არაბთა გაერთიანებული საამიროების საინვესტიციო ჯგუფი ROTANA გონიოში 71 მლნ დოლარის საინვესტიციო ღირებულების პროექტის განხორციელებას იწყებს. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, აჭარის ა/რ-ის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე სასტუმროების საერთაშორისო ბრენდის, ROTANA-ს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა და საინვესტიციო ჯგუფს აჭარის საინვესტიციო პოტენციალი და ტურისტული შესაძლებლობები გააცნო.
„არაბთა გაერთიანებული საამიროების საინვესტიციო ჯგუფი საქართველოში პირველად განახორციელებს პროექტს, რომლის მოცულობა 71 მლნ აშშ დოლარი იქნება. პროექტი გონიოში 5-ვარსკვლავიანი, 546-ნომრიანი, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს. სასტუმროთა ქსელი Rotana ამჟამად ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, აღმოსავლეთ ევროპაში და თურქეთში 73 სასტუმროს მართავს, რომლებიც წელიწადში 6 მილიონზე მეტ სტუმარს ემსახურება“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
აჭარის მთავრობაში გამართულ შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თინა ზოიძე ესწრებოდნენ.
BMG საინვესტიციო პროექტის დეტალების გარკვევას აჭარის მთავრობაში შეეცდება.