რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაათავისუფლა ეკიპაჟის ორი რუსი წევრი ატლანტის ოკეანეში ოთხშაბათს დაკავებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერიდან.
სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ შემდეგი განცხადება გააკეთა: „მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას და მადლიერებას ვუცხადებთ აშშ-ის ხელმძღვანელობას. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ყველა საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში სწრაფი დაბრუნების უზრუნველყოფასთან“.
ვენესუელასთან დაკავშირებული, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი Marinera აშშ-მა ატლანტის ოკეანეში 7 იანვარს დააკავა. აშშ-ის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, Bella 1-ს ნავთობი ვენესუელიდან და ირანიდან გადაჰქონდა (დაკავების დროს ტანკერი რუსეთის დროშით შეცვლილი სახელით Marinera დაცურავდა). ბონდის თანახმად, სანქციების დარღვევის გარდა ტანკერის ეკიპაჟი არ დაემორჩილა აშშ-ის სანაპირო დაცვის მოთხოვნას და გაქცევა სცადა. აღსანიშნავია, რომ შეერთებულმა შტატებმა Bella 1-ს სანქციები 2024 წელს დაუწესა, როგორც „ჩრდილოვანი ფლოტის” გემს, რომელსაც უკანონოდ ირანული ნავთობი გადაჰქონდა.
რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის მიერ დაკავებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა. მათივე ცნობით, ტანკერის ეკიპაჟი 28 ადამიანისგან შედგება, საიდანაც 20 უკრაინის მოქალაქეა, ექვსი საქართველოს მოქალაქე (მათ შორის კაპიტანი), ხოლო ორი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.



























