შესყიდვების სააგენტომ მამულის რეაბილიტაციის 2 ხელშეკრულების შესრულების ვადის გახანგრძლივებასა და ბიუჯეტის ცვლილებაზე თანხმობა გასცა.
„დღეს თითოეული ჩვენგანისთვის მართლაც ძალიან ემოციური და ნამდვილად განსაკუთრებული დღეა. სივრცეს, სადაც ახლა ვიმყოფებით, ქართველი ერის მეხსიერებაში სრულიად გამორჩეული ადგილი უკავია. 1922 წელს, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრირებულმა მთავრობამ სწორედ აქ შეიძინა მამული და ეროვნული კერა დააფუძნა.
ლევილი გახდა ქართული სახელმწიფოებრიობის, თავისუფლებისა და ეროვნული იდეის უმთავრესი დასაყრდენი ევროპაში. აქ ცოცხლობდა პირველი რესპუბლიკის ხსოვნა, აქ ინახებოდა ჩვენი უახლესი ისტორია და ურყევი რწმენა იმისა, რომ საქართველო აუცილებლად დაიბრუნებდა ერთხელაც თავისუფლებას.
2016 წელს, ლევილის მამულის საქართველოს საკუთრებაში დაბრუნების შემდეგ, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომელიც თანმიმდევრულად და პირნათლად შეასრულა. მასშტაბური რეაბილიტაცია დაგეგმილ ვადაზე ადრე, წარმატებით დასრულდა. უდიდესი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ამ მემკვიდრეობის აღდგენით ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენს წარსულს და, ამავდროულად, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობაც მომავალი თაობების მიმართ.
შატოში მოეწყო პირველი რესპუბლიკისა და საფრანგეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიის მუზეუმი, ასევე ნოე ჟორდანიას სამუშაო კაბინეტი. რაც მთავარია, ლევილის ქართველთა მამული არ არის მხოლოდ მუზეუმი - ის იქცა მრავალპროფილიან კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრად ევროპის გულში. აქ უკვე ფუნქციონირებს ლევილის ქართული აკადემია, რომელიც უმასპინძლებს მკვლევრებს, მეცნიერებს, ხელოვანებს, სტუდენტებს როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. კომპლექსი მოიცავს ასევე საარქივო სივრცეს, ბიბლიოთეკას, მედიათეკასა და საკონფერენციო დარბაზს. განახლებულ პარკში გაშენებული ქართული ვენახი, ქვევრი და ტრადიციული ოდა აქ მოსულ სტუმრებს გააცნობს ჩვენს უნიკალურ ტრადიციებს და მრავალსაუკუნოვან ისტორიას.
ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოცააა, მჯერა, ორი ქვეყნის ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ფრანგ ხალხს და ჩვენს ძვირფას პარტნიორებს, რომელთა ფასდაუდებელი მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის აღდგენა.
დღეიდან ლევილის ქართული მამული სრულად ფუნქციონირებს, როგორც ღია საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ცენტრი ჩვენი თანამემამულეებისთვის, დიასპორისთვისა და ყველასთვის, ვისაც სურს საქართველოს ისტორიისა და კულტურის ახლოს გაცნობა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის განსაკუთრებული, ძალიან ემოციური დღე თითოეული ჩვენგანისთვის და ყველას მინდა, მოგილოცოთ ეს არაჩვეულებრივი დღე,“- აღნიშნა პრემიერმა.
ცნობისთვის, 10 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთში მდებარე ლევილის მამულის რეაბილიტაციის ვადა 2026 წლის 31 აგვისტომდე გახანგრძლივდა, პროექტის ჯამური ღირებულება კი 4,445,764 ევრომდე გაიზარდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ საქართველოს ეროვნული მუზეუმს ორი მოქმედი ხელშეკრულების ცვლილებაზე თანხმობა მისცა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, ცვლილებები საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ფრანგულ კომპანიებს GOUNOT-სა და PGD BATIMENT-ს შორის 2025 წლის ნოემბერში გაფორმებულ ხელშეკრულებებს შეეხებოდა.
კომპანია GOUNOT-თან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ელექტროსამონტაჟო სამუშაოებს მოიცავდა, ცვლილების შემდეგ 1,089,756.38 ევროს შეადგენდა. მისი ღირებულება 38,058.04 ევროთი გაიზარდა.
კომპანია PGD BATIMENT-თან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ფიზიკური ინფრასტრუქტურისა და პარკის რეაბილიტაციას ეხებოდა, 3,356,008.20 ევრომდე გაიზარდა. ამ ხელშეკრულების ღირებულება 8,363.82 ევროთი გაიზარდა.
























