საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2026 წლის მაისის ბოლოსათვის 71.33 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.31 მილიარდი ლარით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, დეპოზიტების ზრდა ასწრებს დაკრედიტების მატებას და ის გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე წლიურად 22%-ით არის მომატებული. შედარებისთვის დაკრედიტების ზრდა 14.2%-ია.
"დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2026 წლის მაისის ბოლოსათვის 54.93% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 1.53 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 1.30 პროცენტული პუნქტით).
მაისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.08% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.83%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.49%.
მაისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 1.35 მილიარდი ლარით, ანუ 3.99%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.33%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 40.88 მილიონი ლარით, ანუ 0.11%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.40%-ით).
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 77.73%, ხოლო ევროს წილმა 20.15% შეადგინა,"- წერს ეროვნული ბანკი.




























