ბოლო 6 თვეში კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ბანკიდან აღებული ე.წ რეფინანსირების სესხების მოცულობა 4,1 მილიარდიდან 300 მილიონ ლარამდე შემცირდა. სებ-ის ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ბანკებს გაუჩნდათ საკუთარი, ალტერნატიული ლარის რესურსი და აღარ სჭირდებათ ცენტრალური ბანკის დახმარება. ბანკების ჭარბ ლიკვიდურობას კი რომან გოცირიძის განმარტებით, რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. მათ შორის სებ-ის რეზერვების შევსების პოლიტიკა, რაც მისი შეფასებით, ზრდის ინფლაციას და ხელს უშლის ლარის ბუნებრივ გამყარებას. ამასთან, უკრაინასთან ომის ფონზე, რუსეთის მოქალაქეები მასობრივად ყიდულობენ უძრავ ქონებას საქართველოში, რაც ფინანსურ სისტემას აძლიერებს. ბანკებში ფულის სიჭარბეს იწვევს უცხოეთიდან ფულადი გზავნილებიც წლიურად დაახლოებით 10 მლრდ ლარის მოცულობით, რასაც ემატება საპენსიო ფონდის 9 მილიარდი ლარი და ბიუჯეტის ნაშთები, რომლებიც კომერციულ ბანკებშია განთავსებული.
რომან გოცირიძის შეფასებით, არსებული ვითარება სერიოზულ რისკებს შეიცავს, რადგან ეროვნული ბანკის მიერ ლარის მასის ხელოვნური ზრდა ინფლაციას უწყობს ხელს, რაც პირდაპირ აისახება პროდუქტებისა და მომსახურების გაძვირებაზე. გარდა ეკონომიკური რისკებისა, აქტუალურია პოლიტიკური კონტექსტიც. რუსული ფინანსური ნაკადების მოზღვავება, მისი შეფასებით, ზრდის სანქციების გვერდის ავლის საფრთხეს და ქვეყნის ფინანსურ დამოკიდებულებას ოკუპანტ ქვეყანაზე.
“ანომალიური მოვლენა ხდება საქართველოს საბანკო სისტემაში. კომერციულმა ბანკებმა ფაქტობრივად უარი თქვეს ეროვნული ბანკიდან სესხების აღებაზე. ე.წ რეფინანსირების სესხების მოცულობა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში შემცირდა 13-ჯერ. ასეთი რამ საქართველოს საბანკო ცხოვრებაში არასდროს მომხდარა. ექვსი თვის წინ კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ბანკიდან აღებული სესხების მოცულობა შეადგენდა 4 მილიარდ ლარს, დღეისათვის იგი ჩამოვიდა 300 მილიონ ლარამდე.
ზოგადად, კარგია თუ ცუდია ეს მოვლენა? ამ მოვლენის უკან მრავალი ფაქტორი იმალება, ამიტომ მარტივი არ არის პასუხის გაცემა. ძალიან კარგია, როდესაც კომერციული ბანკები ნახულობენ უზარმაზარ მოგებას, რაც საბანკო სისტემის მდგრადობის ნიშანია. 3,3 მილიარდი ლარის ოდენობის მოგება მიიღეს ბანკებმა შარშან და წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტი იქნება.
მეორეს მხრივ - საიდან და რა გზით? კარგია, რომ კომერციულ ბანკებს არ სჭირდებათ ეროვნული ბანკისაგან სესხის აღება, რადგან მათ გაუჩნდათ საკუთარი რესურსი. საიდან გაჩნდა ეს რესურსი? აი, ამ კითხვაზე თუ გავცემთ პასუხს, ჩვენ დავინახავთ ამ მოვლენის როგორც დადებით, ასევე უარყოფით მხარეს.
მთავარი ფაქტორი ეს არის იმ უზარმაზარი ოდენობის ფინანსური ნაკადების წარმოქმნა საქართველოში, რომელიც დაკავშირებულია რუსეთთან და ზოგადად უკრაინაში ომთან. საქართველოში შემოედინება დიდძალი ფული და ნომერ პირველი მიზეზი როდესაც დიდი ოდენობის ლარის მასა გაუჩნდა კომერციულ ბანკებს, არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვა. ექვსი თვის განმავლობაში 1,4 მილიარდი დოლარი იყიდა ეროვნულმა ბანკმა. ერთის მხრივ ეს კარგია - ივსება რეზერვები, მაგრამ მეორეს მხრივ 4 მილიარდი ლარის დამატებითი ინიექცია მოხდა ბაზარზე, რაც რა თქმა უნდა იწვევს ფასების ზრდას და აჩქარებს ინფლაციას. ასევე, ის ხელს უშლის ლარის ბუნებრივ გამყარებას, ხოლო ლარის გამყარების შეფერხება ნიშნავს იმპორტის გაძვირებას.
ეროვნულმა ბანკმა ორი ალტერნატივიდან - რეზერვების შევსება და ზოგადად ფინანსური სტაბილურობის კიდევ უფრო განმტკიცება, თუ ფასების ზრდის მოთოკვა - აირჩია პირველი. ფაქტობრივად, დღეს ეროვნული ბანკის დოლარების შესყიდვა და ლარის მიმოქცევაში გაშვების პოლიტიკა ნიშნავს მოქალაქეების გაღარიბებას ფასების ზრდის გამო.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის დიდი ფინანსური ნაკადები, რომელიც მოძრაობს რუსეთიდან. რუსეთში 300-მდე ბანკია, სანქცირებული მხოლოდ 30. ეს არის თეთრი ფული, რუხი და შავი ფული, ეს არის კრიპტოფული და საქართველო გახდა ასეთი ლეგალური თუ არალეგალური წარმოშობის ფინანსური ნაკადების ჰაბი, რითაც რა თქმა უნდა საბანკო სისტემა სარგებლობს, მაგრამ მისი პოლიტიკური კონტექსტი არის სწორედ უკრაინის ომის ხარჯზე ხელის მოთბობა იგივე ქართული ბიზნესისა, რაც ხშირ შემთხვევაში სანქციების გვერდის ავლას უწყობს ხელს, ისევე როგორც რუსეთის სამხედრო მანქანის გაძლიერებას.
ერთ-ერთი მიზეზი ასევე არის მნიშვნელოვნად მზარდი გზავნილები უცხოეთიდან ჩვენი ემიგრანტების მიერ. ფაქტობრივად ქვეყანა იცლება, სამუშაო ძალა მიდის, მაგრამ იქ საქმდება და უცხოეთიდან შემოდის დიდძალი ოდენობის ვალუტა, რომელიც შემდეგ კონვერტირდება ლარებში და ეს არის დაახლოებით 10 მილიარდი ლარი წელიწადში. უზარმაზარი ფულია ეს და სწორედ აი ეს გადახურდავებული ფული ქმნის დამატებით რესურსებს, იზრდება დეპოზიტები. ამ ექვს თვეში გაიზარდა ლარში დეპოზიტები დაახლოებით 16-18%-ით, რაც საბანკო სისტემას დამატებით ლარის რესურსებს უქმნის, ანუ ლარით გაჯერება ხდება კომერციული ბანკების.
ასევე ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ კომერციულმა ბანკებმა უცხოეთიდან აიღეს საკმაო რაოდენობით სესხები მიმდინარე წლის განმავლობაში.
ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია მთავრობის მიერ ბიუჯეტის არათანმიმდევრული ხარჯვაც, როდესაც ფული გროვდება წლის პირველ ნახევარში და შემდეგ ახსენდებათ, რომ ეს ფული დასახარჯია. როდესაც ხდება შეფერხება ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულის ათვისებაში, ეს ფული კომერციული ბანკების ანგარიშზე ილექება, ანუ მთავრობის ფული კომერციულ ბანკებს დეპოზიტზე უდევთ. ასეთ შემთხვევაში მათ არ სჭირდებათ სხვა ფულის მოზიდვა, ისევე როგორც დაახლოებით 9 მილიარდ ლარამდე უკვე საპენსიო ფონდის ფული ძირითადად კომერციულ ბანკებში არის განთავსებული.
რომ შევაჯამოთ, ამ მოვლენას აქვს ორი მხარე - დადებითი და უარყოფითი. ამ უარყოფითი მხარის სხვაგვარად წაკითხვა უკვე პოლიტიკურ სურათს გვიჩვენებს, რაც გამოიხატება რუსეთისადმი მხარდაჭერაში, სანქციების გვერდის ავლაში, რუსეთის ეკონომიკასთან ფინანსურად და სხვა არხებით მიბმაში. ერთ-ერთი ფაქტორი რა თქმა უნდა არის რუსეთის მოქალაქეების მიერ დიდძალი უძრავი ქონების შეძენა საქართველოში. ასეულ მილიონობით ფული იქნა დაბანდებული ბოლო წლებში და მათ შორის წელსაც გრძელდება - ყიდულობენ მიწებს, ბინებს, უძრავ ქონებას. ეკონომიკურად ეს ნიშნავს ფინანსური სისტემის გაძლიერებას და ინვესტიციების მატებას, ხოლო პოლიტიკურად დემოგრაფიული ბალანსის შეცვლას.
ასე რომ, ცალსახად კარგია თუ ცუდია ამის თქმა არ არის მარტივი, მაგრამ პროცესების მართვა არის საჭირო პროფესიონალურად და არა ისე ხისტად, როგორც დღეს ხდება ეროვნული ბანკისა და მთავრობის მიერ”, - აცხადებს რომან გოცირიძე.




























