17.დეკემბერი .2021 10:37

ევროპის საინვესტიციო ბანკის ქართულ სოფლებში ინტერნეტიზაციისთვის 34 მლნ ევროს გამოყოფს

ევროპის საინვესტიციო ბანკის ქართულ სოფლებში ინტერნეტიზაციისთვის 34 მლნ ევროს გამოყოფს
views 1878
უკან

ევროკავშირის საინვესტიციო ბანკი საქართველოს სოფლებში ეროვნული ინტერნეტის ფართოზოლოვანი ქსელის გაფართოებისთვის 34 მილიონ ევროს გამოყოფს.

როგორც bm.ge-ს საქართველოში ევროკავშირის საელჩოდან აცნობეს, ევროპის საინვესტიციო ბანკის ეს სესხი უზრუნველყოფილია ევროკავშირის გარანტით, საგარეო დაკრედიტების მანდატის ფარგლებში.

პროექტით, სწრაფი ინტერნეტი უნდა მიეწოდოს საქართველოს 1000 სოფელსა და შორეულ დასახლებაში მცხოვრები 500 000 საქართველოს მოქალაქეს. ევროკავშირის ბანკის ინვესტიცია დააფინანსებს 5000 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის ინსტალაციას და უზრუნველყოფს ღია დაშვების ინფრასტრუქტურის დანერგვას საქართველოს საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებისთვის მათ მიერ სწრაფი ინტერნეტის სერვისების უზრუნველსაყოფად. ევროკავშირმა გარანტია გარე დაკრედიტების მანდატის საფუძველზე გასცა.

„საქართველოში ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის სფეროში ინვესტიცია მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის და ასევე კეთილდღეობის მოსაპოვებლად. ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის მეშვეობით უკვე დავიწყეთ ადგილზე რეალური სარგებლის მოტანა. ეს არის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს მოდერნიზაციის, ეკონომიკური განვითარებისა და აღდგენის საქმეში, ასევე ციფრული ინტეგრაციის ხელშეწყობა მისი ეროვნული ფართოზოლოვანი სტრატეგიის შესაბამისად“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

„ევროპის გუნდთან, EU4Digital-თან, მსოფლიო ბანკთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად, ვაშენებთ თანამედროვე ინფრასტრუქტურას, რომელიც უმნიშვნელოვანესია თანამედროვე და აყვავებული საქართველოსთვის“, - განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკამ.

„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ციფრული ეკონომიკის განვითარებაა. ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ამ მხრივ უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ინსტიტუტების მხარდაჭერით, როგორიცაა ევროკავშირი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და მსოფლიო ბანკი, ჩვენ ამ მიზნისკენ ვისწრაფვით. ამ მისწრაფებას ადასტურებს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი „ბოჭკოვან-ოპტიკური ქსელი საქართველოს სოფლებში“ (“Rural Fibre Network Georgia“).

როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის პრიორიტეტების ფარგლებში ერთ-ერთი ფლაგმანი პროექტი, ის ხელს შეუწყობს სოფლების ციფრულ განვითარებას, რაც საბოლოოდ აისახება მათ ეკონომიკურ ზრდაზე. გარდა ამისა, იგი სრულად შეესაბამება საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელის ეროვნულ სტრატეგიას და მთავრობის 2021-2024 წლების პროგრამას. მსურს მადლობა გადავუხადო ევროკავშირს მუდმივი მხარდაჭერისთვის და მზადყოფნისთვის, დახმარება გაუწიოს საქართველოს პრიორიტეტული სექტორების წინსვლას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი საქართველოს Open Net პროგრამის ფარგლებში საჭირო ციფრულ მაგისტრალურ ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფს და საქართველოს სოფლებში ხელს შეუწყობს და გააფართოებს ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან კერძო პირებსა და საწარმოების წვდომას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა