ფოთის პორტი საქართველოს უმსხვილესი ლოგისტიკური ცენტრია და ქვეყნის ექსპორტ/იმპორტის და საერთაშორისო ტრანზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მასზე მოდის. პორტს დანიური კომპანია APM Terminals-ი მართავს, რომელიც თავის მხრივ, Maersk-ის ჯგუფის წევრია.
კომპანიამ 2020 წლის ფინანსური ანგარიში უკვე წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, კომპანიის მთლიანი შემოსავალი ეკონომიკური კრიზისისა და გადაზიდვების კლების შედეგად 13%-ით, 194.5 მილიონ ლარამდე შემცირდა.
თუმცა შემოსავლის კლების მიუხედავად, ფოთის პორტს 2019 წელთან შედარებით წმინდა მოგება 5 მლნ ლარით, 121 მილიონმდე გაეზარდა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასულ წელს კომპანიამ 9.4 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოგების მნიშვნელოვანი ნაწილი APM-მა მის მშობელ კომპანიაზე გაანაწილა.
ფოთის პორტს ჯამურად 15 ნავმისადგომი აქვს, საიდანაც APM Terminals-ს 8 ნავმისადგომი გრძელვადიანი იჯარით სხვა კომპანიებზე აქვს გადაცემული.
2020 წელს პორტმა სულ 847 გემი მიიღო (2019 წელს 1,030), 27%-ით შემცირდა გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობაც, რამაც გასულ წელს 387,368 შეადგინა.
კონკრეტული წყაროების მიხედვით, ფოთის პორტის შემოსავლები ასე ნაწილდება:
1) კონტეინერები და საზღვაო ტვირთები - 96,897,000 ლარი;
2) ამონაგები საზღვაო მომსახურებიდან - 53,396,000 ლარი;
3) ამონაგები სასაწყობე ტერიტორიის მართვიდან - 17,276,000 ლარი;
4) ამონაგები იჯარიდან - 21,487,000 ლარი;
5) ამონაგები დამატებითი მომსახურებებიდან - 5,496,000 ლარი.
კომპანიის მმართველობით ანგარიშში ნათქვამია, რომ APM Terminals-ი პორტის გაფართოებას და ახალი ტერმინალის აშენებას გეგმავს. როგორც ცნობილია, პროექტთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულების შესახებ ეკონომიკის სამინისტროს საერთაშორისო იურიდიული ფირმა Hogan Lovells-ი ჰყავს დაქირავებული. სამინისტროს ინფორმაციით, APM პროექტზე $170 მილიონის დახარჯვას განიხილავს.
“კომპანიამ წარადგინა ამჟამინდელი ლოკაციის ჩრდილოეთით გაფართოების პროექტი. პროექტი მოიცავს დამატებითი, 1,600 მეტრიანი ტალღთმტეხის, 700 მეტრიანი სანაპირო ნავმისადგომისა და 25 ჰექტარი სასაწყობო ტერიტორიის მშენებლობას თანამედროვე სამუშაო მოწყობილობებითა და ზედსტრუქტურებით.
გაფართოების პროექტი მიმართულია ორივე - ნაყარი მშრალი და საკონტეინერო ტვირთებისკენ და საშუალებას მისცემს ნავსადგურს მოემსახუროს 250 მ საერთო სიგრძის და 13.5 მ სიღრმის წყალშიგის მქონე გემებს და ამით ნავსადგურს საშუალებას ეძლევა გაუმჯობესებული სამომხმარებლო წინადადებების შეთავაზებისთვის უფრო დიდი ტევადობის გემების მომსახურებისა და უფრო სწრაფი ბრუნვის უზრუნველსაყოფად, რის შედეგადაც ინფრასტრუქტურის დაჩქარება და მიწოდების ჯაჭვის გაუმჯობესება ხდება, რაც სასიკეთოა ფოთისთვისაც და საქართველოსთვისაც", - ნათქვამია პორტის მმართველობით ანგარიშში.
“ფოთის პორტის” აქტივები 560 მილიონი ლარია; კომპანიის ვალდებულებები ჯამში 32.8 მილიონ ლარს შეადგენს.