სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხოლოდ რუსეთზე დამოკიდებულება „სტრატეგიული შეცდომა“ იყო. როგორც ნიკოლ პაშინიანმა იტალიურ გამოცემა La Repubblica-სთან ინტერვიუში აღნიშნა, მოსკოვმა ვერ შეძლო უზრუნველეყო სომხეთის უსაფრთხოება აზერბაიჯანის მხრიდან წამოსული აგრესიის ფონზე მთიანი ყარაბაღის რეგიონში.
სომხეთის პრემიერის თქმით, რუსეთმა, რომელსაც სომხეთთან აქვს გაფორმებული თავდაცვის პაქტი და თან სომხეთის ტერიტორიაზე განთავსებული აქვს სამხედრო ბაზა, სომხეთი საკმარისად პრორუსულად ვერ მიიჩნია და „რეგიონის დატოვება“ გადაწყვიტა.
ამასთან, როგორც პაშინიანი აღნიშნავს, ოფიციალური ერევანი ცდილობს უსაფრთხოების წყაროების დივერსიფიცირებას, რაც ევროკავშირთან და აშშ-სთან დაახლოებაში, ასევე რეგიონში სხვა ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებაში გამოიხატება.