2026 წლის ივლისში ქართულმა კომერციულმა ბანკებმა ეროვნული ბანკისგან რეფინანსირების სესხები სამჯერ აიღეს, სამივე შემთხვევაში აღნიშნული კრედიტების მოცულობა წინა პერიოდთან შედარებით მკვეთრად არის შემცირებული. ის საშუალოდ 322 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 93%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
აღსანიშნია, რომ რეფინანსირების სესხების აღნიშნული მოცულობა 2023 წლის ზაფხულის შემდეგ მინიმალურია. შედარებისთვის, პიკური პერიოდში რეფინანსირების სესხები 4.5 მილიარდ ლარს აღემატებოდა, ხოლო მაქსიმუმი 5.4 მილიარდი ლარის ოდენობით 2025 წლის აპრილში დაფიქსირდა.
კომერციული ბანკები სებ-ისგან რეფინანსირების სესხებს ეროვნული ვალუტის ლიკვიდობის სამართავად იღებენ. ეს არის მოკლევადიანი კრედიტები, რომელთა დაფარვის ვადაც შვიდ დღეს შეადგენს. უკანასკნელ პერიოდში რეფინანსირების სესხების მოცულობის მკვეთრი შემცირება ემთხვევა საბანკო სექტორში დეპოზიტების ზრდის მნიშვნელოვან ტენდენციას.
როგორც წესი ქართულ ბანკებში დაკრედიტების ზრდის ტემპი დეპოზიტების ზრდის ტემპს აჭარბებს, თუმცა 2025 წლის სექტემბრის შემდეგ, დაკრედიტებაზე მეტად დეპოზიტების მოცულობა უფრო მაღალი ტემპით იზრდება. 2026 წლის მაისის მდგომარეობით დაკრედიტების წლიური მატება 13.48% იყო, ხოლო დეპოზიტების მატებამ წლიურად 21% შეადგინა და დეპოზიტების მოცულობა რეკორდულ 71.3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. აღნიშნულის შედეგად სადეპოზიტო პორტფელსა და საკრედიტო პორტფელის ზომას შორის სხვაობა 2 მილიარდ ლარამდე შემცირდა.
შესაბამისად, დეპოზიტების ზრდიდან გამომდინარე, ბანკებს დაუგროვდათ საკმარისი მოცულობის შიდა რესურსი, რის გამოც მათი მხრიდან სებ-ის რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნა შემცირდა.
ანალოგიური აღინიშნებოდა 2023 წელსაც, რადგან აღნიშნული წლის განმავლობაში დეპოზიტების პორტფელი დაუახლოვდა და გაუტოლდა საკრედიტო პორტფელის ზომას, რასაც ბანკების მხრიდან რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნის შემცირება სდევდა თან. თუკი 2022 წლის ბოლოს ბანკები საშუალოდ 2.6 მილიარდი ლარის რეფინანსირების სესხებს იღებდნენ, 2023 წლის ზაფხულში, ანუ მაშინ როდესაც დეპოზიტების პორტფელი საკრედიტო პორტფელს გაუტოლდა, რეფინანსირების სესხები კვირაში საშუალოდ 260 მილიონ ლარამდე შემცირდა.
ასევე კიდევ ერთი ფაქტორია სებ-ის მიერ სავალუტო ბაზარზე სავალუტო რეზერვების შევსების მიზნით დოლარის შესყიდვა, რა დროსაც სებ-ს ბაზარზე გამოაქვს ლარის რესურსი და ყიდულობს დოლარს. 2026 წლის იანვარ-მაისში სებ-მა 2.4 მილიარდი დოლარი შეისყიდა, რის სანაცვლოდაც საბანკო სისტემას 6.6 მილიარდი ლარის ეროვნული ვალუტის რესურსი მიეწოდა.
უკანასკნელ პერიოდში დეპოზიტების მატებაზე გავლენა მოახდინა საქართველოს მთავრობის საქმიანობამაც, საქმე ისაა რომ ფინანსთა სამინისტრო უკანასკნელი წლების განმავლობაში აქტიურად იყენებს სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის კომერციული ბანკების სარგებლიან ანგარიშზე განთავსების სქემას - 2026 წლის მაისის მდგომარეობით მთავრობას 6 მილიარდი ლარი აქვს ბანკებში განთავსებული. შედარებისთვის წინა წელთან შედარებით ეს თანხა 1.7 მილიარდი ლარით არის გაზრდილი. აღნიშნული ფაქტორიც ბანკებში ლარის რესურსის მატებას განაპირობებს, რის გამოც მათი მხრიდან სებ-ის რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნა მცირდება.




























