მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes-მა მილიარდერების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა

5e8e118c235eb
ნათია თაქთაქიშვილი
09.04.20 00:10
1810
ამერიკულმა Forbes-მა პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგი განაახლა. წელს სიაში 2095 ადამიანი მოხვდა, რაც წინა წელთან შედარებით 58-ით ნაკლებია. მილიარდერთა რაოდენობის შემცირებას გამოცემაში ახალი კორონავირუსის პანდემიას უკავშირებენ.

მიმდინარე წელს პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ქონებამ 8 ტრილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 700 მილიარდი დოლარით ნაკლებია. წინა წელთან შედარებით სიიდან ამოვარდა 267 ბიზნესმენი, ხოლო დარჩენილი მონაწილეების 51% წელს გაღარიბდა.

ყოველწლიური სიის სამეულში პირველად შევიდა პრემიუმ ბრენდების ჰოლდინგის LVMH-ის მფლობელი, ბერნარ არნო. მიუხედავად იმისა, რომ წლის განმავლობაში მისი ქონება თითქმის არ შეცვლილა და დაახლოებით 76 მილიარდ დოლარს შეადგენს - ეს საკმარისი აღმოჩნდა იმ ფონზე, როდესაც უორენ ბაფეტის ქონება 15 მილიარდი დოლარით შემცირდა.

წლის განმავლობაში მსოფლიოში სულ 178 ახალი მილიარდერი გამოჩნდა, აქედან თითქმის ნახევარი - 80 ჩინეთის მოქალაქეა, ხოლო 43 აშშ-ის. მათ ჯამურ ქონებას Forbes 369 მილიარდად აფასებს - 150 მილიარდი აშშ, 123 მილიარდი ჩინეთი.

ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ახალბედა სიაში, კომპანია Zoom Communications-ის დამფუძნებელი, ერიკ იუანია. კომპანია მომხმარებლებს ვიდეო სერვისებს სთავაზობს და ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ერთად სერვისზე მოთხოვნა არნახულად გაიზარდა. ერიკ იუანის ქონებას გამოცემა 5,5 მილიარდი დოლარით აფასებს.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყოველწლიური დანაკარგები გამოცემამ 1 მილიარდი დოლარით შეაფასა.

უმდიდრესი ქალის სტატუსი ელის უოლტონმა მოიპოვა. მსოფლიოს უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელის, Walmart-ის დამფუძნებლის, სემ უოლტონის ერთ-ერთი შვილის ქონება წელს 10 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რის შედეგედაც ელის უოლტონმა გადაასწრო ფრანსუაზა ბეტანკურ-მეიერსს.

სულ წლევანდელ მილიარდერთა სიაში 234 ქალია, რაც წინა წელთან შედარებით 10-ით ნაკლებია, მაგრამ გაიზარდა ქალების ჯამური ქონებაც და 927 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს დიდწილად ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლის მაკენზი ბეზოსის დამსახურებაა, რომლის ქონებაც 36 მილიარდ დოლარს უტოლდება, სიაში პირველად გამოჩნდა ჯული კოხიც – გარდაცვლილი დევიდ კოხის ქვრივი.

2095 მილიარდერიდან 30 წელზე ახალგზარდა მხოლოდ 10 მათგანია, მათი ჯამური ქონება კი 15,7 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ნიუ-იორკმა წელსაც შეინარჩუნა ქალაქის სტატუსი, რომელშიც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს. ამ დროისთვის ნიუ-იორკში 92 მილიარდერი ცხოვრობს, რაც წინა წელთან შედარებით 8-ით მეტია. მეორე ადგილს 71 მილიარდერით ჰონგ-კონგი იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე 70 მილიარდერით მოსკოვია.