მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოფშორული კომპანიების სადამფუძნებლო სტრუქტურის შესწავლა იმავე პრაქტიკით მოხდება, რაც აქამდე მოქმედებს" - ეროვნული ბანკი

სოფო ასანიძე

ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტის მიერ ოფშორებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანის საგადასახადო შეღავათზე განმარტებას აკეთებს. სებ-ის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, სოფო ასანიძის განმარტებით, ეს ცვლილება პირდაპირ საბანკო გადარიცხვებს არ ეხება, რადგანაც ეს ოპერაციები ცალკე გადასახადებით ისედაც არ იბეგრება. ამასთან, სოფო ასანიძის განცხადებით ბანკები თითოეულ ოფშორთან მიმართებით იხელმძღვანელებენ იმ პრაქტიკით რაც აქამდეც მოქმედებდა, რაც კომპანიების სადამფუძნებლო სტრუქტურის შესწავლაში მდგომარეობს.

"ეს ცვლილება არ არეგულირებს საბანკო გადარიცხვებს, რადგანაც ჩარიცხვა გადარიცხვის ოპერაციები ცალკე გადასახადებით არ იბეგრება. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სტანდარტების, საუკეთესო პრაქტიკისა და ეროვნული ბანკის მითითებების შესაბამისად კომერციული ბანკები დღემდე აქტიურად სწავლობენ მსგავსი ტიპის ოპერაციებს ამიტომ აღნიშნული არ გამოიწვევს პროცესების შეცვლას, ვინაიდან სახსრების წარმომავლობისა და კომპანიის სადამფუძნებლო სტრუქტურის შესწავლა მოხდება იმავე სტანდარტით რაც აქამდე ხდებოდა. დამატებით ეროვნული ბანკი თავის მანდატის ფარგლებში სწავლობს როგორც ფულის გათეთრების, ასევე სანქციების რეჟიმებთან შესაბამისობის კუთხით არსებულ კონტროლის მექანიზმებს და სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალებთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს. უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის, Moneywall-ის მიერ დადებითად არის შეფასებული ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების საზედამხედველო პროცესი და პრაქტიკა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კუთხით და ასევე დადებითად არის შეფასებული კომერციული ბანკების კონტროლის პრაქტიკა,"- განმარტავს სოფო ასანიძე.

საქართველოს პარლამენტმა ოფშორული ზონებიდან აქტივების გადმოტანის საგადასახადო შეღავათები დაჩქარებული წესით, 19 აპრილს მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები