მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადახედავს თუ არა "თბილისი ენერჯი" პურის მწარმოებლებისთვის გაზრდილ ტარიფს

62a7498998fbc
მარიამ ვარადაშვილი
14.06.22 09:45
711

“თბილისი ენერჯი”, ჯერჯერობით, არ აპირებს გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, სხვა კომერციული მომხმარებლის მსგავსად, ივლისიდან გაზის ტარიფი პურის მწარმოებელ საწარმოებსაც გაეზრდებათ.

“თბილისი ენერჯის” კომერციული დირექტორი ედიშერ ხორავა BMG-სთან ამბობს, რომ კომპანია კომერციულ აბონენტებს გაზს შედარებით იაფად აწვდის (ვიდრე რეგიონებში) და ასე იქნება გაძვირების შემდეგაც.

კომპანიამ 31 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 1-ელი ივლისიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 1.35 ლარით განისაზღვრება, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. ეს მოქმედ ტარიფთან შედარებით 25 თეთრით გაძვირებას ნიშნავს.

"დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ კომპანიას ფინანსურად არ აქვს საშუალება პურის მწარმოებლების სუბსიდირება საკუთარი რესურსების ხარჯზე გასწიოს, ამიტომ გამოვაცხადეთ გაზზე ტარიფის მატება. მომწოდებლებმა ბუნებრივ გაზზე ფასი გაზარდეს და იმხელაა ეს ზრდა, რომ კომპანიას მისი კონპენსირება არ შეუძლია და არც შეღავათების დაწესების საშუალებაც აქვს. რაც შეეხება კითხვას, ხომ არ გადაიხედება ეს გადაწყვეტილება, ამაზე პასუხია, რომ შესაძლებელია. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, ახლო მომავალში გაზის ფასის კუთხით როგორი მდგომარეობა იქნება, ასევე, როგორი იქნება ლარის გაცვლითი კურსი უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, ამიტომ თუ კომპანიას იმის ფინანსური შესაძლებლობა ექნება, რომ პურის საწარმოების მოხმარების სუბსიდირება გაწიოს და გარკვეული შეღავათი დააწესოს, ცხადია, ტარიფს გადავხედავთ”, - აცხადებს ხორავა.

კითხვაზე - დააანონსებული გაძვირების შემდეგ დაინტერესდა თუ არა მთავარობა რა გახდა კომერციული აბონენტებისთვის გაზის გაძვირების მიზეზი - „თბილისი ენერჯის“ კომერციული დირექტორი ამბობს, რომ მთავრობის მხრიდან მსგავსი კომუნიკაცია არ ყოფილა.

“ჩვენი ფინანსური მონაცემები ისედაც ცნობილია როგორც მარეგულირებელი კომისიისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის, ამიტომ დამატებითი კითხვები ტარიფთან დაკავშირებით არც იქნებოდა და არც უნდა იყოს. ჩვენი შესასყიდი ფასი ისედაც ცნობილია როგორც მარეგულირებისთვის ასევე სახელმწიფოსთვის. რასაც ვაცხადებდით ეს ამ მონაცემებიდან გამომდინარეობს. თუ ისეთ რამეს ვიტყოდი, რომელიც ჩვენ მიერ გასაჯაროებულ მონაცემებთან შეუსაბამო იქნებოდა, ამის უფლებას კომპანიას არავინ მისცემდა”, - ამბობს ხორავა.

“თბილისი ენერჯის” მსგავსად, არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის გაზის ტარიფი “სოკარმაც” გაზარდა. 23 თეთრით გაზრდის შემდეგ რეგიონებში გაზის საფაური 1.38 ლარი იქნება დღგ-ს ჩათვლით, თუმცა თბილისისგან განსხვავებით, რეგიონებში პურის საწარმოებისთვის გაზის ტარიფი 1.15 ლარი იქნება - დღეს მოქმედი ტარიფი 0.95 ლარია.