მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook-მა საქართველოში დეზინფორმაციასთან ბრძოლის ახალი სისტემა აამოქმედა

5f6349f2814af
შოთა ტყეშელაშვილი
17.09.20 15:25
1996
დეზინფორმაციასთან ბრძოლის კამპანიაში, რომელიც ახალი ამბების უშუალო გადამოწმებას გულისხმობს, Facebook-ი საქართველოსაც ჩართავს. ამის შესახებ განცხადება კომპანიამ დღეს გააკეთა. Facebook-ის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოში ამ პროცესში ორგანიზაციები Fact Check Georgia და მითების დეტექტორი ჩაერთვებიან. 

აღნიშნული პროგრამის გაშვების შედეგად, ინფორმაციას, რომელსაც ფაქტების გადამოწმების პორტალი სიყალბედ შეაფასებს, Facebook-ი საინფორმაციო ველის (News feed) ქვედა ნაწილში განათავსებს. ეს ნიშანდობლივად შეამცირებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და, ასევე, შემცირდება იმ მომხმარებელთა რიცხვი, რომელსაც, შესაძლოა, დეზინფორმაცია მიეწოდოს.

Facebook-ის ინფორმაციით, გვერდებსა და ანგარიშებს, რომლებიც პერიოდულად ეცდებიან, გააზიარონ ცრუ ინფორმაცია, ავტომატურად შეეზღუდებათ მონეტიზაციისა და რეკლამის განთავსების შესაძლებლობები.

ფაქტების გადამოწმების პორტალის მიერ ცრუ ინფორმაციად შეფასებულ პოსტებს Facebook-ი თვალსაჩინოდ მონიშნავს. ამით, მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, გამოარჩიონ, სიმართლეა თუ არა პოსტი, რომელსაც ხედავენ, ან რომლის გაზიარებაც სურთ.

„გვიხარია, რომ Fact Check Georgia-სა და მითების დეტექტორთან თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში ფაქტების გადამოწმების პროგრამას გავუშვებთ. დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას ჩვენ საკმაოდ სერიოზულად ვეკიდებით. ამიტომ, მუდმივად ვმუშაობთ და ვცდილობთ, გამოვნახოთ გზები, რომ ხელი შევუშალოთ ჩვენს პლატფორმაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებას,“ - აცხადებს Facebook-ის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მენეჯერი, სოფი აიარსი.

ცრუ ინფორმაციასთან ბრძოლის სტრატეგიის მიხედვით, Facebook-ი აუქმებს ანგარიშებს და შლის კონტენტს, რომელიც არღვევს კომპანიის მიერ დაწესებულ სტანდარტებს, ან სარეკლამო პოლიტიკას. შედეგად, მცირდება ცრუ ინფორმაციისა და არაავთენტური კონტენტის გავრცელების შანსი.

"ჩვენი პარტნიორობა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე შედგა. ეს კი დაგვეხმარება, რომ სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის ვირუსული გავრცელება მინიმუმამდე დავიყვანოთ და, შესაბამისად, არჩევნების დემოკრატიულ საფუძვლებსაც საფრთხე ნაკლებად დაემუქრება,”- აცხადებს პაატა გაფრინდაშვილი, Fact Check Georgia-ს დამფუძნებელი.

„ჩვენი, როგორც ფაქტების გადამოწმების პლატფორმის მოვალეობაა, ამის შესახებ საზოგადოებას შევატყობინოთ. ჩვენ უნდა შევძლოთ და სანდო მედია პლატფორმების მიმართ საზოგადოების ნდობა შევინარჩუნოთ. დემოკრატიულ საზოგადოებას უნდა შეეძლოს, განასხვაოს დეზინფორმაცია სიმართლისგან, რათა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. საქართველოში Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის გაფართოება ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, საპარლამენტო არჩევნების წინ. ეს პროგრამა საარჩევნო პროცესის დეზინფორმაციისგან დასაცავად დაგვეხმარება,“ - აღნიშნავს „მითების დეტექტორის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი თამარ კინწურაშვილი.

დღეისათვის, Facebook-ს მსოფლიოს მასშტაბით 70-ზე მეტი პარტნიორი ჰყავს, რომელიც 50 ენაზე ფაქტების გადამოწმებაზე მუშაობს. კომპანია განაგრძობს ინვესტიციების ჩადებას, რათა ცრუ ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო მასშტაბური გახადოს.