მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაძვირებული ტრანსპორტირება და პროდუქცია - რატომ იზრდება ჯანდაცვის ფასები საქართველოში?

6182a6d8886b4
სალომე მეცხვარიშვილი
03.11.21 20:30
1009
მიმდინარე წლის ოქტომბერში ფასები წინა წელთან შედარებით 12.8%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, ოქტომბერში წინა წელთან შედარებით სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 18.4%-ით გაძვირდა. ბოსტნეულის ფასმა 43%-ით მოიმატა, ზეთი 32%-ით გაძვირდა, პური კი 19%-ით მეტი ღირს, ვიდრე გასული წლის ოქტომბერში.

საქართველოს მოქალაქეებს გაუძვირდათ სამედიცინო მომსახურებებიც. ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები ერთ წელში 8.4%-ით არის მომატებული. ზრდა ფიქსირდება სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის, საავადმყოფოებისა და ამბულატორიული მომსახურების სეგმენტში. ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი მაია მახარაშვილი ამბობს, რომ სამედიცინო მომსახურება მათთან არ გაძვირებულა, მაგრამ ფასების მატება შეეხო აღჭურვილობას, რომელსაც სხვა ქვეყნებში ყიდულობენ.

“ვერ ვიტყოდი, რომ მედიკამენტებზე, რომლებსაც სტაციონარი იყენებს, ფასები მომატებულია. პირობითად, ანტიბიოტიკებში არ არის ფასების ცვლილება.

ყველაზე მეტად გაძვირება აისახა სამედიცინო აპარატურაზე, არ ვგულისხმობ მაღალტექნოლოგიურ დანადგარებს, არამედ საუბარია ელემენტარულ აღჭურვილობაზე, რომლებიც ხშირად ზიანდება და გამოცვლას საჭიროებს. მაგალითად, მონიტორების ფასები ვარირებდა 200-350 დოლარის ფარგლებში, ახლა ეს ღირს 350-დან 500 დოლარამდე.

ერთია, რომ დოლარში დანადგარების ღირებულება გაიზარდა და მეორეა, რომ ლარის გაუფასურების გამო უფრო მეტის გადახდა გვიწევს ამ ყველაფერში, რადგან ჩვენი შემოსავალი ლარშია, აღჭურვილობას კი ძირითადად უცხოეთში ვყიდულობთ, შესაბამისად, დოლარსა და ევროში გვიწევს თანხების გადახდა.
გაძვირებულია ქვეყანაში ტრანსპორტირებაც, ეს აისახება საწოლების ფასზე, რომლებიც დიდი მოცულობის არის და შემოტანისას საკმაოდ ძვირი ჯდება”,- ამბობს მაია მახარაშვილი.