მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი განმარტავს რა გავლენა აქვს სავალუტო რეზერვების შესყიდვას რეფინანსირების სესხებზე

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ კომერციული ბანკების მიერ რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნის შემცირება, მნიშვნელოვანწილად, სავალუტო ინტერვენციების შედეგად საბანკო სისტემაში ლარის ლიკვიდობის ზრდით არის განპირობებული.

ეროვნული ბანკის განცხადებით, ის საბანკო სისტემას ლარის იმ მოცულობის ლიკვიდობას აწვდის, რომელზეც მოთხოვნა არსებობს, რათა მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთები მონეტარული პოლიტიკის მთავარ ინსტრუმენტთან - რეფინანსირების განაკვეთთან ახლოს შენარჩუნდეს.

„ეროვნული ბანკი საბანკო სისტემას აწვდის ლარის ლიკვიდობის იმ მოცულობას, რომელზეც სისტემაში მოთხოვნა არსებობს, რათა მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთები მონეტარული პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტის, რეფინანსირების განაკვეთის ახლოს ჩამოყალიბდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საბანკო სისტემისთვის საჭირო ლარის ლიკვიდობა სხვადასხვა არხით შეიძლება იყოს მიწოდებული, ხოლო რეფინანსირების სესხები ამ მიწოდების დაბალანსების ერთ-ერთი ინსტრუმენტია“, - აცხადებს ეროვნული ბანკი.

სებ-ის განმარტებით, რეფინანსირების სესხების მოცულობის შემცირება პირდაპირ კავშირშია სავალუტო ბაზარზე განხორციელებულ ინტერვენციებთან, რომელთა შედეგადაც საბანკო სისტემაში დამატებითი ლარის რესურსი შევიდა.

„რეფინანსირების სესხების მოცულობის შემცირება მნიშვნელოვანწილად სავალუტო ინტერვენციების შედეგად საბანკო სისტემაში ლარის ლიკვიდობის ზრდას უკავშირდება. კერძოდ, 2025 წელს ეროვნულმა ბანკმა ჯამურად 2 მილიარდ 432 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა, რის შედეგადაც საბანკო სისტემას 6 მილიარდ 617 მილიონ ლარის ლიკვიდობა მიეწოდა. 2026 წლის მაისის მდგომარეობით კი შესყიდული უცხოური ვალუტის მოცულობამ 1 მილიარდ 465 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საბანკო სისტემისთვის დამატებით 3 მილიარდ 936 მილიონი ლარის მიწოდებას ნიშნავს. შედეგად, საბანკო სისტემას საჭირო ლიკვიდობა საერთაშორისო რეზერვების აკუმულირების პროცესში მიეწოდება“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის განმარტებაში.

2026 წლის ივლისში ქართულმა კომერციულმა ბანკებმა ეროვნული ბანკისგან რეფინანსირების სესხები სამჯერ აიღეს. სამივე შემთხვევაში სესხების მოცულობა წინა პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა და საშუალოდ 322 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 93%-ით ნაკლებია.

ეს მაჩვენებელი 2023 წლის ზაფხულის შემდეგ ყველაზე დაბალია. შედარებისთვის, პიკურ პერიოდში რეფინანსირების სესხების მოცულობა 4.5 მილიარდ ლარს აღემატებოდა, ხოლო რეკორდული 5.4 მილიარდი ლარი 2025 წლის აპრილში დაფიქსირდა.

რეფინანსირების სესხები კომერციული ბანკებისთვის მოკლევადიანი, შვიდდღიანი დაფინანსების ინსტრუმენტია, რომელსაც ისინი ლარის ლიკვიდობის სამართავად იყენებენ.

რეფინანსირების სესხების შემცირება ემთხვევა საბანკო სექტორში დეპოზიტების ზრდის დაჩქარებას. თუ, როგორც წესი, დაკრედიტების ზრდის ტემპი დეპოზიტების ზრდას აღემატება, 2025 წლის სექტემბრის შემდეგ ტენდენცია შეიცვალა და დეპოზიტებმა უფრო სწრაფი ზრდა აჩვენა. 2026 წლის მაისისთვის სესხების წლიური ზრდა 13.48% იყო, მაშინ როდესაც დეპოზიტების მოცულობა 21%-ით გაიზარდა და რეკორდულ 71.3 მილიარდ ლარს მიაღწია. შედეგად, სადეპოზიტო და საკრედიტო პორტფელებს შორის სხვაობა დაახლოებით 2 მილიარდ ლარამდე შემცირდა.

გაზრდილი სადეპოზიტო რესურსის პირობებში ბანკებს ლარის შიდა რესურსი გაუუმჯობესდათ, რის გამოც ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნა შემცირდა.

მსგავსი ტენდენცია 2023 წელსაც დაფიქსირდა. მაშინ, როდესაც დეპოზიტების პორტფელი საკრედიტო პორტფელის მოცულობას გაუტოლდა, ბანკების მიერ ყოველკვირეულად აღებული რეფინანსირების სესხები 2022 წლის ბოლოს არსებული საშუალო 2.6 მილიარდი ლარიდან 2023 წლის ზაფხულში დაახლოებით 260 მილიონ ლარამდე შემცირდა.

საბანკო სისტემაში ლარის რესურსის ზრდაზე გავლენას ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების კომერციულ ბანკებში განთავსებაც. 2026 წლის მაისის მდგომარეობით, ფინანსთა სამინისტროს კომერციულ ბანკებში დაახლოებით 6 მილიარდი ლარი ჰქონდა განთავსებული, რაც წინა წელთან შედარებით 1.7 მილიარდი ლარით მეტია. ეს ფაქტორიც ზრდის საბანკო სექტორის ლარის ლიკვიდობას და, შესაბამისად, ამცირებს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები