მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Frontera ეკონომიკის სამინისტროს პასუხობს

5ef5b425bd4ac
შოთა ტყეშელაშვილი
26.06.20 12:35
1088
ამერიკული ენერგოკომპანია Frontera ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. კომპანია აცხადებს, რომ მთავრობა აგრძელებს იმ კონტრაქტის უგულვებელყოფას, რომელიც Frontera-სა და საქართველოს სახელმწიფოს შორის წლების წინ გაფორმდა. ამასთანავე, კომპანია სამინისტროს კომუნიკაციის ფორმას აკრიტიკებს, განცხადებაში ნათქვამია, რომ მოლაპარაკებების შესახებ მოწვევის მედიის მეშვეობით გაგზავნა დამამცირებელ ფორმას წარმოადგენს. 

"25 ივნისს ჩვენთვის ცნობილი გახდა რომ ეკონომიკის სამინისტრომ გააგრძელა საჯარო დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს მთავრობასა და ჩვენს კომპანიას შორის გაფორმებულ კონტრაქტთან და 2018 წელს ხელისუფლების მიერ ჩვენს წინააღმდეგ წამოწყებულ საარბიტრაჟო დავის შედეგებთან. ჩვენს წარმომადგენლებთან შეხვედრის თაობაზე მათგან მიღებული მრავალგზის უარის მიუხედავად, სამინისტროს მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებებით, ახლა მიწვეულნი ვართ “მოლაპარაკების მაგიდასთან “, რათა მოვილაპარაკოთ ის “ პირობები, რომლის სფუძველზეც შესაძლებელი იქნება ჩვენის ბიზნესის საქართველოში დარჩენა“. გვინდა ხაზი გაუსვათ, აქ არაფერია მოსალაპარაკებელი.

ოც წელზე მეტია, რაც ვამაყობთ რომ ვართ საქართველოს კორპორატიული მოქალაქეები შეერთებული შტატებიდან. ამ პერიოდის განმავლობაში ნავთობისა და გაზის სამუშაოებში კახეთში განვახორციელეთ 500 მილიონ ა.შ.შ. დოლარზე მეტის ინვესტირება, გამოვიყენეთ მოწინავე ამერიკული ტექნოლოგიები, დავასაქმეთ ასობით ქართველი და ამერიკელი თანამშრომელი, საფუძველი ჩავუყარეთ საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის შესაძლებლობას.

ახლა, საქარველოს ხელისუფლებასთან ჩვენი კონტრაქტის სრული უგულვებელყოფით, სამინისტროს სურს თავს მოგვახვიოს ახალი “პირობები“, რათა დავრჩეთ საქართველოში. ზიანზე შეურაცხყოფის დამატებით, ამის გაკეთება არჩიეს საჯაროდ, ნაცვლად ჩვეულებრივი ბიზნეს კომუნიკაციისა. ჩვენი საქართველოში ყოფნის ორი ათწლეულისა და ორწლიანი იურიდიული დავის დასრულების შემდეგ, რომლის მიზანი ჩვენი კონტრაქტის შეწყვეტა იყო, ბიზნესის ასეთი ხერხით კეთება არის არაკეთილსინდისიერი. მაშინ როდესაც ჩვენი კომპანიის ხელმძღვანელობა ჰიუსტონში, ტეხასი, ა.შ.შ. კარგად არის ცნობილი სამინისტროსთვის და ძალიან ადვილია მათთვის ასეთი მნიშვნელოვანი შეტყობინების გაგზავნა პრესიდან ვეცნობით სამინისტროს მიზნებს და ეს მაშინ, როცა პირდაპირ კომუნიკაციას იყენებენ მხოლოდ შეხვედრებზე უარის სათქმელად.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაიცვას საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება, პატივი სცეს ჩვენი კონტრაქტის პირობებს და მოგვცეს შესაძლებლობა ვიმუშაოთ განუწყვეტელი მუქარის, დაშინების და ახალი პირობების გარეშე

იმედი გვაქვს მომავალშიც ბევრი კონსტრუქციული შეხვედრა გვექნება საქართველოს ხელისუფლებასთან ჩვენი კომპანიის მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, თუმცა კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენი კონტრაქტის შეწყვეტის არანაირი იურიდიული საფუძველი არ არსებობს. სამინისტროს საპირისპირო ინსინუაციები არის არასწორი. ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს და თავი შეიკავოს ჩვენი ბიზნესის და თანამშრომლების მიმართ განხორციელებული მუქარის, შევიწროვებასა და დაშინებისაგან. კონტრაქტის თვითნებურად შეწყვიტის ან გაუქმების ნებისმიერი მცდელობა, ან ჩვენი კომპანიის ნავთობის და გაზის ოპერაციების სხვაგვარად, ძალის გამოყენებით დაკავება და ჩამორთმევა იქნება ექსპროპრიაციის უკანონო, კრიმინალური აქტი და ექნება შესაბამისი რეაგირება,"- ნათქვამია Frontera-ს განცხადებაში. 

მინისტრის თქმით, სახელმწიფო მზად არის Frontera ნავთობისა და გაზის მოპოვების სექტორში ერთ-ერთ ინვესტორად შეინარჩუნოს, რისთვისაც კომპანიას მოლაპარაკებათა მაგიდასთან იწვევს. ნათია თურნავა აცხადებს, რომ Frontera-სთან მოლაპარაკებების მზადყოფნა მას აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ განუმტკიცდა.

"თითოეული ამერიკული ინვესტიცია ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამერიკულ ინვესტიციებს შორის არის კომპანია Frontera-ც, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ აქამდეც ცივილიზებულად ვიქცეოდით და როდესაც გაჩნდა კითხვები რამდენად სრულდებოდა ამ კომპანიის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები, ჩვენ ამ კითხვაზე პასუხი მივანდეთ საერთაშორისო არბიტრაჟს. საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებით ჩვენ პოზიტიური პასუხი მივიღეთ ქართული მხარის მიერ დასმულ პრაქტიკულად ყველა საკითხზე. ამას ადასტურებს ისიც, რომ 99% თავის სალიცენზიო არეალი ფრონტერამ დააბრუნა უკვე სახელმწიფო საკუთრებაში.

მაგრამ, ჩვენ ვართ მზად ძალიან პოზიტიური და საგნობრივი დიალოგისთვის, რომელიც შეეხება იმას, რომ კომპანია Frontera-ს მიეცემა შესაძლებლობა გააგრძელოს საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე იმ დარჩენილი სალიცენზიო არეალის ფარგლებში, რაც მას გააჩნია. ჩვენ მზად ვართ და მოქნილები ვართ ვისაუბროთ ვადებზე, ვისაუბროთ პირობებზე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით რომ იქ 90-მდე ადამიანი არის დასაქმებული. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ კომპანია Frontera-მ შეწყვიტოს არაფრისმომცემი საჯარო კამპანია და მიუსხდეს მოლაპარაკებების მაგიდას. ჯერ-ჯერობით ისინი თავს არიდებენ ჩვენთან სასაუბროდ მაგიდასთან დაჯდომას. მოვუწოდებ, ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომლებიც მათ აწუხებთ.

აშშ-ის ელჩთან შეხვედრამ განგვიმტკიცა ის პოზიტიური მზადყოფნა დიალოგისთვის, რაც Frontera-სთან მიმართებით ჩვენ ჩამოგვიყალიბდა. ჩვენ ხელში გვიჭირავს საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება და აქ კითხვის ნიშნები არ არის. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ შესაძლებლობას, რომ შევინარჩუნოთ კომპანია Frontera, როგორც ამერიკული ინვესტიცია, ელჩთან საუბარმა ჩვენ ეს გაგვიმტკიცა.
მოვუწოდებ Frontera-ს მობრძანდით, მივუსხდეთ მოლაპარაკებათა მაგიდას,"- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

ქართულ მხარესა და Frontera-ს შორის დავა საარბიტრაჟო ტრიბუნალში მიმდინარეობდა, სადაც საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო და ნავთობისა და გაზის კორპორაცია ამერიკულ კომპანიას 1997 წლის ხელშეკრულების დარღვევას ედავებოდა. საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ Frontera-მ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების ნაწილი ვერ შეასრულა. სასამართლოს გადაწყვეტილება საჯარო არაა, შესაბამისად საზოგადოებისთვის არაა ცნობილი ზუსტად GOGC-ის რა არგუმენტები გაიზიარა სასამართლომ და რა იყო ამ დავის დეტალები.