მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფულის გათეთრება ვერ დაგვიმტკიცეს... ყველაფერი ანაკლიის პროექტის ჩაგდებას ემსახურება - ხაზარაძე

61dea2f8dd267
ინგა მურუსიძე
12.01.22 13:56
768
"თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველაფერი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ჩაგდებას ემსახურება. 

"მიუხედავად სამწლიანი მცდელობისა, აბსურდული ბრალდება - ფულის გათეთრება ვერ დაგვიმტკიცეს. ახლა უნდათ ახალი ბოდვა დაგვაბრალონ. არ გამოგივათ!

ყველაფერი ეს საუკუნის პროექტის ანაკლიის ჩაგდებას ემსახურება და სამარცხვინოა ყველა, ვინც ამაში მონაწილეობს.

ბრძოლის პირველი რაუნდი მოგებულია, ასევე მოვიგებთ ყველა შემდეგ ბრძოლას სამართლიანი ქვეყნის მშენებლობისთვის, იმისთვის, რომ ამ მასკარადის მომწყობებთა შვილებმა არასდროს იგრძნონ ის, რაც ჩემმა შვილებმა განიცადეს ამ წლების განმავლობაში...

ანაკლიასაც ავაშენებთ, სამართლიან და გაერთიანებულ ქვეყანასაც! მადლობა ყველა გულშემატკივარს", - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელ facebook-ში თავის გვერდზე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარაძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა. განაჩენი მოსამართლე გიორგი არევაძემ დღეს გამართულ პროცესზე გამოაცხადა.

მათ სასამართლომ ბრალი გადაუკვალიფიცირა - პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლს დავობდა, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობდა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ არა ამ მუხლით, არამედ 180-ე მუხლით ცნო, რაც თაღლითობას გულისხმობს, თუმცა თაღლითობის მუხლი არის ხანდაზმული, რის გამოც ბრალდებულები თავისუფლები იქნებიან. პროკურატურამ მათ ბრალი 194-ე მუხლით მხოლოდ იმიტომ წაუყენა, რომ ეს მუხლი არ იყო ხანდაზმული და გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში მათ საპატიმრო სასჯელი ემუქრებოდათ, თუმცა ამ მუხლისთვის საჭირო მტკიცებულებათა არარსებობის გამო სასამართლომ სხვა განაჩენი მიიღო.