მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევილის მამულის რეაბილიტაციის ვადა გახანგრძლივდა, პროექტის ღირებულება 4.4 მილიონ ევრომდე გაიზარდა

ლევილი

საფრანგეთში მდებარე ლევილის მამულის რეაბილიტაციის პროექტის ჯამური ღირებულება 4,445,764 ევრომდე გაიზარდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ საქართველოს ეროვნული მუზეუმს ორი მოქმედი ხელშეკრულების ცვლილებაზე თანხმობა მისცა, რაც პროექტის ღირებულების ზრდასა და სამუშაოების დასრულების ვადის 2026 წლის 31 აგვისტომდე გახანგრძლივებას ითვალისწინებს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, ცვლილებები შეეხება საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ფრანგულ კომპანიებს GOUNOT-სა და PGD BATIMENT-ს შორის 2025 წლის ნოემბერში გაფორმებულ ხელშეკრულებებს.

კომპანია GOUNOT-თან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ელექტროსამონტაჟო სამუშაოებს მოიცავს, ცვლილების შემდეგ 1,089,756.38 ევროს შეადგენს. მისი ღირებულება 38,058.04 ევროთი გაიზარდა.

კომპანია PGD BATIMENT-თან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ფიზიკური ინფრასტრუქტურისა და პარკის რეაბილიტაციას ეხება, 3,356,008.20 ევრომდე გაიზარდა. ამ ხელშეკრულების ღირებულება 8,363.82 ევროთი გაიზარდა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის განმარტებით, ელექტროსამონტაჟო სამუშაოების მიმდინარეობისას საჭირო გახდა პროექტის ცალკეული კომპონენტების საფრანგეთის ტექნიკურ და უსაფრთხოების სტანდარტებთან დამატებითი შესაბამისობის უზრუნველყოფა. ასევე გადაიხედა ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის კონცეფცია, დაემატა კამერები, დაცვის ოთახში განთავსებული მართვის პულტი და მამულის ყველა შენობამდე ინტერნეტის საკაბელო ინფრასტრუქტურის მოწყობა.

ცვლილებები შეეხო გარე განათების ქსელებსაც, ხოლო ადგილობრივი მერიის მოთხოვნით გადაიხედა ელექტრომობილების დამტენი ინფრასტრუქტურა. ორი დამოუკიდებელი დამტენი სადგურის ნაცვლად პროექტი ერთ საპარკინგე სივრცეში ოთხი დამტენი წერტილის ინტეგრირებას ითვალისწინებს.

მუზეუმის განმარტებით, აღნიშნულმა დამატებითმა ტექნიკურმა საჭიროებებმა ხელშეკრულებით განსაზღვრულ გაუთვალისწინებელი ხარჯების 5%-იან ლიმიტს გადააჭარბა, რის გამოც ბიუჯეტის კორექტირება გახდა საჭირო.

დოკუმენტების მიხედვით, სამუშაოების დასრულების ვადის გახანგრძლივება ასევე განაპირობა საფრანგეთის ადმინისტრაციულმა პროცედურებმა და ერთ-ერთი კონტრაქტორის – SER Construction-ის სამუშაოების შეფერხებამ, რამაც პროექტის ცალკეული ეტაპების შესრულებაზე გავლენა მოახდინა.

ფიზიკური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, ატელიეების ფასადების დემონტაჟისას გამოვლინდა, რომ შენობებს სათანადო მზიდი კონსტრუქცია არ ჰქონდათ, რის გამოც საჭირო გახდა ახალი საძირკვლის მოწყობა, კონსტრუქციების გაძლიერება და ახალი სახურავის შესრულება.

სამუშაოების მიმდინარეობისას ასევე აღმოჩნდა აზბესტი, რის გამოც საფრანგეთის კანონმდებლობის შესაბამისად სამშენებლო პროცესი დაახლოებით სამი თვით შეჩერდა ტერიტორიის სპეციალიზებული გაწმენდის დასრულებამდე.

პროექტს დამატებით დაემატა სანიაღვრე ჭებისა და წყალარინების სისტემების მოწყობა, ავარიული კედლის რეაბილიტაცია, ასევე მეტალისა და ბეტონის ბორდიურების მოწყობა.

განახლებული შეთანხმებების თანახმად, ორივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები 2026 წლის 31 აგვისტოს უნდა დასრულდეს. პროექტი ფინანსდება საქართველოს ეროვნული მუზეუმისთვის 2025-2026 წლების სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები