მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფასანაურში ₾25 მლნ-მდე ინვესტიციით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „არაგვი რეზორტ ფასანაური“ გაიხსნება

642c2c53af9d1
ვიქტორია მღებრიშვილი
05.04.23 00:05
8633
ფასანაურში, 2024 წლის გაზაფხულამდე 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „არაგვი რეზორტ ფასანაურის“ გახსნა იგეგმება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 25 მლნ ლარამდეა. კომპანია პირად ფინანსურ რესურსთან ერთად პროექტს „აწარმოე საქართველოს“ სესხის თანადაფინანსების პროგრამით და "პროკრედის ბანკის" 5 მლნ ლარის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

კომპანია „არაგვი რეზორტის“ დამფუძნებელი გიორგი როსტიაშვილი BM.GE-სთან ამბობს, რომ კომპანიამ ფასანაურში სასტუმროს აშენების გადაწყვეტილება, 2021 წელს მიიღო და ამისთვის სახელმწიფო აუქციონზე 23 500 კვ.მ.-ის ფართობის მიწა 1 მლნ ლარად შეიძინა. უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი როსტიაშვილი მინის მწარმოებელი კომპანია LG Group-ის თანადამფუძნებელია, რომელიც წარმოებული პროდუქტის რეალიზებას ადგილობრივ და საექსპორტო ბაზარზე ახდენს.



„ფასანაურში, არაგვთან ახლოს 61-ნომრიანი სასტუმროს პროექტი ხორციელდება, რომელიც რესტორნის, საკონფერენციო სივრცეების, საცურაო აუზისა და ბოულინ სივრცის მოწყობას გულისხმობს. ფასანაურში ამ კატეგორიის სასტუმრო არ ფუნქციონირებს და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ლოკაციაზე სასტუმროს გახსნა.

დღეისთვის სასტუმროში შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. დიდი სურვილი გვაქვს, რომ სასტუმრო მიმდინარე წლის დეკემბერში გაიხსნას, თუმცა დავაკვირდებით პროცესებს და სასტუმროს გახსნას მაქსიმუმ 2024 წლის ზაფხულისთვის გვაქვს გაწერილი“, - აღნიშნა გიორგი როსტიაშვილმა.

გარდა ამისა, სასტუმრო გახსნის შემდეგ დამსვენებელს არაგვზე ჯომარდობას შესთავაზებს. კომპანია ფასანაურში სასტუმროს გახსნით 50-მდე სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს.



კითხვაზე - რატომ გადაწყვიტეს წარმოების შემდეგ ბიზნესის ტურიზმის მიმართულებით განვითარება, გიორგი როსტიაშვილი ამბობს: „საქართველოში LG Group-ს საკმაოდ დიდ პროექტებზე აქვს ნამუშევარი და ჩვენი წარმოებული მინით ისეთი სასტუმროები მოეწყო, როგორიცაა „გალარეა თბილისი“, Marriot Batumi, Wyndham Grand Tbilisi და ა.შ. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ თავადაც შეგვეძლო სასტუმრო პროექტის შესრულება, ამასთან ტურიზმის მიმართულებით განთავსების ობიექტის ამუშავების იდეა დიდი ხანია გვქონდა“, - აღნიშნა „არაგვი რეზორტის“ დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები