არბიტრაჟის გადაწყვეტილებით თავიდან ბოლომდე ხაზარაძე-ჯაფარიძის მხარე გამტყუნდა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.
"გაიმარჯვა სახელმწიფომ, რომელიც სამართლიანი წესებით მოქმედებს. ანაკლიის საქმე იყო თავისი შინაარსით ძალიან მარტივი, რადგან სახელმწიფომ ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმს ყველა პირობა შეუქმნა, იმისთვის რომ ინვესტორები მოეზიდათ და პროექტი განეხორციელებინათ.
კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი ანაკლიასთან დაკავშირებით, რომ კონსორციუმს ინვესტორების მოზიდვა გაადვილებოდა. საერთაშორისო არბიტრაჟმა სიმართლე დაადგინა, სადაც თავიდან ბოლომდე გამტყუნდა ხაზარაძე-ჯაფარიძის მხარე.
სტრატეგიული კუთხით ჩვენი ინტერესები ბოლომდე იქნება გათვალისწინებული, რაც ვერ გააკეთეს ხაზარაძე-ჯაფარიძემ, იმას აუცილებლად გააკეთებს ქართული სახელმწიფო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც იგი დეტალებს არ აზიარებს, მაგრამ წერს, რომ "არბიტრაჟის გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია".
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის იანვარში ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება ცალმხრივად გაწყვიტა, რასაც ინვესტორთა მხრიდან საარბიტრაჟო დავის დაწყება მოჰყვა. არბიტრაჟის დავის საგანი $1.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
ანაკლიის ქრონოლოგია - როგორ დაიწყო და რა ეტაპზეა საქართველოს უმსხვილესი პორტის პროექტი