მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაასწრო თუ არა სომხეთმა მშპ-ის დონით საქართველოს? - ნათია თურნავას პასუხი

5e16e9b0177e2
შოთა ტყეშელაშვილი
09.01.20 13:20
3230
დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ რეგიონის ქვეყნებთან მიმართებით საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელთან დაკავშირებით გააკეთა კომეტარი. ნათია თურნავას განცხადებით, ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები მცდარია, რადგანაც მათში არაა გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ 2019 წლის ნოემბერში საქართველომ მშპ-ის დათვლის მეთოდოლოგია შეცვალა, აღნიშნული კი ჯერ არაა გათვალისწინებული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ანგარიშებში. 

ნათა თურნავას განცხადება

"ეს არის მცდარი შეფასება, რადგან მასში არ არის გათვალისწინებული ელემენტარული მეთოდოლოგიური საკითხები. ზოგადად, ვიდრე რომელიმე პოლიტიკოსი ან ექსპერტი ასე ნიშნის მოგებით იჩქარებს და დაიწყებს საქართველოს შედარებას რეგიონის სხვა ქვეყნებთან, მე მოვუწოდებ, რომ გაეცნონ ელემენტარულად მეთოდოლოგიას. გეტყვით, რომ საქართველომ 2019 წლის ნოემბერში საქსტატმა მოახდინა ახალი მეთოდოლოგიის დანერგვა მთლიანი შიდა პროდუქტის დათვლის, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ასახული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის სავალუტო ფონდის მიმოხილვაში. ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებმა - აზერბაიჯანმა, სომხეთმა, უკრაინამ, მოლდოვამ, ასევე გააკეთეს საკუთარი მშპ-ის გადათვლა ახალი მეთოდოლოგიით, მაგრამ ეს მოხდა ცოტათი უფრო ადრე, შესაბამისად მათი მონაცემები უკვე აისახა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვაში. მერწმუნეთ იმ მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, ჩვენი კონსერვატიული შეფასებით, მშპ ერთ მოსახლეზე საქართველოში  $4,700 დოლარსაც მიაღწევს. შესაბამისად, სავალუტო ფონდის შემდეგ მიმოხილვაში აღნიშნული აისახება",- ამბობს ნათია თურნავა. 

დღესვე მშპ-სთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც ამბობს, რომ საქართველო რეგიონში მოწინავე პოზიციებს კარგავს. 

"ჩვენს რეგიონში უკვე დავკარგეთ ეკონომიკური პოზიცია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვახარებს მეზობელი ქვეყნების – სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმატებები, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია, სად იმყოფება საქართველო. 2013 წელს საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ მიმდინარე ფასებში 4 341 აშშ დოლარი იყო, როცა სომხეთის შემოსავალი იმავე წელს იყო $3 732. დაახლოებით $600–ით ვიყავით წინ. 2019 წელი რადიკალურად შეიცვალა და უკვე შარშანდელი მონაცემებით, საქართველო $250–ით ჩამორჩება ჩვენი მეზობელი ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებელს. 

საქართველოს ეკონომიკა გაჩერებულია და ბოლო 7 წლის განმავლობაში საქართველოში შიდა და საგარეო ვალი 2.5–ჯერ გაიზარდა და 22.5 მლრდ ლარს მიაღწია", – აღნიშნა ხაზარაძემ და დასძინა, რომ საქართველო რეგიონში ისევ ლიდერი გახდება მკაცრი და მიზანმიმართული რეფორმების ფონზე, რასაც "ლელო" გეგმავს. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც სომხეთმა მიმდინარე ფასებში ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობით საქართველოს გაასწრო. ფაშინიანს აღნიშნულის დასამტკიცებლად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებიც მოჰყავს, რომლის მიხედვითაც 2019 წლის მდგომარეობით მიმდინარე ფასებში სომხეთის მშპ ერთ მოსახლეზე $4,527-ს შეადგენდა, საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე კი ამაზე $238 დოლარით ნაკლები, $4,289 იყო. თავდაპირველად ფაშინიანის პოსტში ეწერა, რომ სომხეთმა მშპ-ის დონით აზერბაიჯანსაც გაუსწრო, თუმცა შემდგომში აღნიშნული პოსტი შეასწორა და დაწერა, რომ სომხეთს აზერბაიჯანისთვის 2019 წელს არ გაუსწრია, თუმცა IMF-ის პროგნოზით 2020 წელს გაუსწრებს. 

ნიკოლ ფაშინიანის პოსტი:

"საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ოფიციალურად დაადასტურა ფაქტი, რომ 2019 წლის შედეგებით ჩვენ საქართველოს გავუსწარით, 2020 წელს კი აზერბაიჯანსაც გავუსწრებთ. იხილეთ ბმული. 

P.S პოსტის პირველი ვერსია არასწორი იყო, რისთვისაც მე ბოდიშს ვიხდი. ჩვენ აზერბაიჯანისთვის არ გაგვისწრია, თუმცა მომდევნო წელს მათ გავუსწრებთ", - წერს ნიკოლ ფაშინიანი. 

2019 წლის 15 ნოემბერს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მთლიანი შიდა პროდუქტის დათვლის ახალი მეთოდოლოგიის - SNA 2008-ის დანერგვა დაიწყო. მანამდე საქართველო მშპ-ის ზომას SNA 1993-ის მეთოდოლოგიით ითვლიდა. ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლის შედეგად, შეიცვალა ის წესები, რომლითაც საქსტატი ცალკეულ ეკონომიკურ ოპერაციებს აღრიცხავს. ახალი მეთოდოლოგიის თავისებურებებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად ყველა ქვეყნის მშპ-ის მაჩვენებელი, რომელიც მასზე გადადის, იზრდება იმასთან შედარებით, რაც წინა მეთოდოლოგიით იყო დათვლილი. 

2019 წლის 15 ნოემბერს საქსტატმა ახალი მეთოდოლოგიით 2018 წლის გადათვლილი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედითაც საქართველოს ეკონომიკის ზომამ 44.6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა მეთოდით დათვლილ მაჩვენებელს 3.5 მილიარდი ლარით, ანუ 8.5%-ით აღემატებოდა. რაც შეეხება მშპ-ის დონეს, ის 2018 წლის მდგომარეობით $4,722-ს შეადგენდა, რაც სომხეთის მაჩვენებელზე მაღალია. თუმცა, აღნიშნული ცვლილება IMF-ის ანგარიშებში ასახული ჯერ არაა. 

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საქართველოზე რამდენიმე წლით ადრე ეროვნული ანგარიშების დათვლის SNA 2008-ის მეთოდოლოგიაზე გადავიდა სომხეთი. ახალი მეთოდოლოგიით გადაანგარიშების შედეგად სომხეთის მშპ-ის ზომა წინა მეთოდოლოგიით დათვლილთან შედარებით 6.5%-ით გაიზარდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკური მაჩვენებლების მონაცემთა ბაზას (World Economic Outlook) წელიწადში ორჯერ - აპრილსა და ოქტომბერში აახლებს. მონაცემები, რომლებიც ამჟამად არის ატვირთული ფონდის ვებგვერდზე, 2019 წლის ოქტომბერში არის გამოქვეყნებული. შესაბამისად ის საქართველოს შემთხვევაში, კვლავ SNA 1993-ის მეთოდოლოგიით დათვლილ მაჩვენებელს წარმოადგენს. 

მას შემდეგ, რაც სავალუტო ფონდი World Economic Outlook-ში მონაცემებს განაახლებს და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელს არა SNA 1993-ის მეთოდოლოგიით, არამედ SNA 2008-ის მეთოდოლოგიით დათვლილს გამოაქვეყნებს, მაღალი ალბათობით საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე სომხეთის მაჩვენებელს მიმდინარე ფასებშიც (Gross domestic product per capita, current prices U.S. dollars) გაასწრებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები