მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch Ratings: სებ-ი მისი უპირველესი მანდატის, ფასების სტაბილურობის მტკიცედ ერთგული რჩება

610e33c01ef77
ინგა მურუსიძე
07.08.21 11:15
783
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ Fitch Ratings - მა საქართველოს პერსპექტივა უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, ხოლო სუვერენული რეიტინგი BB დონეზე შეინარჩუნა. საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს ინფორმაციას ანგარიშის შესახებ.

„ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მიერ პანდემიის და სხვა გარე შოკების საპასუხოდ გატარებული ღონისძიებები და ხაზგასმულია, რომ ეროვნული ბანკი მისი უპირველესი მანდატის - ფასების სტაბილურობის - მტკიცედ ერთგული რჩება.

გამოქვეყნებულ ანგარიშში Fitch Ratings აღნიშნავს:

"საქართველოს პერსპექტივის გადახედვა ასახავს გაუმჯობესებულ მაკროეკონომიკურ გარემოსა და Fitch - ის დარწმუნებულობას, რომ ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და საჯარო ფინანსების მდგრადობის ხელშეწყობა კვლავ გაგრძელდება. პანდემია მძიმე დარტყმა იყო საქართველოსთვის, თუმცა ქვეყანა საგარეო შოკს კარგად გაუმკლავდა. მიუხედავად დაფინანსების გაზრდილი საჭიროებისა, სანდო პოლიტიკის ჩარჩოსა და ოფიციალური კრედიტორების ძლიერი მხარდაჭერის შედეგად, ქვეყნის საგარეო ბუფერები გაძლიერდა.

სანდო პოლიტიკის კომბინაცია საქართველოს არამხოლოდ COVID-19 პანდემიით გამოწვეულ შოკთან, არამდე მსხვილი პარტნიორი ქვეყნებიდან (მათ შორის რუსეთი და თურქეთი) მომდინარე საგარეო შოკებთან გამკლავებაშიც დაეხმარა. საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციის თარგეთირების პოლიტიკის მანდატს მიჰყვება. ძლიერი ერთობლივი მოთხოვნის, იმპორტულ პროდუქციაზე გაზრდილი ფასებისა და გაუფასურებული ლარის ფონზე, სებ-ს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოუწია - მიმდინარე წლის განმავლობაში პოლიტიკის განაკვეთი სამჯერ (მარტი (+50 საბაზისო პუნქტი), აპრილი (+100 საბაზისო პუნქტი) და აგვისტო (+50 საბაზისო პუნქტი)) გაიზარდა 10%-მდე. ივლისში ინფლაციამ 11.9 პროცენტს მიაღწია. გამკაცრებული პოლიტიკა და ერთჯერადი ფაქტორების მილევა 2021 წლის მეორე ნახევარში ინფლაციას შემცირებაში დაეხმარება.

საქართველოში მაღალი დოლარიზაციის გამო არსებული მოწყვლადობის გათვალისწინებით, Fitch Ratings დარწმუნებულია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელმაც 2012 წლიდან სამომხმარებლო ფასების ინდექსისა და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის მერყეობა ‘BB’ რეიტინგის მქონე ქვეყნების ისტორიულ საშუალოზე ქვემოთ შეინარჩუნა, გააგრძელებს ფრთხილ მიდგომას.

მაღალი წმინდა საგარეო ვალი (მშპ-ს 77.4%, ‘BB’ ქვეყნების საშუალო - 18.7%) და დაბალი საგარეო ლიკვიდობის კოეფიციენტი (108.9%, ‘BB’ ქვეყნების საშუალო - 168.1%) საქართველოს მცირე და მაღალ დოლარიზებულ ეკონომიკას საგარეო შოკების მიმართ მოწყვლადს ხდის. თუმცა პანდემიის პირობებში ეს რისკები კარგად იმართებოდა, რაც ასახავს დონორთა ძლიერ მხარდაჭერას მთავრობის საგარეო დაფინანსების საჭიროებისთვის და სანდო მაკროპრუდენციულ და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს, რამაც საბანკო სექტორის სტაბილურობასა და ლარის მერყეობის შეკავებას შეუწყო ხელი.

ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ რეიტინგს გაუმჯობესებისკენ უბიძგებს მაკროეკონომიკური გარემო, რომელიც ასახავს საქართველოს პოლიტიკის ჩარჩოს სიძლიერესა და თანმიმდევრულობას, მათ შორის სანდო მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს, გონივრულ ფისკალურ სტრატეგიას და ისტორიულად საერთაშორისო სავალუტო ფონდის რაოდენობრივი და სტრუქტურული კრიტერიუმების შესრულებას. ამ პოლიტიკების ერთობლიობამ საგარეო შოკებისადმი, მათ შორის ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ნეგატიური მოვლენებისადმი, მდგრადობა წარმოაჩინა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკები შეამცირა“, - წერია სებ-ის ინფორმაციაში.