მიმდინარე წლის ოქტომბერში ევროზონაში წლიურმა ინფლაციის დონემ 10.7%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია და 0.5 პროცენტული პუნქტით აჭარბებს ანალიტიკოსების პროგნოზს.
ევროსტატის განმარტებით, ინფლაციის დონის ზრდის ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი ენერგორესურსების 40%-ით გაძვირება და სურსათის ფასების თითქმის 10%-ით ზრდაა. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 10%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ფასებს, აღნიშნული მაჩვენებელი წლიური 4.8%-დან 5.0%-იან ნიშნულამდე გაიზარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ფასები თითქმის ყველა სასაქონლო ჯგუფში იზრდება.
ცნობისთვის, რეკორდულად გაზრდილი ინფლაციის მოსათოკად და ევროს მკვეთრი გაუფასურების შესაჩერებლად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის აგრესიული ტემპით გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. ECB-ის კომიტეტმა 27 ოქტომბერს რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 75 საბაზო პუნქტით, 1.5%-იან ნიშნულამდე გაზარდა.