მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი $10 მილიონი დოლარის ქონებას ფლობს, რომელიც, უმეტესწილად, უძრავ ქონებაში არის დაბანდებული, - ამ დასკვნამდე ამერიკული Forbes-ი მივიდა, რომელმაც აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ქონება შეისწავლა. გამოცემის ინფორმაციით, თეთრ სახლში გადმობარგების შემდეგ, ჯო ბაიდენის ქონება $2 მილიონით გაიზარდა, მაგრამ ეს მატება უკავშირდება არა ბაიდენების საოჯახო ბიზნესს, რომელსაც ოჯახი ამერიკის საზღვრებს გარეთ ფლობს, არამედ ქვეყნის შიგნით უძრავი ქონების გაძვირებას.
ჯო ბაიდენი შტატ დელავერში მდებარე ორ სახლს ფლობს, რომელთა ჯამური ღირებულება, დღეს, $7 მილიონს შეადგენს, რაც $1.8 მილიონით მეტია, ვიდრე მაშინ, როცა ბაიდენი პრეზიდენტად აირჩიეს. მისი ყველაზე ძვირად ღირებული უძრავი ქონება რეჰობოტ-ბიჩში მდებარე 445 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე საზაფხულო სახლია, რომელიც $4.5 მილიონადაა შეფასებული. ბაიდენმა ეს სახლი 2017 წელს შეიძინა, როცა არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტის დატოვება მოუხდა. იმ დროს, საჯარო ლექციების ჩატარებით და წიგნების წერით, ბაიდენმა $11.1 მილიონის შემოსავალი მიიღო. მოგვიანებით, ბაიდენმა ამ სახლში დამატებითი ინვესტიცია განახორციელა და მას $75 ათასად შეფასებული აუზი შემატა.
ქალაქ უილმინგტონის გრინვილის უბანში, პრეზიდენტი ბაიდენი კიდევ უფრო დიდ, მაგრამ ნაკლებად შეფასებულ სახლს ფლობს. ეს სახლი, რომლის ფართობიც 636 კვადრატულ მეტრს შეადგენს, ბაიდენმა თავად ააშენა, ჯერ კიდევ 1998 წელს, რომელსაც, 2005 წელს, 176 კვადრატული მეტრის ფართობის კოტეჯი შემატა. თავად მიწა, რომელზედაც აღნიშნული უძრავი ქონებაა განლაგებული, ჯო ბაიდენმა 1996 წელს, $350 ათასად შეიძინა. დღეს, ეს სახლი $2.5 მილიონადაა შეფასებული, რაც $700 ათასით მეტია, ვიდრე მაშინ, როცა ბაიდენი პრეზიდენტი გახდა.
უძრავი ქონების გარდა, აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ძვირად ღირებულ ნივთებსაც ფლობს - ერთ-ერთი მათგანია 1967 წლის Corvette Stingray-ი, რომელიც, ჯო ბაიდენმა მამისგან საჩუქრად მიიღო. თუ გამოშვების დროს, ეს ავტომობილი $5600 ღირდა, ანუ $51 ათასი დღევანდელი კურსით, დღეს, ეს კონკრეტული ავტომობილი, რომელსაც ბაიდენი ჯერ კიდევ ფლობს, $100 ათასადაა შეფასებული.
კიდევ ერთი სახლი, რომელსაც ჯო ბაიდენი დელავერის შტატში ფლობს, თავის დროზე, დუპონების წარჩინებულ ოჯახს ეკუთვნოდა. ეს სწორედ ის სახლია, რომლის გარშემო, საპრეზიდენტო არჩევნების დროს მითქმა-მოთქმა არ წყდებოდა, რადგან აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილი, ერიკ ტრამპი ამტკიცებდა, რომ ბაიდენმა ეს სახლი ქრთამის სახით მიიღო. თუმცა, როგორც ირკვევა, ამ სახლის შესაძენად, ჯო ბაიდენმა სესხი ჯერ კიდევ მაშინ აიღო, როცა სენატორი იყო და წელიწადში $43 ათასს გამოიმუშავებდა - იმ დროს, ამ სახლში ბაიდენმა $185 ათასი გადაიხადა. აღნიშნული უძრავი ქონება ჯო ბაიდენმა 1996 წელს, $1.2 მილიონად გაყიდა.
რეალურად, ქონების უდიდესი ნაწილი ჯო ბაიდენმა მას შემდეგ დააგროვა, რაც არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ვიცე-პრეზიდენტობიდან გადადგა. ჯო ბაიდენის შემოსავალი წლების მიხედვით, შემდეგნაირად გამოიყურება:
2017 - $11.1 მილიონი
2018 - $4.6 მილიონი
2019 - $1 მილიონი
2020 - $630 ათასი
დღეს, ჯო ბაიდენის ქონებას ამერიკული Forbes-ი $10 მილიონად აფასებს. აღსანიშნავია, რომ ბაიდენის ქონების მხოლოდ მცირე ნაწილი, კერძოდ $310 ათასი მოდის ფასიან ქაღალდებზე, რომელთა შესყიდვით, ბაიდენი დიდად არასდროს ინტერესდებოდა - ფულს, როგორც წესი, ბაიდენი საბანკო დეპოზიტებზე ინახავს. ბაიდენის დამატებითი შემოსავლის წყაროს მისი ხელფასი და საპენსიო გადასახადი წარმოადგენს - პრეზიდენტის წლიური ხელფასი $400 ათასს შეადგენს, საპენსიო გადასახადი კი - $250 ათასს უდრის.