მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადაწყვეტილება კვლავ ჰაერში ტოვებს უსაფუძვლო ბრალდებას ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ - ანაკლიის კონსორციუმი

61dfdb68d9ccf
შოთა ტყეშელაშვილი
13.01.22 11:36
511
თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 იანვარს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განაჩენი გამოიტანა. მათ სასამართლომ ბრალი გადაუკვალიფიცირა - პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლს დავობდა, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობდა, თუმცა სასამართლომ  ბრალდებულები დამნაშავედ არა ამ მუხლით, არამედ 180-ე მუხლით ცნო, რაც თაღლითობას გულისხმობს. გადაწყვეტილებით, მათ 7-წლიანი პატიმრობაც მიესაჯათ, თუმცა ეს მუხლი არის ხანდაზმული, რის გამოც ბრალდებულები თავისუფლები იქნებიან. 

თავად მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის განცხადებით, ისინი ამ გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებენ და მისი გაუქმებისთვის იბრძოლებენ. განცხადება გაავრცელა პროკურატურამაც, რომელიც აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ. დღეს მომხდართან დაკავშირებით, განცხადება გამოაქვეყნა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა", რომელიც აღნიშნავს, რომ გუშინდელი გადაწყვეტილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებას კვლავ ჰაერში გამოკიდებულს ტოვებს. ასევე კონსორციუმი აღნიშნავს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ ბრალი მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელების ჩაშლას ემსახურებოდა. 

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადება:

„მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული სამწლიანი პოლიტიკური დევნის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მათ თავზე კვლავ ჰაერში გამოკიდებულს ტოვებს უსაფუძვლო სისხლისსამართლებრივ ბრალდებას. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე იყო და არის პოლიტიკური და მიმართული იმისკენ, რომ ჩავარდნილიყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.

ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური სახის შენარჩუნების მცდელობა ქართული სასამართლოსა და მთავრობის მიერ. სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის ბრალდება ფულის გათეთრების საფუძვლით, თუმცა თვითნებურად გადააკვალიფიცირა თაღლითობით, რისი კანონიერი საფუძველიც მას არ ჰქონდა. ეს შედეგი ფარსია, რადგან პროკურატურას ასეთ დანაშაულზე არ წარუდგენია ბრალი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის და სასამართლოზე ის არ განხილულა. ჩვენი გადასახედიდან, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მმართველი პარტიის განზრახვაა - ანაკლიის პროექტი არ განხორციელდეს, ან თუ გაგრძელდება, არა კონსორციუმის ინვესტორების მონაწილეობით.

საერთაშორისო საზოგადოებრიობა უდავოდ მიაქცევს ყურადღებას ამ გადაწყვეტილებას. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ თავდაპირველი ბრალდების უსაფუძვლობა ზედაპირზევე ნათელი იყო, რასაც ასევე ადასტურებდა სახალხო დამცველისა და Transparency International-საქართველოს დამოუკიდებელი დასკვნები. თუმცა ამან ვერ შეაჩერა მთავრობის მხრიდან სასამართლო პროცესში ჩარევის მცდელობები და ვერ უზრუნველყო სახელმწიფო სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში არსებული დარღვევების აღკვეთა.

ეს არის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური დევნის გაგრძელება, რამაც არსებითად დააზიანა კონსორციუმის საქმიანობა ანაკლიის პროექტის განვითარების მიმართულებით, რასაც მოჰყვა მთავრობის მიერ პროექტის უკანონო შეწყვეტა და შესაბამისი საარბიტრაჟო დავების დაწყება. სამწუხაროდ, სამართლიანობის ეს უკანასკნელი დაცინვა კიდევ ერთი ნაბიჯია იმის უზრუნველსაყოფად, რომ რეპუტაციულმა საერთაშორისო ფინანსურმა ჯგუფებმა არ განახორციელონ ინვესტიცია პროექტში.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილების ზიანის მომტანი შედეგები ნათელია: ამ პოლიტიკური ანგარიშსწორებითა და ანაკლიის პორტის პროექტისთვის ძირის გამოთხრით "ქართული ოცნების" მთავრობამ ასევე განდევნა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ზიანი მიაყენა საქართველოს ეკონომიკას. ეს იმ ფარსის გაგრძელებაა, რომლითაც მთავრობა ხელს უწყობს საინვესტიციო საზოგადოების, ევროკავშირისა და აშშ-ის მთავრობების და საკუთარი მოქალაქეების მოტყუებას ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებული, მისი ნამდვილი ზრახვების შესახებ. ანაკლიის პორტის პროექტის მისამართით დეკლარირებული მხარდაჭერის მიუხედავად, ბოლო სამი წლის განმავლობაში მთავრობის ქმედებებმა აჩვენა, რომ იგი აქტიურად აჩერებს ან ეწინააღმდეგება რაიმე პროგრესს დიდი ხნის ნანატრი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმართულებით. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმას უზრუნველყოფს, რომ კიდევ გაურკვეველი ვადით გადაიდოს ის დღე, როდესაც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” პორტის მშენებლობა/ოპერირების ხელშეკრულება გაწყვიტა, რასაც როგორც კონსორციუმის, ასევე, მისი ერთ-ერთი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვა მოჰყვა.

კონსორციუმი დავობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა მთელმა რიგმა დესტრუქციულმა ნაბიჯებმა ამ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება შეაჩერა, რამაც ინვესტორებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მოუტანა.

2020 წლის დეკემბერში ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ პროექტის შესახებ ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი ხელახლა უნდა მომზადდეს, სწორედ ამ დოკუმენტის მომზადების შემდეგ არის ნავარაუდები ახალი საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება. 2021 წლის განმავლობაში კი მთავრობა პროექტთან დაკავშირებით სხვადასხვა კომპანიისგან იღებდა საკონსულტაციო, მათ შორის იურიდიულ მომსახურებას, თუმცა უცნობია, როდის იგეგმება ახალი ტენდერის გამოცხადება და პროექტის რეალური განახლება.