მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევრობონდებით შეგვიძლია ინვესტორები დავაინტერესოთ, რომ „იყიდონ“ საქართველო-TBC Capital

605604368d77d
თელარა გელანტია
20.03.21 18:56
1766
მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს მთავრობა ახალ ევრობონდებს გამოუშვებს. საქმე ისაა, რომ 2021 წლის 12 აპრილს ქვეყანას $500 მილიონი დოლარის მოცულობის იმ 10-წლიანი ევროობლიგაციების დაფარვა უწევს, რომელიც საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე 2011 წელს განათავსა და მათი მეშვეობით 2008 წელს გამოშვებული $500 მილიონიანი ევროობლიგაციების რეფინანსირება მოახდინა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ევრობონდების გამოშვებისთვის მთავრობამ სამი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი - JP Morgan-ი, Goldman Sachs-ი და ICBC შეარჩია. გარდა ამისა, ადგილობრივი ბაზრის განვითარების ხელშეწყობისთვის მიზანშეწონილად ჩაითვალა პროცესში ადგილობრივი საინვესტიციო ბანკების ჩართვაც, რისთვისაც თანამონაწილის სტატუსით Galt & Taggart-ი და TBC Capital-ი შეირჩნენ.

„ჩემი აზრით, არსებული ევროობლიგაციების ისევ ევროობლიგაციით რეფინანსირება და ინვესტორების უფრო ფართო ბაზარზე გასვლა, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა“, - აცხადებს „თიბისი კაპიტალის” მმართველი დირექტორი მერი ჩაჩანიძე bm.ge-ისთან ინტერვიუში.

- 2020 წლის ბოლოს, ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი უშვებდა იმის ალბათობას, რომ საქართველოს $500 მლნ დოლარის ევროობლიგაციებს დაფარავდა, მაგრამ ფაქტია, რეფინანსირების გზა აირჩიეს. როგორ ფიქრობთ, რატომ?

- რეალურად, ისევე როგორც მსოფლიო, ჩვენი ქვეყანაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას და დამატებით $500 მილიონის ეკონომიკიდან ამოღება არასწორი იქნებოდა. მეორე მხრივ, სახელმწიფოს სადეპოზიტო ანგარიშზე აქვს განთავსებული ის ფინანსური რესურსი, რომელიც 2020 წელს მოიზიდა და სრულად არ დაუხარჯავს. ამდენად, იმის შესაძლებლობა, რომ ეს ევროობლიგაცია გადაეფარა ან ახალი რესურსი მოეზიდა სხვადასხვა IFI-ებისგან, იყო, თუმცა ჩემი პირადი აზრით, ევროობლიგაციის რეფირანსირება არის სწორი გადაწყვეტილება; ეს არ არის მხოლოდ თანხის მოძიების საშუალება, ეს არის უცხოელ საინვესტიციო ბანკებთან და საერთაშორისო ინვესტორებთან უფრო ახლოს ყოფნის გზა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტზე, რომელიც გვემუშავება, იქნება ეს IFC, EBRD თუ ADB, ისინი საქართველოს იცნობენ, მაგრამ ევროობლიგაციის გამოშვებით გავდივართ ინვესტორთა უფრო დიდ და დივერსიფიცირებულ ბაზარზე, რომლებსაც შეგვიძლია შევთავაზოთ საქართველოს ფასიანი ქაღალდი და მეტად დავაინტერესოთ, რომ საქართველო „იყიდონ“ ანუ ქართული რისკი იყიდონ. ამდენად, ეს კარგი შესაძლებლობა იქნება იმისთვის, რომ მეტი ახალი ინვესტორი გვყავდეს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ასეთი საჯარო ფასიანი ქაღალდები არის ბენჩმარკი, არასაჯარო განთავსებები კი ამის საშუალებას არ გვაძლევს. ამიტომ პირადად ჩემი აზრით, არსებული ევროობლიგაციის ისევ ევროობლიგაციით რეფინანსირება და ინვესტორების უფრო ფართო ბაზარზე გასვლა არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება.

- რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, ხომ არ მოგვიწევს კრედიტორებისთვის ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთის შეთავაზება, რათა იყიდონ საქართველოს ფასიანი ქაღალდი? რამდენადაც მახსოვს, 2008 წელს კუპონის განაკვეთი 7.5% იყო, 2011-ში - 6.9%...

- როგორც სახელმწიფოს, ასევე ბანკებს, რომლებიც ჩართული ვართ ამ პროცესში, გვაქვს მოლოდინი, რომ მნიშვნელოვნად დაბალ კუპონში მოხდება ობლიგაციების განთავსება. საქმე ისაა, რომ საქართველო დღეს ბევრად განსხვავებული ქვეყანაა, ვიდრე იყო 2008 ან 2011 წელს; დღეს ბევრად გაუმჯობესებულია ქვეყნის სუვერენული რეიტინგი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკეთესი პროცენტი გვექნება. ასეთი საჯარო განთავსების დროს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ის თუ რა სიტუაციაა ბაზარზე და დღესდღეობით, იანვრიდან მოყოლებული, ფასიანი ქაღალდების ბაზარი იყო ძალიან კარგ მდგომარეობაში. ამის შესანიშნავი მაგალითია სომხეთი, რომელმაც უპრეცედენტოდ დაბალ კუპონში შეძლო ფასიანი ქაღალდის გამოშვება, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთს ჩვენზე ორი საფეხურით დაბალი რეიტინგი აქვს.

- მთავრობის მიერ გავრცელებულ რელიზში ეწერა, რომ ადგილობრივი ბაზრის განვითარების ხელშეწყობისთვის მიზანშეწონილად ჩაითვალა პროცესში ადგილობრივი საინვესტიციო ბანკების ჩართვა, რისთვისაც თანამონაწილის სტატუსით Galt & Taggart-ი და TBC Capital-ი შეირჩნენ. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა იქნება თქვენი მისია?

- ეს ჩვენთვის ევროობლიგაციის პირველი ტრანზაქცია არ არის; თიბისი კაპიტალს დღემდე ოთხი ტრანზაქცია აქვს განხორციელებული. ერთიც მიმდინარე ევროობლიგაციის ტრანზაქცია გვაქვს და ეს იქნება ჩვენი რიგით მე-6 ევროობლიგაციის მანდატი. სხვათა შორის, ვამაყობთ იმით, რომ საქართველოში ყველაზე მეტი ევროობლიგაციის მანდატი TBC Capital-ს აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ქართული საინვესტიციო ბანკების ჩასმა ამ პროცესში, რადგან უცხოური საინვესტიციო ბანკების გამოცდილების ადგილობრივი ბანკებისთვის გაზიარება ხდება. ჩვენ ძალიან ბევრს ვსწავლობთ და მერე გადმოგვაქვს ისინი ქართული კაპიტალის ბაზრებზე, რათა საქართველოს კაპიტალის ბაზარი კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს როლს, სტანდარტულად, ყველა ბანკისთვის, რომელიც არის ჩართული, ხდება როლების გადანაწილება, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენი და Galt & Taggart-ის ძირითადი მისია იქნება, მოვაგროვოთ ადგილობრივი მოთხოვნა ანუ თუკი დაინტერესება იქნება საქართველოდან, რომ მიიღონ მონაწილეობა პირველად განთავსებაში სხვადასხვა კერძო კომპანიებმა, მათ შორის კომერციულმა ბანკებმა. მნიშვნელოვანია ასევე პროცესის ორგანიზებაც. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ჩვენ ყოველთვიურად ვაკეთებთ საქართველოს მაკროეკონომიკის განახლებას, ამიტომ ძალიან კარგად ვიცნობთ ჩვენს ეკონომიკას, ვიცით რა მდგომარეობაა და ამ ცოდნით და ინფორმაციით საერთაშორისო ბანკებს დავეხმარებით, რომ საქართველოს საკრედიტო ისტორია ძალიან კარგად მივაწოდოთ და მივყიდოთ პოტენციურ ინვესტორებს.

- ხომ არ ფლობთ ინფორმაციას, როდის მოხდება ფასიანი ქაღალდების განთავსება, რადგან როგორც ვიცით, $500 მილიონი დოლარის მოცულობის 10-წლიანი ევროობლიგაციების დაფარვა ქვეყანას 12 აპრილს უწევს...

- პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მანდატის გაფორმება და ის მიმდინარეობს. მოლოდინია, რომ ტრანზაქცია მალე დაიხურება და ევრობონდების რეფინანსირება მალე მოხდება. რაც შეეხება ვადას, ეს ბაზრის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, რომელიც შეიძლება რამდენიმე დღეშიც შეიცვალოს. რამდენადაც ვიცი, ფინანსთა სამინისტროს აქვს რესურსი, რომ თუკი 12 აპრილამდე არ მოხდება ფასიანი ქაღალდების განთავსება, გამოიყენოს არსებული რესურსი, გადაფაროს ევრობონდები და შედარებით გვიან გამოუშვას, თუმცა მაქსიმალურად ხდება დამიზნება, რომ გადახდა მოხდეს, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, თუ არ მოხდება, ესეც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები